შესავალი შესავალი
ახალი გამოცემისათვის
როცა გამომცემლობა `რიცოლიმ~ სამზარეულოს წიგნის ხელახლა გამოქვეყნება შემომთავაზა, მაშინვე ავდექი და პირადი ბიბლიოთეკიდან ეს, 1971 წელს გამოცემული წიგნი ავიღე, რომელიც დიდი ხანია აღარც კი გადამეშალა. ამ წიგნის გადაფურცვლა, ჩემთვის წარსულში ჩაყურყუმალავების ტოლფასი აღმოჩნდა:გამახსენდა ყველა მაშინდელი სურნელი და ადგილი, ბევრი ის მეგობარი და კოლეგა,რომელიც რეცეპტსა და რეცეპტს შორის მყავდა ნახსენები და მკითხველისათვის გაცნობილი. ასე, რომ სიხარულით დავთანხმდი შემოთავაზებას და გამომცემლის რჩევას: უცვლელად დამეტოვებინა არა მხოლოდ რეცეპტები, არამედ სტილიც, რომლითაც წიგნი დავწერე.
რა თქმა უნდა, 1971 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. კინოს მაშინდელი ვარსკვლავები, როგორიცაა მაგალითად კერი გრანტი და კლარკ გეიბლი, ისევ ისეთი მომხიბვლელები აღარ არიან, ასევე ძალიან ცოტანი დარჩნენ ისინიც, ვინც სტუმრებისათვის სადილს საკუთარი ხელით ამზადებს. ომის სიძნელეებიც შორს დარჩა, ისევე როგორც ეკონომიკური ბუმი. ახლა იტალიელი ქალები სრულად ემანსიპირებულები არიან და გენდერული თანასწორობაც ყველა სფეროში, მათ შორის სამზარეულოშიც, თითქმის მიღწეულია. სუპერმარკეტების დახლებზე უკვე შეგვიძლია უამრავი ნახევარფაბრიკატისა და გაყინული პროდუქტის ყიდვა, რომლთაც (სამწუხაროდ!) ახალ პროდუქტებთან შედარებით, ძალიან დიდი ადგილი დაიკავეს ჩვენი კვების მენიუში. თუმცა უცვლელი დარჩა იმ ეპოქის მომხიბვლელობა და მოგონებები, რომელსაც ასე ძალიან ვარ მიჯაჭვული. სასიამოვნო მოგონებები გამიცოცხლა წიგნის ფურცლებზე გადაკითხულმა ჩემმა მონათხრობმა. მაგალითად იმის გახსენებამ, რომ პატარაობისას დედაჩემი თხის ახალმოწველილ რძეს მასმევდა. სახე ღიმილით გამინათა იმ მონაკვეთის გადაკითხვამაც, სადაც ამერიკიდან შემოტანილი ჩვევის, სუფრასთან მოწევის წინააღმდეგ გამოვდივარ,ახლა, როცა უკვე ელექტრო სიგარეტი იპყრობს ყველაფერს.
ყოველივე ამის გამო, მართლა ძალიან ცოტა რამ შევცვალეთ წინა გამოცემიდან, ეს უფრო გრაფიკას შეეხო, რითიც წიგნი ფერადი და ცოცხალი გახდა, ისეთივე, როგორიც ჩემი ნეაპოლია. დანარჩენი კი უცვლელად დავტოვეთ, რადგან, ვფიქრობ,რომ მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი ჩემი რეცეპტების მიხედვით მომზადებული სადილის ნამდვილი სურნელისა და არომატის შეგრძნება და მგონია, რომ მხოლოდ ასე შეძლებთ ქურასთან მდგარნი, რამდენიმე წამით თვალის მოხუჭვასა და მოგზაურობას დროსა და ჩემს მოგონებებში.
სოფი ლორენი რომი, აგვისტო, 2013
შესავალი
ძველი გამოცემისათვის
მსგავსი წიგნის დასაწერად ორი ინგრედიენტი მჭირდებოდა:დრო და სამზარეულოს სიყვარული. პირველი ფილმსა და ფილმს შორის არასოდეს მყოფნიდა, მეორე კი ყოველთვის მქონდა და ახლაც აქვს, მაგრამ შეზღუდული დოზით ვიყენებდი, იქიდან გამომდინარე, რომ ფორმის შენარჩუნება მინდოდა.1968 წლის გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა ჟენევაში გავატარე – სასტუმრო ინტერკონტინენტალის მეთვრამეტე სართულზე. ხშირად ნისლი ჩემი ფანჯრების ქვემოთ ეშვებოდა და ამ დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცაში, მხოლოდ ჩემთვის შექმნილ სამყაროში ვყოფილიყავი გამოკიდებული. მარტო ვიყავი, თუმცა უდიდესი იმედით სავსე, რაც ამ მარტოობის დაძლევაში მეხმარებოდა. ექიმებმა მირჩიეს სრულ სიმშვიდეში დამესვენა. მეც მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი: შვილი უნდა მყოლოდა. რა უნდა გავაკეთო ამ გრძელ თვეებში? რითი უნდა შევავსო წუთების სიცარიელე? გასართობად, ყოველდღიური რუტინის გასამრავალფეროვნებლად, ჩემს ერთგულ მდივანთან ერთად, სამზარეულოს მივაშურე. ასე დაიწყო ფანტასტიკური გასტრონომიული გამოცდილების დაგროვება. გავიხსენე ბავშვობის ყველა მოგონება, ყველა მოგზაურობა,ბევრი ცნობილი მზარეულისაგან მიღებული რჩევები და თანდათან ჩემმა ჩანაწერებმა წიგნის ფორმა მიიღო. ერთ დღეს ჩემი უახლოესი მეგობარი, სცენარისტი ბაზილიო ფრანკინა მესტუმრა, ნახა, წაიკითხა ჩემი ჩანაწერები და ერთ ჩვენს მეგობარს, ჟურნალისტსა და მწერალ ვინჩენცო ბუონასიზის წაუღო. მითხრეს, რომ ეს მასალა ერთი კარგი სამზარეულოს წიგნის გამოსაცემად სრულიად საკმარისი იქნებოდა, მის შევსებასა და საჭირო ფორმის მიცემაში კი თვითონ დამეხმარებოდნენ. ასე დაიბადა ეს წიგნი, რომელიც ჩემთვის კარგ როლზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან იმ დღეებთან მაკავშირებს,როცა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერება, უმცროსი კარლო დაიბადა. ეს არ არის სამზარეულოს ტრაქტატი ან რეცეპტების დიდი კრებული, ეს არის პირადი მოგონებებისა და ფიქრების ნაზავი. მიუხედავად ამისა, რეცეპტები საგანგებოდაა შერჩეული, რათა მკითხველმა უკეთ გაიცნოს იტალიური სამზარეულო. იტალიური, რადგან მიუხედავად მოგზაურობისასნასწავლი რამდენიმე ეგზოტიკური რეცეპტისა, ჩემი სამზარეულო, მაინც უმთავრესად იტალიურია. ვიცი, რომ ბევრი ინგრედიენტის პოვნა იტალიის ფარგლებს გარეთ, სხვა ქვეყენების მაღაზიებში, საკმაოდ ჭირს, თუმცა ისიც ვიცი, რომ არ არსებობს არც ერთი დიდი ქალაქი, დიდი ბრიტანეთიდან გერმანიამდე, თუ საფრანგეთიდან ამერიკამდე, სადაც იტალიური პროდუქტების მაღაზია არ მოიძებნებოდეს. ამიტომაც, ჩემი რეცეპტების მიხედვით კერძის მომზადება, ამ ადგილებისა და ინგრედიენტების მოძიებასაც ნიშნავს. თქვენს დასახმარებლად კი რამდენიმე ალტერნატივაც მოვიფიქრე და ისეთი ინგრედიენტები გირჩიეთ, რომელთაც ყველგან მარტივად იპოვით, ფრანგულ, გერმანულ