წინასიტყვაობა
ყველა დიდ ოჯახს გააჩნია გული, კერა, ცენტრი, ბირთვი - უწოდეთ, რაც გინდათ. ვგულისხმობ სათავე ადგილს, საიდანაც ყველანი გაიყვნენ, წავიდ-წამოვიდნენ, საკუთარი გზები იპოვეს, საკუთარი სახლები აიშენეს, საკუთარი რელიქვიების შეგროვება და გამოფენა დაიწყეს, სახლი-გული კი მოგონებებში დაიტოვეს როგორც ნივთიერი მტკიცებულება საერთო წარსულის, როგორც ძალიან საზიაროს, ძალიან დაცულის, უსაფრთხოს და ტკბილის; მტკიცებულება დროის, როცა ყველანი ერთად იყვნენ - დიდიც და პატარაც და, ერთმანეთის სიყვარულის გამო, არაფრის ეშინოდათ.
სახლი-გული წლების შემდეგ, როგორც წესი, მხოლოდ მოგონებებში აგრძელებს არსებობას. ის ან იყოფა, ან იყიდება, იცლება, ანდა იცვლება ხოლმე. ეს ხდება მალევე მას შემდეგ, რაც ოჯახის უხუცესი წევრები გარდაიცვლებიან. სახლი-გული ამ დროს იძარცვება კიდეც. ესაა ყველაზე სევდიანი, მაგრამ ყველაზე გარდაუვალი ძარცვაც: სახლიდან ყველას თავისი საყვარელი ნივთები მიაქვს. ბევრი არ აღიარებს - სენტიმენტალურობა არ დამწამონო, ბევრს კი სწორედ იმით მოაქვს თავი, რომ წასაღებ ნივთებს მხოლოდ მათი ემოციური ფასით არჩევს და არა - იუველირის დასკვნით.
ვერცხლის კოვზი, ოქროს მაჯის საათი, ლალისთვლიანი ბეჭედი, ყურმოტეხილი „კუზნეცოვის“ საშაქრე, მელხიორის საკანფეტე, უბრალოზე უბრალო შავი თავშალი, სსრკპ-ს მედლები, შავი ცილინდრი, გაცრეცილი, ღვინის ლაქებიანი სუფრა, რედიკული და ამ რედიკულში ჩაკეცილი, კვლავაც გატკიცინებული ცხვირსახოცი, იქვე ოთხად გადაკეცილი უჯრედებიანი ფურცელი და ზედ შენი, საკუთარი, ოკრო-ბოკრო ასოებით გამოყვანილი - „წერილი ბებოს და ბაბუს“.
ამ ნივთებს შორის ხშირად ხვდება ხოლმე დედის ან ბებოს რეცეპტების რვეული ან წიგნი - გაქონილი, დასანთლული, კიდეებზე ტელეფონის ნომერმიწერილი, შენი ან შენი ძმის ნახატებით გაფორმებული; ფურცლებს შუა ჩარჩენილი ოცდაათი წლის წინანდელი ელექტროენერგიის ქვითრით, ანდა - ბინაზე გამოძახებული პედიატრის დასკვნით.
ასეთი წიგნები, დამიჯერეთ, სახლი-გულიდან გამოყოლილ მოგონებებს ყველაზე ცინცხლად ინახავს. რადგან ამ მოგონებებს თან მოჰყვება სუნი - თითოეული შინ გამომცხვარი ქადის თუ კარტოფილის ღვეზელის, ხაჭოს ხაჭაპურის თუ მაგიდაზე დიდი თასით შემოდგმული თეთრი ბლის მურაბის. ამ წიგნიდან გადმოსული მოგონებები იზილება, იბრაწება, იხარშება, ცხვება და მართლა გაბრუნებს უკან, იქ, იმ სახლში, სადაც ყველანი ერთად ცხოვრობდით, ტკბილად, უსაფრთხოდ და საზიაროდ.
რატომღაც მგონია, რომ წინამდებარე წიგნი მანანა ჯორჯაძის ასული გეხტმანისთვის თავისი ეპოქის ბესტსელერი კი არა, ზუსტად ამ მოგონებების მატარებელი, დამცველი და მაცოცხლებელი წიგნი იყო. ამ წიგნის ფურცლებში სუნთქავდა დედა - ოდნავ უკმეხი და პირში მთქმელი, მაგრამ ამავე დროს ძალიან კეთილი, თბილი და გამრჯე დედა, რომელიც ბევრს წერდა, ბევრს აცხობდა, ფიქრობდა, ბრაწავდა; უვლიდა, ღებავდა, ოცნებობდა, წურავდა, გეგმავდა, აფუებდა, შფოთავდა, აბრტყელებდა, ზრუნავდა და მერე ისევ ყველაფერს თავიდან.
მანანას დედამ, ბარბარე ჯორჯაძემ, „სრული სამზარეულო“ 1874 წელს გამოაქვეყნა. მას შემდეგ წიგნის კიდევ ორი ტირაჟი გამოსულა 1900-იანი წლების პირველ ნახევრამდე. 1914 წელს კი დედის რეცეპტების (და არამხოლოდ) კრებული შვილმა შეავსო, როგორც თავად წერს, უსარგებლო (დრომოჭმული) დეტალები ამოიღო, ახალი რეცეპტები (ევროპიულები) კი დაუმატა.
სწორედ 1914 წლის გამოცემის რეპრინტი - 1988 წელს უცვლელად გადმობეჭდილი წიგნი მაჩუქა ჩემი შვილების ბებიდამ და ჩემმა უძვირფასესმა მეგობარმა რამდენიმე წლის წინ. ჩანთაში ჩავიდე და დიდხანს თან ვატარე - ბედნიერმა იმით, რომ ახლა უკვე მეც მქონდა ბარბარე ჯორჯაძის „სრული სამზარეულოს“ საკუთარი ეგზემპლარი. წიგნი, რომელიც ქართული ეთნოგრაფიის, თუ სოციალურ-ეკონომიკური ვითარების საკვლევად ნამდვილი საბადო მგონია.
ეს ერთგვარი ბიბლიოგრაფიული იშვიათობა, ახლა უკვე თქვენს ხელშია. აჰკიდეთ მას მისია, რომელსაც ოჯახურ რელიქვიებად ქცეული რეცეპტების წიგნები ასრულებენ ხოლმე. გააცოცხლეთ ბარბარეს კერძები, მისი ზედსართავები და ზმნები, მისი ბარბარიზმები და დღეს ცოტათი ღიმილს მომგვრელი ქართული შესატყვისები, მისი რჩევები და იდეები და ნახავთ, რომ ძალაუნებურად გააცოცხლებთ მეცხრამეტე საუკუნის თბილისს, მთელი თავისი ყოფითი კულტურით - ყავის სმით, თუ ღვინის წურვით, შოკოლადის მოდუღებითა თუ ძმრის დაყენებით, ბაზრითა თუ აფთიაქით, ჩეროში გასახმობად გაშლილი შინდის ჩურჩითა და „ცხარე მზის“ გულზე გასაშრობად გაფენილი შეღებილი ძაფებით... მოკლედ, გაშალეთ ბარბარეს წიგნი და გააცოცხლეთ ზუსტად ის სახლი-გული, საიდანაც ჩვენი ქალაქი მოდის, იყოფა და მრავლდება.
თამარ ბაბუაძე