გოგრა გოგრა შემოდგომის მეფეა, მისი მრავალგვარი ჯიში არსებობს, ისევე, როგორც მომზადების ტექნოლოგია. თუ თქვენ სამზარეულოში ტრიალი გეზარებათ, შეგიძლიათ იგი უბრალოდ მოხარშოთ ან შეწვათ, თაფლითა და ნიგვზით მოამზადოთ, ხოლო თუ საინტერესო ექსპერიმენტები გინდათ, მაშინ მოამზადეთ ჩვენი რეცეპტების მიხედვით:
გოგრა სხვადასხვა რიგად ბარბარე ჯორჯაძისაგან :
გოგრა სხვადასხვა რიგად.
გოგრა შემწვარი.
გოგრა შუა გააპეთ, გული და თესლი ამოაცალეთ და ისვე ერთმანეთზე დააფარეთ. თორნედან რომ პურს ამოხდით, შიგ ჩააწყვეთ და ღვერფლში შეახვიეთ, რომ შეიწოს; ან ცეცხლთან თურთქელში შეიწოს, ან ფეჩში.
გოგრა შემწვარი მეორე ნაირად.
შესაწვავი გოგრა, საზამთროდ შენახული, მოიტანეთ და თავი მოსჭერით, რაც გული და თესლი აქვს, იმ ცალის მხრიდან ამოიღეთ; შემდეგ დანაყეთ ნიგოზი, აგრეთვე ხახვი დასჭერით და შვინდის ჩურჩა დამბალი თავთავის შესაფერად აურიეთ ერთად და ჩადეთ იმ გოგრაში და შედგით ფეჩში, ანუ ცეცხლში შეწვით; უნდა დააბრუნოთ ხოლმე, რომ არ დაიწოს, რომ გამოცხვება, დასჭრით და მიართმევთ.
მასალად საჭიროა: გოგრა - ერთი, ხახვი, შვინდის ჩურჩა, ნიგოზი.
გოგრა მოხრაკული
ახალი, წვნიკი, შემოუსვლელი გოგრა, რომელსაც ჯერ თესლი არა აქვს, გასჭერით შუა და გაფცქვენით, გული ამოაცალეთ, თხლად დათალეთ სიგრძეზე და მოაყარეთ მარილი; დადგით რამოდენიმე ხანს, შემდეგ გაწურეთ; ჩაყარეთ ტაფაში ალყად დაჭრილი ხახვი, დაასხით ზეთი და მოხრაკეთ; ზეთი თუ შეიშრო, კიდევ დაუმატეთ; როცა კარგად მოიშუშოს, მარილი მოაყარეთ.
მასალად საჭიროა: გოგრა - რაც საკმარისია, ზეთი, ხახვი, მარილი.
გოგრის მხალი.
დართვილული მოსახარში გოგრა გასჭერით ოთხად, თესლი და გული გამოაცალეთ, ჩააწყეთ ქვაბში, დაასხით წყალი, მოხარშეთ; შემდეგ ამოიღეთ და გააციეთ, ქერქი გააცალეთ და დაკეპეთ ასტმით, მერმე შიგ აურიეთ გარჩეული და დამბალი შვინდის ჩურჩა, წვრილად დაჭრილი ხახვი, წმინდად დანაყილი ნიგოზი, ყველა თავის შეზავებით, ზომიერად მიეცით, მერე ჩადეთ ტაფაში და მოშუშეთ, მარილი უყავით.
მასალად საჭიროა: გოგრა - ერთი, შვინდის ჩურჩა, ნიგოზი, მარილი.
გოგრის გუფთა
მოსახარში გოგრა, როგორც ზემოთ სწერია, ისე მოხარშეთ, ქერქი გააცალეთ, გოგრა ხელით ჩაშალეთ, ერთი ცალი მუჭა შვინდის ჩურჩა წვრილად დაკეპილი შუგ აურიეთ, მოაყარეთ მარილი და წმინდა ფქვილში თითო კაკლის ტოლა გააგორ-გამოაგორეთ; გააცხელეთ ტაფით ზეთი და ჩაყარეთ, მანამ სულ გაავსებთ; შემდეგ შეწვით, მეორე გვერდზედაც გადააბრუნეთ, კარგად მოხრაკეთ.
მასალად საჭიროა: გოგრა - ერთი, შვინდის ჩურჩა, ზეთი, მარილი.