დაბადების დღე
ასმეშვიდე აუდიტორიაში ქრისტეს ტირილი იდგა. პოლიტეკონომიას თვითონ პატივცემული პროფესორი, კასიანე გოგიჩაიშვილი იბარებდა. ეს ამბავი მოულოდნელი არ იყო ჩვენთვის და არც ერთ ჩვენთაგანს ამის დარდი არ ჰქონია, მაგრამ როდესაც აუდიტორიიდან ლოყებდაკო- ხილი ლუბა ნოდია გამოვიდა და გვითხრა, ყველაფერი ეყურებაო, გავშრით. ვინ იფიქრებდა, რომ ამ სათნოებით სავსე, ყრუ კაცს, რომლისთვისაც გამოცდაზე მერკანტილიზმის ნაცვლად იონჯის ფესვთა სისტემა რომ მოგეყოლა, მაინც ხუთიანს წერდა, სწორედ წელს, საგაზაფხულო სესიებზე, დაუბრუნდებოდა სმენა. ამ ამბის შემდეგ პირადად ჩემთვის გამოცდა დამთავრებული იყო, მაგრამ ცნობისმოყვარეო- ბამ წამძლია და ლუბას მივვარდი, რომელიც გადამწიფებული ნესვივით გაყვითლებულიყო და მატრიკულში ჩაწერილ ორიანს დაშტერებოდა.
– რაო, გოგო? – ვკითხე ლუბას და სახელო მოვქაჩე.
– რა ვუყო ახლა ამას? – თქვა ლუბამ და უაზრო თვალები მომაშტერა.
– კი მაგრამ, არ იცოდა მაგ ოჯახდანგრეულმა, მატრიკულში ორი რომ არ იწერება? – ჰკითხა გურამმა.
– ვუთხარი და ასე მიპასუხა, აბა, რა ვიცი, გოგონი, ჩემს სიცოცხლეში პირველად ვწერ ორიანსო, რა ვქნა ახლა მე? – ისევ იკითხა ლუბამ და თვალები ცრემლით აევსო.
– მაინც რა შეგხვდა? – ჰკითხა გურამმა.
– პირველი, საქონლის წრებრუნვა, მეორე, ფულის ინფლაცია, მესამე, აღარ მახსოვს...
– ვერაფერი ვერ უპასუხე? – დავიწყე! – რა? – როგორც შარშან, ამ ზაფხულს სოფელში ვიყავი, ბებიას ვეხმარებოდი ბოსტნის დამუშავებაში-მეთქი, ბებიაჩემი ძალიან კეთილი ქალია-მეთქი... ჰოდა, ბებიაშენი დაგიწერს ნიშანსო, ასე მითხრა. – დაამთავრა ლუბამ და მატრიკულზე დაემხო.
აუდიტორიის კარი გაიღო და ჩვენი ჯგუფის მამასახლისმა სია წაიკითხა: – ბარამიძე, ჭიჭინაძე, შემოდით! – ბ-ს მერე ჭ-ა, დეგენერატო? – ჰკითხა გურამმა.
– ერთი ქვევიდან, ერთი ზევიდანო! – განმარტა ეფრემმა და გადმოცვენილი თვალებით აუდიტორიისაკენ მიგვითითა, ვითომდა რა ჩემი ბრალია, პროფესორმა ასე თქვაო. მე არ ვიცი, რა ჰქვია ისეთ ავადმყოფობას, როდესაც გული ყელში ამოვარდება, ენა მუცელში ჩავარდება, შუბლზე ცივი ოფლი დაგასხამს, მუხლები მოგეკვეთება, ხელები აგიკანკალდება და თვალები დაგიბნელდება, მაგრამ როდესაც გადავხედე გურამს, რომელიც ვეებერთელა ცხვირსახოცით შუბლსა და ხელებს იმშრალებდა და გამხმარ ტუჩებს ილოკავდა, მივხვდი, რომ ეს ავადმყოფობა გადამდები იყო.
აუდიტორიაში ფეხაკრეფით შევედით. პროფესორი მწვანე მაუდგადა- ფარებულ მაგიდას უჯდა და იღიმებოდა. მას ოქროსვარაყიანი, სქელშუშიანი სათვალე ეკეთა, რომლის ორთავე ყურში შეკვეხებული ბოლოები ჩვენს დამღუპველ ორ პატარა მემბრანას უერთდებოდა.
– დაბრძანდით! – მიგვიპატიჟა მან. ჩვენ ადგილიდან არ დავძრულვართ.
– თქვენ ყურს ხომ არ გაკლიათ?.. მობრძანდით და დაბრძანდით! – ისევ მიგვიწვია პროფესორმა, მაგიდას მივუსხედით, რომელზეც სასიკვდილო განაჩენივით ეყარა ხელისგულის სიფართე თეთრი, ჯერ თითქმის უხმარი საგამოცდო ბილეთები.
– აიღეთ ბილეთები და მოიფიქრეთ! – გვთხოვა პროფესორმა.
მე ავიღე ბილეთი და ვიდრე გადმოვაბრუნებდი, უკვე ვიცოდი, რომ ეს იყო ის ბილეთი, რომელზე ფიქრიც სიკვდილამდე არ მომბეზრდებოდა. გურამმაც აიღო ბილეთი, დახედა და შავნაბადაზე შესაწირავად აყვანილი მოზვერივით მომაპყრო სევდიანი თვალები.
– თქვენი სახელი და გვარი? – მკითხა პროფესორმა.
– ბარამიძე თეიმურაზი. – ვუპასუხე პირველ კითხვაზე. პროფესორმა პასუხი უბის წიგნაკში ჩაიწერა.
– თქვენი? – მიუბრუნდა გურამს.
– ჭიჭინაძე გურამი. – ასევე ყოჩაღად უპასუხა გურამმა. პროფესორმა ისიც ჩაიწერა. მე და გურამი, როგორც ეს გამოცდაზეა მიღებული, ერთმანეთისგან მოშორებით დავჯექით. მე საოცარი გულგრილობით დავიწყე ბილეთის კითხვა. პირველი კითხვა იყო – მიწის რენტა.
– ხომ არ დაიწყებთ? – მკითხა უცებ პროფესორმა.
– რატომაც არა! – ვუპასუხე მე, გურამმა გაკვირვებისაგან პირი დააღო.
– აბა, დაიწყეთ! – გაუხარდა პროფესორს.
– მიწის რენტა. მიწა კაპიტალისტურ ქვეყნებში იყიდება, საერთოდ, იქ ყველაფერი იყიდება, სინდისიც კი, სინდისი, რა თქმა უნდა, იაფად, რენტა არის მიწის გადასახადი. კაპიტალისტურ ქვეყნებში გადასახადი ძალიან მაღალია, გლეხები გმინავენ სამხედრო გადასახადების გამო, რადგან კაპიტალისტები იარაღს აჟღარუნებენ. შეიარაღებას დიდი ხარჯი უნდა... დიდ ხარჯს – ბევრი ფული, ბევრ ფულს შოვნა უნდა, საიდან? გვეკითხება მოვლენათა ლოგიკა, რა თქმა უნდა, გადასახადებისაგან.
– რა გქვიათ თქვენ, ახალგაზრდავ? – შემაწყვეტინა პროფესორმა.
– თემო, ბატონო! – ჩემს ლექციებს თუ ესწრებოდით? – როგორ გეკადრებათ, პატივცემულო! – მეწყინა მე.
– რატომღაც არ მახსოვხარ, თქვენ კი, საერთოდ, არ გიცნობთ! – მიუბრუნდა იგი გურამს.
– ჩვენ გიცნობთ შესანიშნავად, პატივცემულო ლექტორო, თქვენ კასიანე გოგიჩაიშვილი ბრძანდებით, ყველასათვის საყვარელი პროფე- სორი... თქვენ ჩვენი სიამაყე ხართ, თქვენს ლექციას ვინ გააცდენს, თქვენს ლექციებს კი არ ვიწერთ, ვყლაპავთ, – ჩავარდა ექსტაზში გურამი.
–