თამრო
სულ მოიფლაშა ერთ დროს კოხტა და ტანადი თამრო. სადღაა ადრინდელი ეშხიანი მიხვრა-მოხვრა, ველური მზერა და სიყირმიზე. საჯდომი ხომ ქუსლებამდე მომჩვარვია, ლამის მკერდიც ჩულქში ჩაიტნიოს და ამ ყველაფრისდა გამო ძირითადში ფინთ ხასიათზე იქნება, მაშ როგორ? ვინღა ატანს მზერას თამროს ძველებურად... სხვებმა გადაურბინეს უკეთესობაშია. მათია უკვე ბურთიც და მოედანიც, თუმც მაინც იხტიბარგაუტეხელია თამრო; არ ეშვება, იფერადებს იმ მობოშებულ პირ-ლოყას ყოველ ცისმარე დილას, მაგრამ რად გინდა – ვინღაა მისკენ გამომხედი, ერთად გავლასა და კაი ადგილას პატიჟზე ხომ მუსაიფიც ზედმეტია... ბებერი არავის ეგონოს – ცხოვრების კაი ნახევარი კიდევ გასავლელი აქვს აღარყოფნამდის. ჰოდა, ეხეტება ქუჩებში.
ძირითადში მაინც პლეხანოვისკენ ილტვის ოხერი. ნაცნობია უბანი, მშობლიური. გამვლელ-გამომვლელს ერთი, და აქაურ ქუჩის ჭადრებსაც კი სხვანაირი რიდი აქვთ თამროსი – მათაც ახსოვთ ის ძველი დროება, თამროს ქუჩაში გამოსვლაზე მანქანების მოძრაობა რომ ფერხდებოდა და ხანდახან მსუბუქი ავტობღლარძუნითაც სრულდებოდა თამროს ის ჯეირანული ვოიაჟი. შუქნიშნებსაც ახსოვთ და ახსოვთ ყველაფერი, რა დაავიწყებთ, და კიდევ იმ ძველ ბიძებსაც, ადრე რომ იქ იდგნენ, ახლა უნივერსიტეტი რომაა ფასიანი, იმის მხარმარჯვნივ; მერე კიდევ იქით რომ გადაბარგდნენ, რკინიგზელთა სახლთან. მშვენივრად სცნობენ ისინიც თამროს, სახე ღიმილით გადაევარცხნებათ ხოლმე მის დანახვაზე: ახსენდებათ თავიანთი თავი იმ ჭაბუკობაში და თამროსაც იხსენებენ, მაგრამ სულ სხვანაირს – ისეთ ქორფას, ახლაც კი რომ არავინაა ამჟამინდელ პლეხანოვზე ეგეთი. თამრო კიდევ ეშმაა მათთან ურთიერთობაში. მიეპარება ხოლმე, უჩუმრად მიუცუცქდება. ესენი წრეზე დგანან ამ დროს, თითებს კეცავენ, ჩურჩულებენ, მობილურებზე არიან მიმაგრებულნი, ითვლიან თითქოს რაღაცას. თამრო კიდევ უკნიდან ააფარებს რომელიმეს თვალებზე ხელისგულს და ისე თანამედროვედ ეტყვის – `აბა ვინა ვარ?~ – რომ იმ თვალებზე ხელისგულებაფარებულს მართლა ვინმე ნორჩი წიწკვი ჰგონია და იწყებს:
– ეკა?
– ნწ...
– მაკა?
– ნწ...
– თიკა?
– ნწ...
– ლიკა?
– ნწ...
– ანკა?
– ნწ...
– ნათკა?
– ნწ-მეთქი...
– ვახ... ცოლი ვერ იქნები შენ ჩემი და მაშ ვინღა?
დანარჩენები კი ხვიხვინებენ, მძლავრ ღიპებს ათანთალებენ. უცებ შეუშვებს ხელისგულებს იმ ჭაღარა ჯეელს თამრო და არც მოცოცხავს, მის ყბადაღებაზე ხალისობს. სხვები კი უფრო ხმაურობენ და გამასხარავებულსაც იყოლიებენ ხითხითში.
– თამრო, ბიჭო, თამრო!
– ვა-ხა-ხა, თამრო, ვა-ხა-ხა!
თამროს თვალებთანაც ღიმილი ბარტყობს ამ დროს. ნიჭიერია. ნაირ-ნაირ ხმაზე შეუძლია ლაპარაკი: ქალისაზე, ბებრისაზე, ახალგაზრდისაზე, კაცისაზე, ბიჭისაზე. მსახიობებსაც ცინებს და პოლიტიკოსებს ისეე, სული შეუგუბდება მომსმენს. მოკლედ ყველანაირზე, და იქვე, ლოყაზეც შემოუთათუნებს გაბითურებულს, ზუსტად მისნაირ მამაკაცურ, ხრინწიან ბარიტონს იპოვის ხმაში:
– ვაი, როგორ ვერ მიცანი, ვაი, ჩათლახიშვილი ვიყო...
და ისიც იცინის ცრემლებამდე. თან ზრდილია – ჯიბიდან უმალ თუმნიანს აძრობს, თამროს უკუჭავს ჯიბეში. თავიდან თითქოს უარზეა თამრო, მაგრამ აბა ეგეთი უარის დედაცა და უდედობაც – ხომ ზუსტად მაგისთვის იყო გაჩალიჩებული ფანდი...
სხვაგვარ გზებზე არასდროს უვლია თამროს. ვერ იკადრებს ხიდთან დგომას. ეგღა აკლია, ვიღაც დაუბანელ და პირმყრალ გომბიოებს გაუყადროს თავი. ისევ ასე ურჩევნია – გაივლის, გამოივლის, კრიალა ვიტრინებში აირეკლება, სიგარეტს მოსწევს ყინჩად, აფიშებს ჩაიკითხავს, ჩავა ფეხით მიხაილოვის საავადმყოფომდე. იქ რიგები დგას ვიზებზე, ჩოჩქოლია, ფორიაქი. ნაცნობს გამოჩხრეკს, გაემასლაათება და ისიც მიუხვდება თამროს – მისცემს უანგაროდ, რაც ჯიბეში ეზედმეტება ხურდად თუ ქაღალდად. მერე დაუყვება უკან თამრო, მეტროს აუვლის, გამოფენილ წვრილმანს ჩააყოლებს მზერას, გაზიან წყალს დალევს, კიდევ ვინმეს გაემასლაათება – ძირითადში მაინც გამყიდველებს. კარგად სცნობენ ისინიც თამროს და მისი ცხოვრებაც იციან მისხალ-მისხალ. არც ერთია მათში იმგვარი უჯიგრო, თამროს ბღვერა უწყოს და აემრიზოს.
მარტოც არ ცხოვრობს თამრო, მხოლოდ საკუთარი თავის გატანაზე ჰქონდეს საქმე. ძმაცა ჰყავს უმცროსი, ბავშვობიდან ინვალიდი და უთვალისჩინო დაბადებიდან – სულ ტელევიზორთან მჯდომი და იმდენის მცოდნე, იმდენის, ტელევიზორში რომ გამოდიან, იმათ არ იციან მაგდენი. უსმენს ყველაფერს გულდასმით და სხვა რა საქმე აქვს – იმახსოვრებს. კროსვორდების შევსებაც იცის ელვის სისწრაფით. თამროს აკითხებს ხოლმე და ისიც არ იზარებს. ხანდახან, დღეებია, რაიმე მსუქანი წიგნის წაკითხვასაც არ თაკილობს თამრო ხმამაღლა, ძმის ხათრით. წიგნს იქ თხოულობს, მეტროსთან მაღაზია რომაა `ჟურნალისტი~ – ხან ორი დღით, ხანაც მეტით. ძველი წიგნებია ძირითადად. აბა ახლებში რა ჩაიხედავს. როგორც ძმა ამბობს – ტუტუცობებია მეტწილად. ჰოდა, უკითხავს თამროც ძმას ხან ანატოლ ფრანსს, ხან ჩეხოვ-დასტაევსკის, ან კი ჯავახიშვილ-ივლინ ვოს და არჩევს მერე