მელოტთათვის
(ისტორიული აბსურდი
ერთ მოქმედებად)
მოქმედი პირები:
მეფე
ჯუჯა (პირველი ვეზირი) - ლაპარაკობს
ყვირილით
დედოფალი
ბაზიერი
მიმინო
ინდაური
მეფე სამეფო დარბაზის დაორთქლილ ფანჯარასთან დგას და მინაზე საჩვენებელი თითით ისარგაყრილ გულს ხატავს. თან ღიღინებს. ხმაურით იღება დარბაზის კარი და შემოდის დაბალი კაცი.
ჯუჯა: სასახლის კარის პირველ ვეზირთა უკანასკნელი კონკურსის ლაურეატი, ვინმე ჯუჯა, თქვენი ბრძანების თანახმად, გამოვცხადდი თქვენ წინაშე! გისმენთ და გემორჩილებით, პატივცემულო!
მეფე ტრიალდება. შემოსულს თავიდან ფეხებამდე ზომავს. მერე შუბლს კრავს. სამეფო ტახტთან მისული ზედ ხმაურით ეღვენთება, ხელში ოქროსბუნიკიან ჯოხს იჭერს და თავზე გვირგვინს გაჭირვებით იხურავს.
მეფე (კვნესით): ოჰ, წელი, წელი!.. მომკლავს ეს ოხერი!.. (უცებ მკაცრდება) ჰმ! მერედა, რა გაღრიალებს, შე უდღეურო?!..
ჯუჯა: სხვაგვარად არ გამომდის, პატივცემულო!
მეფე: მაშ, გაჩოჩდი უკან! კართან დადექ და იქიდან იყვირე! ისედაც თავი მიბჟუის!.. (ჯუჯა უკუსვლით იხევს კარისკენ.) ეგ „პატივცემულო“ რაღაც ახალია!..
ჯუჯა: ჩემი მოკლე ჭკუით ვიფიქრე, გასიამოვნებდით, პატივცემულო!
მეფე: მერე ჩემს მეფობას რა ვუყოთ?!
ჯუჯა: მაშინ, პატივცემულო, „პატივცემულო მეფეო“-თი მოგმართავთ აწ და მარადის!!!
მეფე სამჯერ მრისხანედ აკაკუნებს ჯოხს. ჯუჯა მორჩილად ქინდრავს თავს. მეფე დგება, ჯუჯას წრეს არტყამს და აკვირდება. მერე თავის ადგილს უბრუნდება.
მეფე: წერა-კითხვაზე როგორა ხარ, უდღეურო?
ჯუჯა: პირველ ვეზირთა კონკურსში, პატივცემულო მეფეო, მაშ, რა პირით გავბედავდი მონაწილეობას? უბირი პირველი ვეზირი რომელ დიდ მეფეს შეშვენის! აქედან მადლობა ცხონებულ ბებიაჩემს! ბრძენი და ბერძენი დედაკაცი გახლდათ! ბავშვობაში სუ ჯოხით მადგა თავზე და ისე მასწავლიდა ანბანს!
მეფე (მეოცნებედ): ოჰ, ელადა, ელადა!.. პანათინაიკოს-ოლიმპიაკოს!.. (ერკვევა) რა უცნაური სიტყვები მეწვევიან ხოლმე მოულოდნელად!.. ძალიანაც დიდებული!.. უნდა მოგეხსენებოდეს, რომ ჩემი თანამეცხედრე-დედოფალიც ბერძენია! აი, ეს კაბა-ჯუბაც, მე რომ მაცვია, იქაურია!.. მდაა!.. წერა-კითხვა გცოდნია! კიდევ რა უნდა მეკითხა?.. ჰო, გამახსენდა!.. სიზმრები როგორი გეზმანება, პირველო ვეზირო?
ჯუჯა: გაგიკვირდებათ, პატივცემულო მეფეო, მაგრამ სიზმრები საერთოდ არ მეზმანება, თუმცა, თუ მიბრძანებთ - შევეცდები დავიზმანო!!!
მეფე: შეეცდები... დაიზმანო!.. რა სიბრიყვეა, ღმერთო ჩემო!.. სამაგიეროდ, პირველო ვეზირო, გაგიმხელ და, მე მეზმანება სულ ფერად-ფერადები და უცნაურები! ასე მაგალითად, გუშინდელმა სიზმარმა ერთი ფრიად ჭკვიანური რჩევა მომცა... აფნცჰხი!! (აცემინებს ხმამაღლა.)
ჯუჯა: ქვეყნის სანიმუშოდ მართვა და გაძღოლა, პატივცემულო მეფეო!
მეფე: ჰმ... გაიხარე-სანდა-საღოლ!!! ჰოდა, სიზმარმა ფრიად ჭკვიანური რამ მიკარნახა-მეთქი!.. ანუ, ვინაიდან წერა-კითხვის მცოდნე ბრძანდები, პირველ ვეზირობასთან ერთად კიდევ ერთი თანამდებობის შეთავსება მოგიწევს!!!
ჯუჯა: რომელ თანამდებობაზეა საუბარი, პატივცემულო მეფეო?
მეფე (მრისხანედ და ჯოხის კაკუნით): შემოპასუხებას როგორ ბედავ, რეგვენო!!! უმალ თავი უნდა ჩაღუნო და თქვა, რომ მეფის ბრძანებით მზად ხარ სიკვდილისთვისაც კი!
ჯუჯა: თქვენის ბრძანებით, მზად ვარ სიკვდილისა და ხელმეორედ დაბადებისთვისაც კი, პატივცემულო მეფეო!
მეფე: თავი რატომ არ ჩაღუნე?
ჯუჯა: მეტზე არ მეღუნვების, პატივცემულო მეფეო!
მეფე: ხელმეორედ დაბადება რაღაა?!.. მე ეგეთ ტუტუც ბრძანებებს არ ვიძლევი!.. მოკლედ, იმსახურებ მეორე თანამდებობაზეც!!!
ჯუჯა: არის, პატივცემულო მეფეო!!!
მეფე: ჟამთააღმწერლობა, იგივე მემატიანეობა, უნდა მოგეხსენებოდეს, რასაც გულისხმობს!
ჯუჯა: ბუნდოვნად, პატივცემულო მეფეო!!!
მეფე: თავის დროზე არც მე ვიცოდი!! უადვილესი რამეა! გიხსნი პირველად და უკანასკნელად: ჟამთააღმწერლობა შენ გაკისრებს დაიჭირო ხელში ფრთა ბატისა და ჩემის კარნახით აღნუსხო ყოველივე მნიშვნელოვანი, აქამდე მომხდარი და აწ მოსახდენი ჩვენი სამეფოს თავზე!
ჯუჯა: სიზმარმა თუ გიკარნახათ ეგ ამბავი, პატივცემულო მეფეო, ფრიად მამულიშვილური რამ გზმანებიათ! თქვენს ბრძანებას კი - შესრულება უხდება. ცოცხალმა თუ მკვდარმა ფრთა უნდა მოვიძიო!
მეფე: მკვდარი რაში მჭირდები?! ცოცხალმა!!!
ჯუჯა სწრაფად გარბის დარბაზიდან. მეფე თავიდან გვირგვინს იხსნის, ორთქლავს და კაბის კალთით იწყებს მის გაპრიალებას. დარბაზში დედოფალი შემოცქრიალდება.
დედოფალი: შენ ყვიროდი, ჩიტო?
მეფე: ეგ სიტყვა მეორედ აღარ დამიძახო!!!
დედოფალი: მოფერებით დამცდა, სიყვარულო!.. რაღაც ხმაური მომესმა!
მეფე (ხმადაბლა): პირველი ვეზირი გვყავს ახალი!.. კაი გაქნილი ვინმე ჩანს! წინა ხომ გახსოვს, რა ლენჩიც იყო?.. ეს კიდევ, სულ ყვირილითა ლაპარაკობს - სხვანაირად არ შემიძლიაო! მაგის მართლა ყვირილი რაღა იქნება?.. ბრძანება მივეც, ბატის ფრთა უნდა მოიძიოს მატიანეს საწერად - ვერ შემისრულებს და რაც მოუვა, თავს დააბრალოს!
დედოფალი: კარგი რა, ძვირფასო! სუ წვრილმანებზე ჯავრობ! ხომ თქვა დალაქმა, უზმოზე უხასიათობა თმის ძირებს აზიანებსო! აბა, შემომხედე, სულ გადასარევ ხასიათზე რომ ვარ, რა დალალები მაქვს!!!
მეფე: რა დროს დალალებია, დედოფალო!.. და მე რომ არ მაქვს, გარნა რითა ვარ სხვაზედ ნაკლები?!
დედოფალი (ტკბილად): რომ გქონდეს, სულ ჩემი ხელით დაგვარცხნიდი... აგიფუებდი... თავად გაგკრეჭდი-ხოლმე!..