წინასიტყვაობა
ელენე ამირეჯიბი-სტავინსკას „ანტიკულინარიული წიგნი“ ვარშავაში 2007 წელს დაიბეჭდა და პოლონეთის კრიტიკოსების პრემიითა და მკითხველთა დიდი აღიარებით დაჯილდოვდა და დიპლომირებულ იქნა „წლის საუკეთესო წიგნად“.
პოლონეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, მწერალი, მრავალი საერთაშორისო კინო-ფესტივალის ლაურიატი ორმოცდაათ წელიწადზე მეტი ვარშავაში ცხოვრობდა და ვარშავის კინოსტუდიის დოკუმენტური ფილმების აღორძინებაში მონაწილეობდა. მეუღლის - დიდი პოლონელი მწერლის, დრამატურგის, საზოგადო მოღვაწისა და სამამულო ომის „პოლონეთის წინააღმდეგობის ფრონტის“ გმირის იეჟი სტეფან სტავინსკის გარდაცვალების შემდეგ, ქალბატონი ელენე 2011 წელს საქართველოში დაბრუნდა და ძმიშვილთან - რუსუდან ამირეჯიბთან ერთად ეს წიგნი ქართულ ენაზე დასაბეჭდათ მოამზადა.
პოლონელი მკითხველი არამარტო ქართული თვითმყოფადი არქიტექტონიკის წიგნს გაეცნო, რომელშიც დოკუმენტური პროზა ენაცვლება ლირიულ ჩანახატებს, სინამდვილე ფანტაზიას, იუმორი სატირას ქართული კერძების რეცეპტების ფონზე, არამედ შეიგრძნობს XX საუკუნის სისხლიან ქარტეხილებს, ქართული საზოგადოების დაცემებს და აღმაფრენებს, გმირობებსა და ღალატს, ღირსებას, რომელმაც თაობები გადაარჩინა.
წიგნში ჰარმონიულად არის შერწყმული რეალობა, კონკრეტული და გამოგონილი პერსონაჟები, თავად - აზნაურთა ოჯახების გენოციდი, სისხლიანი ქრონიკების სისასტიკე რუსული ბოლშევიზმის გამარჯვების ფონზე და ფიქრები აწმყოზე და მომავალზე.
ესკიზურად, მაგრამ ძალზედ საინტერესოდ გაცოცხლდება მაიაკოვსკი, ბალმონტი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ყანჩელი, ლიზა ორბელიანი, თამარ ყანჩელი, მარიკა და ნინა ამირეჯიბები, მზარეული ვარდენი, სვეტლოვი და მისი მეუღლე როდამ ამირეჯიბი, ლავრენტი ბერიას მორწმუნე და დატანჯული დედა, არაერთი ქართველი ცნობილი თუ უცნობი რეჟისორი, სცენარისტი და ეს მრავალფეროვანი მოზაიკა გვიახლოვებს წარსულის მაჯისცემას, ჩვენი წინაპრების ნიჭს, ზნეობას, ტრადიციას, უდრეკ სულისკვეთებას საბჭოთა კავშირის „ხალხთა ძმურ ოჯახში.“
ავტორის - ბავშვის თვალით დანახული 1920-30-40-50 წლების საქართველო, საზოგადოება, რომელიც მუდმივი შიშის, ღამის აყვანების, ტოტალური დასმენების, მოაზროვნე ინტელიგენციისადმი ზიზღის, შავი მანქანების - სიკვდილის ეშელონების, მიუხედავად ცოცხლობდა, აზროვნებდა და ქმნიდა შედევრებს.
„ხალხის მტრების“ ძიება, ფსიქიატრიული სასაკლაოები, ღირსებისა და ზნეობის შელახვა, დიქტატურის აპოლოგია დაუშვებელია - გვიგზავნის ავტორი შეტყობინებას ჩვენ - XXლ საუკუნის ქართველებს და არაქართველებს.
წიგნი საცივის, ლობიოს, მაწვნის შეჭამანდის, ფლავის, კატლეტების, ჩურჩხელის, ტოლმის თუ სხვა ქართული კერძების რეცეპტებთან ერთად მკითხველს აცნობს კონკრეტულ და გამოგონილ პერსონაჟებს, ავტორის გულისთქმა არის უშუალო და ამაღლებული, მასში ქართული სისხლი ჩქეფს, ის დიდი ოჯახური ტრადიციების პირმშოა და მკითხველს უახლოებს არამარტო უბედური ბავშვობისა და ნათესავების პორტრეტებს, არამედ იმ საზოგადოების წევრებს, რომლებმაც შეგვინარჩუნეს საქართველო. ეს წიგნი აღსარებაა, წინაპრებისა და სამშობლოს მიმართ მადლიერებაა, მზერა მიმართული მომავლისაკენ, ხილული და უხილავი კავშირი მისთვის ძვირფასი პოლონეთისა და საქართველოს შორის.