თაგვის გემო პირველივე ორღობიდან უცნაური ხმა ისმოდა.
– ცუდი ხმაა... – ამოხრინწა პეტრომ და გაშლილი ხელისგული მაღლა ასწია, რაც ნიშნავდა, რომ ყველანი ადგილზე უნდა გავქვავებულიყავით.
მიტოვებულ სოფლამდე ხუთი ტენტახდილი, ჭაობისფერი `ვილისით~ მივედით. მანქანები მძღოლებიანად ბექობს მიღმა დავტოვეთ და ბუჩქნაროვან დაღმართზე ფეხით დავეშვით. ოცეულს გარეშეებიდან სამნი ვახლდით: მე, პეტრო და პოლონელი შოპენა. პეტროს იარაღი ეჭირა, მე – ფოტოაპარატი, შოპენას ვიდეო-კამერა ებარა და აქეთ-იქით ფეთიანივით ატრიალებდა. რაღაც-რაღაცებს მეც ვაჩხაკუნებდი. ისეთი სურათი იყო, თითქოს ცა დაერხიათ: სოფლის შუაზე გამყოფ ფართო შარაზე სანახევროდ გახრწნილი გვამები ზემოდან ჩამოცვენილი და აუბოჭავი თხილივით ეყარა. მძაფრი ყროლი იდგა პაპანაქება სიცხეში, ნიავისმაგვარიც რომ არ ჰქროდა ალბათ იმიტომ; ის რაღაც არაამქვეყნიური ბღუილითა და ხროტინით გაჯერებული ხმა კი ერთი სიმძლავრით მეორდებოდა – არც იკლებდა და არც მატულობდა.
პეტრომ იარაღი გადატენა და ღობეს აეკრა. მერე ერთი გამოგვხედა, წელში მოიხარა და ფეხაკრეფით დაიძრა ორღობისკენ.
გულმა საფეთქლებში დაიწყო ძგერა. პოლონელ შოპენას გავხედე – ფერი აღარ ედო. ჩართული კამერა ისე მიეხუტებინა მკერდზე, თითქოსდა ძუძუს აწოვებსო. სმენა დამიგუბდა. თავი მივატრიალე და პეტროს მორკალული ზურგი დავინახე. იარაღშემართულს ორღობესგან ნაბიჯიღა აშორებდა. მომეჩვენა, რომ ის უცნაური ხმა გაბევრდა და გაიზარდა. სუნთქვაშეკრულს უცებ მომინდა მეღრიალა და პეტრო გამეჩერებინა, მაგრამ პეტრომ დამასწრო: სხარტად გახტა იმ ორღობეში და უცებ, რაღაც საშინელის მაგივრად სულ სხვა რამ მოხდა – პეტრომ პირი დააღო და იარაღი ჩამოუშვა. კაი ხანს მზერაგაშტერებული გაჰყურებდა სოფლის ორღობეს. მერე გამოგვხედა და თავის ქნევით თავისთან მიგვიხმო. უცებ მოვეშვი და მივხვდი, რომ ერთიანად გასაწური ვიყავი.
სწრაფად მივედით, პეტროს გვერდში ამოვუდექით და ვიწრო ორღობეს გავხედეთ.
ორღობე გახრწნილი გვამებით იყო გადავსებული. გვამებში უზარმაზარი, ლურჯი ღორი იდგა და გახრწნილ გვამებს ხმაურით თქვლეფდა. განუწყვეტელი ჭამისგან გადასიებული და ორღობეში გაჭედილი, ვერც წინ მიდიოდა, ვერც უკან, და ამის გამო შეწუხებული იმ არაამქვეყნიურ ხმებსაც სწორედ ის უშვებდა. ეგრევე წამომაზიდა და ისევ პოლონელ შოპენას შევხედე – ვიდეო-კამერა უკვე ორღობისკენ მიეშვირა და განზე ზიზღით იყურებოდა. პეტრომ გადააფურთხა და ღორს ავტომატის ჯერი მიუშვა. ლურჯ ღორს საზარელი ხროტინი დასცდა და მუქსისხლიანმა ნაფლეთებმა აქეთ-იქით ხმაურით იწყო ცვენა. სმენადაგუბებულს მისი გიჟური ხროტინი სულ უფრო მჭახედ ჩამესმოდა ყურში. მერე პეტრომ უცებ აუშვა იარაღს თითი და ირგვლივ ერთბაშად სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ყველანი ორღობეს მივაცქერდით. უზარმაზარი ლურჯი ღორისგან სისხლიანი და ალაგ მფეთქავი ხორცის გორა იდგა.
– ასე ვჭამთ ერთმანეთს!.. – ხრინწით გამოსცრა პეტრომ კბილებიდან ნაცნობი ფილოსოფიური ტონით და ბოლომდე დააცალა მჭიდი ხორცის ნაფლეთებად ქცეულ მასას. მერე იარაღს ახალი მჭიდი მოარგო და რიგრიგობით ჩაგვათვალიერა. – ისე, ტელევიზორმა რომ თქვა, ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს და გაამართლაო, მაგის მერე ვეღარ ვჭამ ღორის ხორცს... – დააყოლა იქვე სასწრაფოდ და ცხვირსახოცით სველი შუბლი შეიხოცა.
განზე გავიხედე. ოცეულის წევრები პოზიციებს იკავებდნენ. გამნაღმველები უკვე ყველაზე წინ იყვნენ. პოლონელი შოპენა ვიდეოთი ყველაფერს მოღრეცილი სახით იღებდა. შევატყვე, ნანობდა რომ წამოგვყვა.
– ეს კი ჩაიტანს კაი ხორციან ამბებს ვარშავაში... – ვთქვი შოპენაზე და ეზოს შუაგულში მდგარ უფანჯრო და სახურავახდილ სახლს ფოტო გადავუღე.
***
`გამარჯობა, დედა! არ ვიცი რითი დავიწყო. წერილი არასდროს დამიწერია. თავიდან ალბათ ის უნდა ვთქვა, რომ არ ვიცი, მოგიწევს თუ არა როდისმე ამ წერილის წერილად წაკითხვა. უფრო არა. იმიტომ, რომ ამ ყველაფერს შენს ნაჩუქარ შავ ბლოკნოტში ვწერ... გახსოვს, შარშან, ოცდაექვსის რომ გავხდი, დაბადების დღეზე რომ მაჩუქე? ახლაც მახსოვს შენი სიტყვები: ეს ბლოკნოტი იმ სიმართლეებისთვისაა, რომლებსაც მე ვერასდროს გამიმხელო. აგერ, ბლოკნოტის შიდა ყდაზეც იგივე მინაწერია. მაგრამ მაინც ხომ ყველაფერს გიყვებოდი? შენზე კარგი მსმენელი ვინ მყავდა? ახლაც ეგრე მინდა იყოს, მაგრამ ადრინდელივით ხმამაღლა აღარ გამომივა. უბრალოდ, ამ წუთას ძალიან დიდი მანძილი გვაშორებს. აქ, გარეთ ცხელი აგვისტოა, მე კიდევ პირში სულ თაგვის გემო მიდგას. შენამდე მართალია ათასობით კილომეტრია, მაგრამ ერთის კი მჯერა – რადიო-ტალღები ფარავენ ათიათასობით კილომეტრებს და ამ სიტყვებს ვითომ ნაკლები ძალა ექნებათ? მეტი რით დავიმშვიდო თავი? ძვირფასო დედა, შენ ალბათ ცუდად ხარ და სიზმარშიც ხშირად მხედავ... ამ დროს, დარწმუნებული ვარ, თაგვის იგივენაირი გემო გიდგას პირში. ვითომ შიშმა იცის ეს გემო? დედა, შენ ალბათ არც კი გაგიგია სადაა აფხაზეთი. ნაცნობებშიც რომ გაიკითხო, ვეჭვობ მანდ