ნამასტე - მე შენში ვხედავ ღმერთს უკვე მეოთხე წელია - ახალი სუნთქვა მაქვს გახსნილი და მე მას მოგზაურობის წყურვილს ვარქმევ. სწორედ ამის გადამკიდე აღმოვაჩინე ჩემი მეორე სამშობლო, სადაც თავს, როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ მუდამ.
ამასწინათ უკვე მეცამეტედ ვიყავი ჰიმალაების ძირას გაშლილ ჰიპებისა და მოგზაურების ქვეყანაში, რომელსაც ნეპალი ჰქვია. იქ 400-მდე ადამიანი უკვე მყავდა წაყვანილი და მომავალშიც არ ვაპირებ ვუღალატო ამ ჩემს ახალ პროფესიას და მხიარულ საქმეს.
- ნამასტეე! – მესალმებიან იქ ყოველდღე რიქშები, ტაქსის მძღოლები, წვრილმანებით მოვაჭრეები, წესრიგის დამცველები, ტურისტები.
ამ სიტყვას მეტად მაგიური მნიშვნელობა აქვს ნეპალში. გააჩნია დღის რა მონაკვეთში გესმით „ნამასტე“. დილის საათებში ის თავისუფლად შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს:
დილა მშვიდობის. გამარჯობა. როგორ გიკითხოთ? ხომ კარგად გეძინათ? კოღოს ან სხვა რამეს ხომ არ შეუწუხებიხართ ღამით? ხომ ყველაფერი რიგზეა? რამე ხომ არ გჭირდებათ? ახლა საით აპირებთ? მე შემიძლია, გიდობა გაგიწიოთ, დაგათვალიერებინოთ კატმანდუ და გიამბოთ მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ. ტური – ჰიმალაებისკენ! ნაგარკოტიდან მზის ამოსვლა და ევერესტი აუცილებლად უნდა ნახოთ. პოკჰარა და სარანგკოტი არ უნდა გამოტოვოთ. პარაპლანით ფრენა აქამდე არ გიცდიათ? მასაჟის კეთებაც ვიცი ტიბეტურის. ველორიქშად მოგემსახურებით. შემიძლია, ტაქსი გამოვიძახო თქვენთვის. ნეპალური ხინკალი მომო არ გაგისინჯავთ? – დასწყევლოს შივამ! გამოვასწორებთ!
საღამოს ნათქვამი ნამასტე უფრო მძიმე და ღრმაა. ინტონაციას თუ დაუკვირდებით, ის თავისუფლად შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს:
საღამო მშვიდობის. გამარჯობა. ხომ საინტერესოდ ჩაიარა დღემ? რამეს ან ვინმეს ხომ არ გაუღიზიანებიხართ? რამე ხომ არ დაგიკარგავთ? სად იყავით? რა ნახეთ? შემიძლია, გიდობა გაგიწიოთ. ჩემზე კარგად ნეპალის საიდუმლოებების შესახებ არავინ იცის. ისეთ სათავგადასავლო ტურს დავგეგმავდით ჰიმალაებისკენ, შურით დასკდებოდა ყველა. ევერესტს დავინახავდით ალიონზე. ფეხებითაც ვიცი ტიბეტური მასაჟის კეთება. ვახშამი თქვენთვის უკვე მზადაა. კაი ნეპალელი გოგო ხომ არ გინდათ? ღამით აქ მაინც სიგრილე იცის.
ისე კი, ხუმრობა იქით იყოს და, ეს სიტყვა უბრალოდ - „მე შენში ვხედავ ღმერთს“ ნიშნავს და ეს უკვე ძალიან მაგარია!
ასე ცხოვრობენ ამ ბედნიერ ქვეყანაში - უპრობლემოდ და უდარდელად. დაბინძურებული არ აქვთ გონება და სული ათასგვარი სისულელით და ყველა თავის საქმეს მუყაითად და ღიმილით აკეთებს. სტუმარი იქ ღმერთის რანგშია ლამის აყვანილი და ყოველმხრივ დაცულია. იქ იციან ნებისმიერი და თითოეული ადამიანის ფასი. სიცილი მათი საუკეთესო თვისებაა.
მახსოვს, იქ ყოფნისას წიგნის, ასე ვთქვათ სამოგზაურო რომანის დაწერა გადავწყვიტე - და მისი წერისას ერთი ძალიან საინტერესო რამ აღმოვაჩინე - ნეპალის პრეზიდენტის გვარი მჭირდებოდა ტექსტისთვის და სასტუმროს მეპატრონეს ვკითხე ამის თაობაზე. მან კაი ხანს იფიქრა, შემდეგ მეზობელი სასტუმროს მეპატრონე მოიყვანა და კაი ხანს იდავეს თუ ვინ იყო ქვეყნის პრეზიდენტი - რომ ვერ შეთანხმდნენ, აქეთ მომიტრიალდნენ და მკითხეს - რაში გჭირდება ნეპალის პრეზიდენტის გვარიო? არც ვიცით და არც გვაინტერესებსო. იქნებ რამე იოლი გვკითხოო ))
ჯამში, იქიდან ყველა სხვანაირი და შეცვლილი ბრუნდება. ეს წყალგაუვალი ფაქტია და სხვანაირადაც აგრძელებენ მერე აქ ცხოვრებას. პირადად მე - სწორედ ნეპალმა მასწავლა კიდევ ერთხელ და ხაზგასმით როგორი არ უნდა ვიყო არასდროს, მასწავლა ლაღი ღიმილი, თავისუფლად სუნთქვა, გამაცნო უნიკალური ადამიანები, რომლებიც ჩემს საუკეთესო მეგობრებად იქცნენ. ბოლოს და ბოლოს 40 კილო დამაკლებინა და უბრალოდ ჯანმრთელ ადამიანად მაქცია.
ადრე, ბავშვობაში, ზაფხულობით, მახსოვს - სოფელში რომ ვისვენებდი ხოლმე და თბილისში წამოსვლის დრო დგებოდა - ცრემლი მერეოდა. ახლა უკვე იქ ვარ ხოლმე ეგრე. გული მეთუთქება - როცა წარმოვიდგენ, რომ ისევ ამ ტელევიზორში შემძვრალ, დანევროზებულ ქვეყანაში მომიწევს სულ მალე ჩამოსვლა, სადაც იოტისოდენაც კი არაფერი მახარებს. ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვფიქრობ იქ სამუდამოდ გადასახლებაზე და ვიცი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად ასეც მოხდება.
„არ არსებობს ნეპალში მხოლოდ ერთხელ ნამყოფი ადამიანი!“ - ეს იქაური ცნობილი გამოთქმაა.
ასე რომ - ნამასტე, მეგობრებო!