ნათელი წერტილი
ირაკლი სამსონაძემ გადაწყვიტა თავისი ყურადღების “ოპტიკურ ველში” ბოლოდროინდელი (იგულისხმება ათწლეული და მეტიც) მოვლენების მთელი კალეიდოსკოპური სიჭრელე მოექცია. და მან ეს შეძლო. შეძლო, ვინაიდან თვითრეფლექსიის გზა აირჩია და თხრობის ინტონაციასაც მარჯვედ მიაგნო. მან გადალახა ის მიჯნა, რომლის გადალახვაც ყველაზე უფრო უჭირთ შედარებით ახალგაზრდა თაობის მწერლებს და რომლის შემდეგაც საკუთარი პიროვნული გამოცდილების (ეს გამოცდილება უნდა არსებობდეს) სრულიად გულახდილი გამომზეურება იწყება. ეს გულახდილობაზე მეტიც არის: სასოწარკვეთილებამდე მისული ჟინი სიმართლის მთქმელობისა.
საგანგებოდ მინდა შევჩერდე თხრობის თავისებურებაზე. “ყურთბალიშის” თხრობა მიმდინარეობს პირველ პირში და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთხრობელი თავის არსების სიღრმეში აფიქსირებს გარე და შიდა მოვლენებს. მთხრობელის ობიექტივში ექცევა შეგრძნებებიც, რეფლექსიაც, ემპირიულ პლანში მომხდარი ამბებიც. თხრობა “ცნობიერების ნაკადის” თვითდინებას არის მინდობილი. მაგრამ ამ თვითდინებას მთლად “ცნობიერების ნაკადი” ვერ დაერქმევა, რადგან გარკვეული სიუჟეტური ზიგზაგი, მოვლენათა განვითარების ლოგიკა, თავისებური თანმიმდევრობაც ასახავს.
ამ მოთხრობაში არის პასაჟები, რომლებიც ემოციური ძაბვით, გამომსახველობით, თხრობის ექსპრესიით მთელი ნაწარმოების სათქმელს იტევს. ეს ფაქტობრივად ჩაწნეხილი, უაღრესად ხელშესახები, მკვეთრად რელიეფური ფრაგმენტებია. ასეთია ცოლ-ქმრის კონფლიქტის სცენა. ასეთივეა მათი “სასიყვარულო” ღამე, “ადადღანებული “დვიჟოკების” ხმაურში”. ამას მოსდევს ფსიქოლოგიურად უაღრესად ზუსტი ფრაზები: “ზამთრის ცივ ღამეებში მე და ქეთინოს სიყვარულის ვალი გვაწუხებს. თუ იმ ღამეს არ გვიყვარს ერთმანეთი, უსიყვარულოდ ჩავლილი ღამე გვაწუხებს”. აქვეა ნაგავსაყრელის, ვახოსთან კონფლიქტის, კედელზე ჩამოსაკიდებელი ბათინკების, თირკმელის გაყიდვის ეპიზოდები.
ეს ფრაგმენტები შემჭიდროებული პროზის ნიმუშებია. აქ ყოველი წვრილმანი, საგანი თუ უბრალო ნივთი “მსხვილი პლანით” არის დახატული. იგივეა აფხაზეთის ეპიზოდშიც. ეს ცალკეული პასაჟები კი მოთხრობის საერთო სტრუქტურაში ისეა განლაგებული, რომ ერთი ინტონაციის, ერთი განწყობილების, თხრობის ერთი ტონალობის მთლიანობას ქმნის.
მოთხრობაში შემოჭრილი ზოგიერთი პერსონაჟი თუ დეტალი ფონის ფუნქციას ასრულებს და ამ ფონზე უფრო მკაფიოდ იკვეთება მწერლის, ე.ი. მთავარი გმირის და ვახოს ხასიათის კონტურები. ასეთია ანდრო, რომელმაც ჩეხი გოგო მოიყვანა და “ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გაასწრო”. მსგავსი ტიპი ჩვენს რეალობაში მართლაც არსებობდა და არსებობს. რა შეიძლება მას ეწოდოს - კონფორმისტი, ინტრიგანი, “რაციონალური ადამიანი” - ეს ცალკე საკითხია. მთავარი ისაა, რომ რეალობის თარგზე გამოჭრილი პერსონაჟი გამორჩეულ ადგილს იჭერს ჭრელ კალეიდოსკოპში. თუ მაინცდამაინც ერთი სიტყვით უნდა დავახასიათოთ ანდრო, - ის ნიჰილისტია.
მწერალი, ე.ი. მთავარი გმირი და ვახო მრავალი ნიშნით ერთნაირი ადამიანები არიან. ისინი უპირველეს ყოვლისა, სწორედ ანდროს მსგავსი ნიჰილისტების ანტიპოდებს წარმოადგენენ. ეს ადამიანები უმიზნოდ და უადგილოდ დარჩნენ თავიანთ სამშობლოში. ისინი დაფეთებულებივით აწყდებიან აქეთ-იქით არა მარტო სარჩო-საბადებლის, არამედ უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობის მოსაპოვებლად, რაც თვალსა და ხელს შუა გაქრა. რა არის ეს, თუ არა პიროვნული ღირსების გრძნობა, რწმენა, სიმართლისმაძიებლობა, ე.ი. ყოველივე ის, რაც ადამიანს, ამ რთულ არსებას, სასიცოცხლოდ საკვებზე არანაკლებ სჭირდება...
ჩემი მიზანი არ არის ირაკლი სამსონაძის “ყურთბალიშის” დეტალური ანალიზი. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის ჰაერში დენთის სუნივით ტრიალებდა აუცილებლობა ამგვარი ნაწარმოების შექმნისა. მე არ ვიცოდი, ვინ იქნებოდა მისი ავტორი, მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან ეს ნაწარმოები შეიქმნებოდა. და შეიქმნა კიდეც! ავტორი კი ჩემი თაობის, ორმოც წელს გადაცილებული კაცი გამოდგა. ესეც კანონზომიერია, ვინაიდან ხხ საუკუნის მიწურულიდან დღემდე მომხდარი უბედურებანი ყველაზე მეტად ჩვენმა თაობამ იწვნია თავის ტყავზე.
თავს ვერ ვიკავებ, რომ არ მოვიყვანო ზოგიერთი ციტატა ირაკლი სამსონაძის მოთხრობიდან, სადაც ყოველგვარი სიდუხჭირის ფონზე ჩვენი ყოფისთვის ყველაზე ტიპური პოლიტიკური ავანტიურიზმის სურათია ნაჩვენები. ზის სავარძელში მოთხრობის მთავარი გმირი, პატიოსანი კაცი, რწმენადაკარგული, ულუკმაპურო, ჯიბეგამოფხავებული და უყურებს ტელევიზორში, ორი ავანტიურისტი როგორ ადენს ბდღვირს ერთმანეთს: “გამაოგნებელი თავდაჯერება საკუთარ სიმართლეში. მართალია, ძალიან მართალია. უაღრესად მართალია. ესეც. ისიც. უფსკრულის პირას მდგარ სამშობლოს ამის პარტია თუ გადაარჩენს. ნურას უკაცრავად. უფსკრულის პირას მდგარ სამშობლოს ამის კი არა, იმის პარტია გადაარჩენს. არაფერიც! - ამის! არა-მეთქი - იმის! ლაყაფი. ლაყაფი. ლაყაფი. ამათ ლაყაფს მიჩერებული კაცი, ძალაუნებურად ვიღაცის მხარეზე დგება. ამ წუთიდან იგი პოტენციური ნადავლია. ელექტორატის ერთი ერთეული, ელექტორატის ერთი ნაწიბური”.
ირაკლი სამსონაძის “ყურთბალიში”, ჩემი აზრით, ქრესტომათიული ნაწარმოებია. ეს მოთხრობა არა მარტო მხატვრის, არამედ გამჭრიახი და უაღრესად გულისხმიერი კაცის დაწერილია. მან მძაფრად, სისხლხორცეულად იგრძნო, რომ დღევანდელ ვითარებაში თითოეული ჩვენგანი ნადავლია. ნადავლის სიცოცხლე კი გაუფასურებულია, აფხაზეთში დაღუპულ იმ ოცდაერთი წლის ბიჭივით, რომლის სურათიც ტელეეკრანზე “სპარსული ხალიჩების სარეკლამო განცხადებასა და დუბაიში ჩარტერული რეისით