მეშვიდე გრძნობა “მოიძიე და შეკრიბე რაც შეიძლება მეტი ინდური მარიხუანას ოჯახების წარმომადგენლები და დარგე ყველგან…“
- ეს ფრაზა იმ წერილიდანაა, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონმა 1794 წელს თავის მებაღეს მიწერა. როგორ გგონიათ - რატომ? ამას წინათ კიდევ, იმ ქალაქში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს განაგებს, ანუ ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში, ხანგრძლივი დებატების და კამპანიის შემდეგ მარიხუანას მოწევა ლეგალური გახდა. ვაშინგტონის მოსახლეობამ 60 გრამამდე მარიხუანას ფლობას და სახლში მოწევას საკანონმდებლო არჩევნებისას მხარი პლებისციტით დაუჭირა. ჩვენ სად ვართ ამ დროს. ინტერნეტი გადავქექე და მსოფლიოში ის იშვიათი ქვეყანა აღმოვჩნდით, რომელიც საკუთარი მოქალაქეების შარდით ავსებს ბიუჯეტს... რა ქვია ნეტა ამას 21-ე საუკუნეში?
არამხოლოდ აქედან იწყება ჩემთვის ამერიკა და თავისუფლება: ჩარლი ჩაპლინიდანაც, ძმები ბლიუზებიდანაც. კიდევ რეი ჩარლზიდან და “ერთხელ ამერიკიდან”... ან უფრო “შესანიშნავი შვიდეულიდან”, და კიდევ უფრო ფენიმორ კუპერის ჩინგა-ჩგუკიდან. და “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან?” ან ელვის პრესლი, როკენ-როლი და ატენის ქუჩის აისორებში ნაყიდი ლურჯი ჯინსები? და პირველი ამერიკული ვინილები: ჯიმი ჰენდრიქსი და ჯენის ჯოპლინი?
სხვათა შორის, ადრე ამერიკული ჰოკეიც მიყვარდა. ისე, სპორტის რომელი სახეობა არ მიყვარს რო? ვერ ვიხსენებ. მგონი ყველა მიყვარს. მიყვარს რა, ჯვარს კი არ ვიწერ რომელიმეზე, უბრალოდ ყველას ვუყურებ ხოლმე. არა, არ ვარ მართალი. ის არ მიყვარს, პოლისჯოხებით ყინულს რო ხეხავენ. მაგას ჯობს ორი ხელით საკუთარი თავის ჰაერში აწევაში შეეჯიბრონ ერთმანეთს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამერიკა დაბადებიდან მოდიოდა და მოდიოდა ჩემკენ. თავად მე ვერაფრით ვახერხებდი იგივეს, ბავშვობისდროინდელ ოცნებებს თუ არ ჩავთვლით. ის კი მაინც თავისით, ნაბიჯ-ნაბიჯ მეპარებოდა და მარცვალ-მარცვალ აღწევდა სისხლისფერი იმპერიის დაუგმანავი ღრიჭოების გავლით ჩემ ცხოვრებაში – თუნდაც “დონალდოთი” და “პედროთი”, რონალდ რეიგანით და საბჭოთა “პეპსით”, მიკი მაუსით, ტომი-ჯერით, ტომ სოიერით და ჰეკლბერი ფინით - ორი მაგარი ბიჭით. არა, ტომ-ჰეკამდე ბავშვობის ყველაზე მძიმე და ტრაგიკული წიგნი იყო: ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს “ბიძია თომას ქოხი” პატარა ევას ქერა კულულებით, და წიგნის კითხვისას პირველი ცხარე ცრემლებით.
ჰო. კევზე გამახსენდა: ისე, რა უბადრუკი იმპერია იყო ეს საბჭოთა კავშირი - ყოვლად უმადლო და სრულიად უნიჭო. ჯერ ხომ მხოლოდ სამოცდაათი წელიწადი იარსება, სასაცილოდ ცოტაზე ცოტა ხანი იმპერიებისთვის. საუკუნეც კი ვერ გაქაჩა ამ უნიჭოთა უნიჭო ახირებამ. ერთმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა მითხრა, საბჭოთა კავშირი მგონი იმიტომ დაინგრა, თავისი კევი არ ჰქონდათ და ბავშვებს თავიდანვე ეკიდათ და გულგრილად იყვნენ განაწყობილი ეგეთი სამშობლოს მიმართო. არის სადღაც ლოგიკა. ისე, სიმართლე ითქვას, კევი კი ჰქონდათ საბჭოთა კავშირში, სანთელივით, წიწილები რომ ეხატა გარედან, მისგან არც ბუშტი იბერებოდა და გემოთიც ძალიან სამარცხვინო იყო. თითქმის არავინ ყიდულობდა. კბილს მოიმტვრევდი ყველაზე ცოტა, ყველაზე მეტი კი, კიდევ ერთხელ ეჭვი შეგეპარებოდა, რომ რაღაცას გატყუებდნენ. ის კევი კიდევ, კევის გარდა მართლა ყველაფერს ჰგავდა. ამიტომაც იყო, გუდრონს რომ ვღეჭავდით მთელი ბავშვობა ნამდვილ კევს დანატრებული საბჭოთა ბალღები. რომელი ეგეთი ბავშვი უგულშემატკივრებდა ამის შემდეგ საბჭოთა კავშირს. თან იქვე, სახანძროს წინ, ვაკეში, ავტობუსის გაჩერებაზე გოზალა მწვანე “დონალდოს” ყიდდა სამ და წითელ “პედროს” მანეთად. აი, კევები ის იყო, თუ იყო. იშვიათად თუ გაიმეტებდნენ ჩემი ასოთხმოცმანეთიანხელფასიანი მშობლები ჩემთვის ამ საჩუქარს, მაგრამ როცა კი იმეტებდნენ და მწვანედ ვბერავდი უზარმაზარ ბუშტს, ამ ბუშტში მოქცეულ ჰაერს ძალიან სხვანაირი და ამერიკული სუნი ჰქონდა.
საბჭოეთს კიდევ, კევის გარდა არც ტანსაცმელი უვარგოდა. რას გავდა და რანაირად იყო ჩაცმული ხალხი. ან ავტომობილები (ზოგადად ტრანსპორტი) რას გავდა, ან სახლები და კორპუსები. მსგავსი უნიჭობა და უგემოვნობა სადმე თუ მენახოს, მე ვიყო უკანასკნელი სკვითი. შედარების უფლება ხომ მაქვს? მერე და მერე, ბევრ ქვეყანაში მოვხვდი, გამახსენდა ეს ყველაფერი და მივხვდი, რომ ეს უბრალოდ საზარელი სასჯელი იყო, წრფელი პასუხი თავის დროზე ძალიან მთავარის და მნიშვნელოვანის დავიწყებისა და უარყოფისთვის: ბუმერანგი, რომელიც სინდისგარეცხილმა მაიმუნების წითელმა შთამომავლებმა უბრალოდ და პირდაპირ მოიმკეს. ააწყვეს რამე რო? ვინმე, მათი ბედკრული და ჟანგიანი შთამომავალი შეიძლება გამომიხტეს ახლა, მიზეზები ჩამომითვალოს, თუ რატომ ვერ გაიმარჯვა ესოდენ დიდებულმა იდეამ, გამახსენოს საბჭოეთისდროინდელი უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება და მსგავსი სიაფანდი მახინჯობები. მახსოვს მე კარგად ყველაფერი. თვრამეტი წლის ვიყავი ეს წითელი ტანჯვა-წამება რომ მორჩა. იმ საბჭოთა უფასო განათლების აგრესიებიც გონებაზე დღემდე მაქვს აღბეჭდილი, იმ ასევე უფასო ჯანდაცვის კვალსაც დღემდე დაატარებს ჩემი ხორცი და სული.