ნამასტე
ნეპალის ვიზას კატმანდუს აეროპორტში იძლევიან. ორკვირიანი საშვი 25 დოლარი ღირს, ერთთვიანი – 40, სამთვიანი – 100.
მე და ალექსა მესამე ვარიანტისკენ ვართ.
– თუ მამულისგან ბოლომდე განიავებაა – მესამე იყოს... – ამბობს ალექსა.
– ქართულად ნუ ავსებ დეკლარაციას, ტუტუც... სხვაგან ვართ... – ვეუბნები მე.
კატმანდუს აეროპორტში საბჭოთა ფოსტა-ტელეგრაფის სუნი დგას და მეოცე საუკუნის 60-იანი წლების სულისკვეთებითაა გაწყობილი. სავიზო რიგში ჩადგომამდე ფოტო უნდა გადაიღო იქვე მდგარ ფოტოჯიხურში, ან თან უნდა გქონდეს წამოღებული ერთი ბიომეტრული ფოტოსურათი. ჩვენ ფოტოები თბილისშივე გავიმზადეთ, ამიტომ ჯიხურში შესვლა და ფოტოკამერის წინ წამით გაყურსვა აღარ დაგვჭირვებია. მერე დეკლარაცია უნდა შეავსო, რომელიც სავსეა ბანალური კითხვებით. გეკითხებიან: ვინ ხარ? როდის გაჩნდი? საიდან ხარ? აქ რამ მოგიყვანა? რას აპირებ? რამდენი ხნით რჩები? რას აწვები? მერამდენედ ხარ აქ? ამ ქვითრის შევსების შემდეგ ცოცხალ რიგში ვდგებით და მოთმინებით ველით ბეჭედს პასპორტში. ბეჭდის მაგივრად საბუთში რაღაც უცნაურ მარკას გვიკრავენ. ნახევარ საათში თავისუფლები ვართ. გარეთ უკვე საღამოა. აეროპორტის შენობიდან გასვლისთანავე ვიღაც ძალიან თეთრკბილება ნეპალელი ჭაბუკი აბრეშუმის ყვითელ ყელსახვევს გვახვევს კისერზე და თავისი ავტოჯაბახანასკენ მიგვიძღვება.
კატმანდუს ცენტრამდე მისვლას სულ ოცი წუთი ჭირდება. ძალიან სევდიანი სანახავია ამ დროს კატმანდუს გარეუბნები: ნაგვის მყრალი გორები, სპეციფიკური სუნი, ჩამოხეული ხალხის ჭრელი მორევი, ალაგ კოცონები, ჰაერში ავარდნილი მტვერი, შებოლილი კორპუსები და წელში გაზნექილი, დანგრევის პირას მყოფი ჭუჭყიანი ქოხმახების დიდი რიგები. ირგვლივ ხმაურია – გაუთავებელი სიგნალები, შეძახილები, მოტორების და „დვიჟოკების“ გრუხუნი. ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს საქართველოს 90-იან წლებში დაგვაბრუნეს და თავიდან გაგვატარეს იმდროინდელ ზესტაფონი-ქუთაისის გარეუბნების ქუჩებში. პირველი დეპრესიული შემოტევაც სწორედ აქედან გვეწყება.
– ეს სად დავიხატეთ, კლაუს? – მეკითხება ალექსა, ყვითელ ყელსახვევს იხსნის და ოფლით დაცვარულ შუბლს იწმენდს. მე კრიჭა მაქვს შეკრული. მიკროავტობუსის ფანჯრიდან გავყურებ ქალაქის შემოგარენის თითქოს ვადაგასულ ხედებს და გული უფრო და უფრო მეკუმშება.
– ჩვენც ასე არ ვიყავით? – ვპასუხობ ცოტა ხნის მერე, გეგონება, რამე აზრი ჰქონდეს ახლა თავის ასეთ მართლებას.
– ვინ ჩვენ?
– საქართველო, ტკბილ ოთხმოცდაათიანებში.…
– სად გაჩითე ეს ძონძი ქვეყანა?! – ბრაზობს ალექსა, თუმცა იქვე ტონი ეცვლება. – მოიცა, მოიცა! აქ მთლად ისეც არაა, მგონი, საქმე. – და გაფაციცებით იყურება აქეთ-იქით.
ხედები ნელ-ნელა იცვლება. კატმანდუს შიდა, ანუ უფრო ცივილიზებული ნაწილი სულ სხვა დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა, თუმცა გამოყოლილი პირველშეგრძნება იმდენად მძაფრია, თავდაპირველ განწყობას დიდად ვერ ცვლის.
– მგონი, გადამირჩი, ზბიგნევ, – მამხნევებს ალექსა და სწორედ ამ დროს მიკროავტობუსი კატმანდუს ყველაზე ტურისტულ და ყველაზე პოპულარულ უბან ტამელზე შედის.
თავიდანვე ვიტყვი: უცნაურზე უცნაური აურა დგას კატმანდუში – თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე ჯერ მაგრად რომ გაფრთხობს, მერე სახიფათოდ გაოცებს, მერე თავბრუს გახვევს, ბოლოს კი თავს სამუდამოდ გაყვარებს. როგორია ისე, პირველად კატმანდუში ჩაფრენილს, დაბომბილ ცხინვალში რომ გგონია თავი და მაშინვე მურტალი დეპრესია გეკიდება, ღამე კოშმარები გესიზმრება, მეორე დღეს კი, ანუ მზის აქაური ამოსვლისას, ყველაფერი სხვა ფერის და სხვანაირი გხვდება. ნამდვილი ნეპალური „კინო“ და „ცირკიც“ სწორედ აქედან იწყება.
***
კატმანდუში ხველებისგან მარტო კოდეპი ვერ მოგარჩენს, თან მოსაწევიც უნდა გადააგდო. ერთი დღით მაინც. მით უმეტეს, როცა იცი – ხველება ციებისგან კი არა, აქაური ტრადიციული ზედოზებისგანაა, არადა, კოდეპიც და ოპიდოლიც აქ თითქმის ყველა აფთიაქში თავისუფლად იღება, როგორც ხველებისა და გაციების თავიდან ასაცილებელი უებარი საშუალება. აქ ყოფნის ორი კვირის თავზე მე ორივე დამემართა. თუთუნთან ერთად სიგარეტში შეკეთებული დაქუცმაცებული პლასტილინი მე და ალექსამ კატმანდუში ჩასვლიდან ორ დღეში გავიარეთ. ფილტვების პირველი „წვალება“ განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელი იყო. ასე გულიანად და ასეთი ხმით უხსოვარი დროიდან არ გვეხარხარა. თბილისის ქუჩებში თავისუფლად და ხმამაღლა ხომ ვერც კი გაიცინებდი. როგორც წესი, იყო ხოლმე იქვე: „თქვენი საბუთები, ახალგაზრდავ!“, „აქეთ მობრძანდით!“, „ვენები გვაჩვენეთ!“, „კაიფში ხართ, მოქალაქევ?“, „ნარკოლოგიურში უნდა წამოგვყვეთ შარდის ანალიზისთვის!..“. ამ პირველი სიცილისას, მგონი, ყველა აქამდე შეკავებული სიცილებიც კი დავხარჯეთ. ეს სასტუმროს სახურავზე, ყვავილებში ჩაფლულ სასადილო ვერანდაზე ხდებოდა. მერე ვერანდაზე ჩვენი სასტუმროს მეპატრონე მისტერ სუნდარი ამოვიდა და სპეციალურად ჩვენთვის „ტრუხა“ ნეპალური დასალევი „რაქსი“ ამოიტანა. სასმელს ჩვენებური ჟიპიტაურის გემო ჰქონდა და გაპიპინებული ჭიქებით ისმებოდა. გრადუსი ექნებოდა 5-6 – ისიც დიდი ხვეწნა-მუდარით და გაჭირვებით. შედეგად, მოგვიწია ორი ორლიტრიანის დალევა.