1 - კლარა სარკის წინ სამართებლით ვდგავარ. სახეზე საპნის ქაფი მისვია, და არა მხოლოდ სახეზე: - წარბებზე, თავზე, იღლიებში, გულმკერდზე, მუცელზე, ფეხებზეც... სულ ყველგან. წვალებით ვისხიპავ ორი კვირის წვერს სახიდან. შემდეგ ბავშვობის წარბებს. მერე სამი თვის თმას... ტანს, წვივებს, ბარძაყებს, მკლავებს, სულ-სულ-სულ. აბაზანაში ნესტია. მგრილა. მგრილა ყველგან, განსაკუთრებით ნაწარბალებზე, სლიკინა თავზეც, კანის შიგნითაც, სისხლშიც. აბაზანიდან ოთახში ფეხშიშველი მივტანტალებ. იქაც ნესტია, რაღაცნაირი, ობიანი. ისევ მგრილა. სადაცაა კბილები ერთმანეთზე ამიჭახჭუხდება. გადასვლეპილ თავს გაყინული თითებით ვისრეს. ვცხელდები. მეორე ხელის თითებსაც ვიხმარ. ვიზელ ნაწარბალებს, ლოყებს, ნიკაპს, ყელს, ყურებს. ვიჩქმეტ ქუთუთოებს, საფეთქლებს, მენჯებს, ყველაფერს.
- ლეო! - მესმის გვერდითა ოთახიდან. ეს კლარაა, ჩემი ბუთხუზა და ცხიმიანი თანამეცხედრე. რა სიტყვაა ისე თანამეცხედრე? რაღაც ნეკროფილური რომ ურევია, აშკარაა, არადა კლარა რომ ცოცხალია, ნეტავი ისეთი ცოცხალი ვიყო...
- ლეო, სად ხარ? - მესმის კლარას გაქონილი სოპრანო.
ლეო ხომ მე ვარ... მაგრამ ლეო ჩვენს კატასაც ჰქვია. როგორ მივხვდე, მე მეძახის თუ იმას... თუ მე - მაშინ, სულ არ მანაღვლებს: მე ხომ უკვე მთელი ორი კვირაა არავის არაფერზე ვპასუხობ, და მაინც ფეხისწვერებზე მივემართები საწოლი ოთახისკენ.
- ჩემი ლეო... ჩემი სიცოცხლე ლეო... - მესმის კლარას კრუტუნი და ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.
ოდნავ გამოღებული კარის ჭრილში ჩუმად ვიჭყიტები. კლარა საწოლზე შიშვლად გაშოტილა და ფეხები განზე გადაუშლია. იქვე ლეო მოკალათებულა და ხაოიანი ენით კლარას ზღარბიან ლოკოკინას ულოშნის. კლარას ცალ ხელში ტელევიზორის პულტი უჭირავს, ტელევიზორს უყურებს და გმინავს.
- ლეო, ამერიკას ანგრევენ! - ეს უკვე აშკარად ჩემი მისამართითაა.
შეშინებული ლეო კლარადან ხტება და საწოლის ქვეშ შერბის. მე კარს ფართოდ ვაღებ. კლარა ჩემკენ იყურება და წარბები შუბლზე ადის.
- ჩაიხედესარკეშიი!!! - ღრიალებს ბოლო ხმაზე.
მე კედლის სარკისკენ ვტრიალდები. მთელი სახე, ნაწარბალები, თავი, სხეული დასერილი მაქვს. სისხლის წვეთები გულ-მკერდსა და მხრებზე მეცემიან, მერე ქვემოთკენ მიცურავენ, ჩარბიან ფეხებამდე... ირგვლივ მუქი ბორდოსფერი გუბე დგება. ჩემი ვეებერთელა კლარა... ელვის სისწრაფით ლოგინშივე წამომდგარს, ჩემკენ უკვე ტელევიზორის პულტი მოუშვერია და კოტიტა თითებს გამალებით აჭერს რეზინის ღილაკებს. ალბათ ნერვიულობისგან, თორემ მე რაღა გამომრთავს. სამაგიეროდ ტელევიზორში ენაცვლებიან ერთმანეთს არხები. ყველგან ერთი და იგივე, ყველგან თვითმფრინავები ხვრეტენ მაღალ შენობებს.
- რასსგავხარრრრააასსს???!!! - ღრიალებს კლარა. მაგრამ არა... ეს ღრიალი აღარაა - ეს ვეზუვის ხელახალი ამოფრქვევაა, უცაბედი ცუნამია, პენალტია ცარიელ კარში, ჩელენჯერის აფეთქებაა...
კლარა, როგორ არ გიხდება საწოლზე შიშვლად დგომა. კლარა, რად გინდა პულტი? კლარა, შენ თვითონ რას ჰგავხარ, მე კი არა... კლარა, შენი ზღარბიდან რაღაც თეთრი წვეთავს და საწოლს სვრის. ისევ მაიონეზი, კლარა? მეტი ვერაფრით მიიჩვიე ლეო? კლარა, შენ ხომ არ იცი, როგორ ვერ გიტან...
კლარა ხავის და ჭერიდან ბათქაში ცვივა, კედლებს შპალერი ძვრებათ, სერვანდში მდგარი ბროლ-ფაიფური ერთხმად წკარუნობს და ადგილიდან იძვრის.
- გადიახლავედაიბანედაეგგუბემოწმინდეეე!!! – მეხივით ჭექს კლარა და მისი ღრიალი ათასვოლტიან სიმაღლეებს სწვდება.
რომ წავიქცე, მაშინ თუ გაჩუმდება? ჩემივე სისხლის გუბეში რომ ჩავწვე და ავხროტინდე, მაშინ თუ გაკმენდს ხმას?.. ნელ-ნელა ვეშვები გუბეში, სახეზე ხელისგულებს ვიფარებ და ვითხაპნი: სისხლს სისხლიანივე თითებით ვიტყლიზნი სახეზე, ტანზე, ყველგან, თან კლარას არ ვაშორებ თვალს. საწოლის ქვემოდან გამოყოფილი ლეოს კუდი აქეთ-იქით ისე მიმოიკლაკნება, თითქოს იატაკს ჰგვიდეს. კლარა კი ნელ-ნელა იჩუტება. ჩემი ჰაერის კლარა...
ძალიან ხომ არ გიჩხვლიტე ჩემი საქციელით, კლარა? კლარა, რატომ პატარავდები? კლარა, სულ რომ დაიჩუტო, რაღა გაგბერავს? ასეთ სისხლიანს ნასოსს რომელი მეზობელი მათხოვებს? კლარა, რატომ აღარ ღრიალებ?..
კლარას აღარა აქვს შუბლი, ლოყები, პირი, ნიკაპი, ცხვირი, აღარაფერი. კლარა მხოლოდ თვალებიღაა გადაბმულ წარბებთან ერთად - თვალები, რომლებშიც ზიზღის ცისარტყელა გადადინდება. K
კლარა, მე უბრალოდ...
კლარა პულტს ხელს უშვებს. საწყალი პულტი. საცოდავი პულტი. უბედური პულტი. რა შუაში იყო პულტი... ის იატაკზე ეცემა და ნაწილ-ნაწილ იმსხვრევა. მისი ნატეხები აქეთ-იქით იფანტება, ტელევიზორში კი კვლავაც თვითმფრინავი ხვრეტს მაღალ შენობას.
კლარა, მე რომ თვითმფრინავი ვყოფილიყავი, აუცილებლად ზუსტად ასევე გაგხვრეტდი და შენშივე ავფეთქდებოდი. კლარა, რატომ ჰგავხარ თავისუფლების ქანდაკებას? ხელები მაინც ჩამოუშვი, კლარა! კლარა, ასე მგონია, ახლა გაფრინდები! კლარა, დაწყნარდი! მე უბრალოდ გავიპარსე, კლარა! ხომ ვამბობდი, თმა ჭუჭყია-მეთქი, სულის ჭუჭყი, რომელიც სულს კანსგარეთ გამოაქვს-მეთქი და არ მიჯერებდი. შენ ხომ არ იცი, ისეთი