განჯადოება Never Ending Peace And Love
ეს ჰაერი და ეს ცა მიყვარს კატმანდუს ტრიბჰუვანის აეროპორტში თვითმფრინავიდან ახალგამობიჯებულს. ბავშვობისდროინდელი, ძველი სახლის სუნი და გემო დგას აქ:
ანი) ვგულისხმობ შორეული ბავშვობის ირმებიან ფარდაგს და სერვანტში გამოდგმულ ფაიფურის ბალერინებს...
ბანი) ვგულისხმობ იმავე ბავშვობის საძინებლის კედელზე ფლომასტერებით მიხატულ პირგაკრეჭილ მზეს და ლაქებიანი ჭერის ობობასქსელიან ბუზებს...
განი) იქვეა სასთუმალთან ჩამომჯდარი მომჭკნარი ბებოც სიტყვებით: "აბა, თვალები დახუჭე, ლექსო, თორე მოვიდა ყინულის დედოფალი და წაგაბრძანა ცხრა მთას იქით, ჯანდაბაში..."
დონი) საბნის თავზე უცებ გადაფარება და დამალვაც მახსოვს იმავე ბავშვობიდან და თითქოს რომ ვიღაც, თოვლის კაცივით ვეებერთელა, მოდის და მიახლოვდება იმ ცხრამთისიქითა ჯანდაბიდან ფეხაკრეფით...
ფეხაკრეფითვე ჩავდივარ ავიატრაპის ყანყალა კიბეს. მიწაც ჩემია აქ. ბჯენი ასფალტს... ჰუჰ! აშკარად იმ ჩემს ჯანდაბაში გამოვიტაცე თავი და კიდევ ერთხელ დავბრუნდი. აბა, ვსწორდით-სმენა! დავდექით გამართულად, "ხელები განზეს" გარეშე! მაინც ვირწევი ადგილზე ნედლი ყლორტივით... კატმანდუს აეროპორტის თბილი ასფალტიც ჩემია. ხალხი მტვრიან ავტობუსში შელაგდა და ყველა მე მელოდება, მე კიდევ თითქმის წაქცევაზე ვარ: ფეხი და ენა ერთნაირად მერევა, კანი და ხერხემალი ერთიანად მოჭიმულია, სისხლიც თითქოს გამხმარია და კრისტალებად დახრაშუნობს კანქვეშ. არა უშავს! უკეთესი ადგილი თავის გადასარჩენად მე არ ვიცი... იმავ სისხლითვე ვგრძნობ, რომ აქ ასეთსაც ყველა მიცნობს: ხალხიან-ძროხიან-სპილოიან-ძაღლიან-ყვავიან-მტრედებიანად. ესენი მომივლიან, შემინახავენ, ხელს შემაშველებენ, გამოსავალს მომიფიქრებენ... კატმანდუს ტრიბჰუვანის აეროპორტი ხომ ჩემი რომელიღაც წინა ცხოვრების სახლის წინკარივითაა. ისევ ძველი და ნამდვილი სახლის სუნი. არ დავიოთხო ხალხის ამ კლაკნილ რიგში! ფორმალური სავიზო რეგისტრაციის შემდეგ დუნე ესკალატორია. ჩემი ჩანთა "სალამონისაა" – შავ-ჭრელსა და გაბერილს საკუთარი ცხედარივით მივახოხიალებ აეროპორტის ცივ კაფელზე. ჭერი-იატაკი-კედელი-კედელი. ემანდ, დაოთხილი არ გავიდე გარეთ.
ოთხჯერ ვიფურთხები: ან-ბან-გან-დონ!
თებერვლის კატმანდუ წარბებმოშვებული წმინდანის იერზეა. აეროპორტიდან გაღწეულს, ცა ჰიმალაების ფერმიხდილ ნიავს მაბერავს თავზე. ნაქსოვ ქუდს თვალებამდე ვიფხატავ. ეს ჩემი გაბერილი ქურთუკი დამცავ-ჯავშანივითაა ასეთ დარში.
– ტაქ-ქსი! ოთ-ოთხასად ხომ წა-წამიყვან ტამმე-მელამდე, ნამ-მა-სტე? – ენა და ტვინიც კაიხნის ათქვეფილი გოგლიმოგლივით არეული მაქვს.
* * *
ტაქსიდან ტამელ-ჩოუკზე გადმოსულს, ნაბიჯები გზას სასტუმროსკენ ვარაუდით მიმაბლანდვინებენ. გარშემო ყველაფერი ძველებურად ბუდასფერებითაა გადაზელილი. ლაღი ღიმილებით ჟღარუნობს ქუჩა. ტამელ-უბანი ტრადიციულ ზუზუნ-ბზუილშია. ირგვლივ და ყველგან, როგორც უწინ, სხვადასხვა მომენტში ჩართული ბუდისტური ლოცვა "ომ მანე პადმე ხუმ" ისმის. ხალხის მორევი ლაღად მოიღვრება და მიედინება. მეც ამ ხასხასა მიქცევ-მოქცევის ნაწილი ვარ. თავში დომხალია, უფრო კი მრავალსახეობა ნეპალური ეკრანისა. აქაურ ცაში ღრუბლებია. ყვავ-მტრედ-არწივიანი ფაფუკი ღრუბლები. მათ მიღმა ალბათ ცაა, ხოლო ცის მიღმა კოსმოსია... კოსმოსის მიღმა რაღა ჯანდაბაა?.. იქნებ რამენაირად დავლაგდე სასტუმრომდე. ბარემ ხომ არ გამევარჯიშა? იოლად გამექნია ხელ-ფეხი: განმკლავი, წინმკლავი, ზემკლავი, ქვემკლავი... რამის თავი მაინც მქონდეს. ვიაროთ-ვიაროთ, ფრთხილად ვიაროთ, ოღონდ საკუთარივე ფეხს არ წამოვედო ამ ბორიალში... რა გავიხსენო იქამდე? რომელიმე აქაურო ღმერთო, გამახსენე რაიმე უმნიშვნელო დეტალი სავარაუდო მომავლიდან, პლზ! თუნდაც სულ პატარა წვრილმანი! არაფერი გამომდის... ღრმად ხომ არ მესუნთქა?.. ისევ წინ და წინ. ფეხი ხომ არ მერევა? ეს მარჯვენაა. ანუ, გამოდის – ესაა მარცხენა. ეს ჯერ კიდევ მახსოვს. ისევ ვიაროთ. იქნებ მიცნოს ვინმე ღვთისნიერმა და ხელი შემაშველოს.
– ნა-ნამმა-სსტეეე, ფი-ფი-ფოოოოოლლ! – ვხავი უცებ უმისამართოდ.
სამყარო თითქოს ჩერდება, ჩემკენ ტრიალდება და ფერადი მზერით მზომავს. მე საჩვენებელ თითს მაღლა ვწევ და საყრდენდაკარგული ადგილზე ვბარბაცებ. სახეები. სათვალეები. ტუჩები. აბრაკადაბრა. ყველაფერი ერთმანეთში მერევა. ყველაფერი წელვადი და ზნექადია.
– თთქვენ... ხომ გა-გახსოვთ... ვი-ვინ ვარ მე? – ენაბრგვილივით დანაწევრებით ვკითხულობ და უეცრად ძალიან მინდება ტირილი. დასტურად ცალი ცრემლიც კი მოჟონავს მარცხენა ლოყაზე და ყელში ჩამდის.
ჯერჯერობით ვერავინ მცნობს. ყველა ერთბაშად მაქცევს ზურგს. ესეც აქაური ზურგების ნათელი სამყარო: რბილი და მაგარი ზურგები. ასფალტიდან ძლივს ვწყვეტ ფეხისგულებს და ძალისძალად მივჩოჩიალებ. თავი მიბჟუის და შიგნით რაღაც "ჟ"-სმაგვარი ჟანგიანი ბგერები მებადებიან: ჟამიანობენ და ჟრიალებენ, ჟუჟუნებენ თავტვლიპინა კომისარ ჟუსავით.
ისევ წინ! ეს რა დაფოთლილი დღეა... ვიღაც ყურისძირში მიმღერის: ჩამოცვენილი ფოთლები ხეთა უკვე ნაფიქრი ფიქრებია და მაგიტომაც წყდებიან ტოტებსო. რბილი და მაგარი ფოთლები. ხრაშ-ხრუშ! მეორე მხარეს ხომ არ გადავსულიყავი? ქუჩის იქითა ნაპირი. გრძელთმიანი გიტაროსანი ბიჭები. ჩამოხეულჯინსებიანი გოგოები. წიგნების ქოსა გამყიდველები. ისევ ტამელის ხმელეთი. ხალხი. მგზავრები. ზუზუნი. ხმაური. საით? მარჯვნივ თუ მარცხნივ? იქნებ პირდაპირ. პირდაპირ გზაჯვარედინია. ზემოთ ჩემი საყვარელი "რეგი-კაფეა". რა მერეგეკაფეება ეგეთ მოშლილს. აგერ ცოცხალი ხილის გაწურული