1. სამშობლოში ათი წლის შემდეგ დაბრუნებულ ელენა ფაღავას აეროპორტის მოსაცდელში წითელი ყვავილების თაიგულებით მდგომი ვაჟი, რძალი და შვილიშვილი ერთნაირად მუქი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილები რომ დახვდნენ, ელენამ თავიდან ეს გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნისა და პატივისცემის ნიშნად აღიქვა, მაგრამ რომ მიმოიხედა, გული გადაუქანდა: აეროპორტის მოსაცდელში ყველას შავები ეცვა და ყველა ერთნაირად ნაღვლიანად იმზირებოდა. თან ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ელენამ ამ დროს შორიახლო მდგომი შავკაბიანი ჟურნალისტი გოგონას მოღაღადე ხმით დასმული კითხვაც გაიგონა:
– დონ ფრანჩესკო, რა შთაბეჭდილებებით ემშვიდობებით თბილის-ქალაქს? – გოგონა გასამგზავრებლად მზად მყოფი ცნობილი იტალიელი ფეხბურთელისგან იღებდა ინტერვიუს.
მისტერ ფრანჩესკომ პასუხად ლუდის განახევრებული ბოთლი მიიყუდა, ბოლომდე ჩაცალა, გოგონა ამღვრეული მზერით ჩაათვალიერა და რაღაცნაირად, თითქოსდა განზე და ყველას გასაგონად დამტვრეული ინგლისურით იკითხა:
– საინტერესოა, ვინ მოგიკვდათ ეგეთი?
– ბატონო? – ვერ ჩაწვდა ირონიული პასუხის არსს ჟურნალისტი.
ამის გაგონებაზე ელენას თითქოს გულზე მოეშვა, ეშმაკურადაც აპრიხა ცალი წარბი და ერთბაშად ამსუბუქებულმა თავისიანები რიგრიგობით ჩაკოცნა.
აეროპორტის მოსაცდელში ხმაური იდგა. ცხვირში მოლაპარაკე ინფორმატორი ჩამოფრენილი თუ ასაფრენი რეისების შესახებ გაბეზრებული ხმით აცხადებდა და ელენასაც ნაცნობი ინტონაციის გაგონებაზე უცნაურად დაბურძგლა.
– ნუ, რა საცოდაობაა... – წამოსცდა გაკვირვებით და ვაჟს ახედა.
– აბა, საცოდაობა?
– ხმა რომ სულ არ შეცვლია!
ვაჟმა დედას პასუხად მხიარულად დაუქნია თავი და თვალები სასაცილოდ დააელმა. ელენამ ისევ ღიმილით აპრიხა ცალი წარბი, მერე რძალს მიუტრიალდა, ხმაურით გადაკოცნა და თვალებში ჩააცქერდა.
– რამდენი ხანი გასულა, შვილი... რამდენი...
მერე შვილიშვილს მიუტრიალდა და ფეხის წვერებზე აიწია.
– ტატო, რამხელა გაზრდილხარ, ბებო! ვეღარ გწვდები!
ტატო ამ ათ წელიწადში მართლაც შესამჩნევად გაზრდილიყო და უკვე წვერის პარსვის სადღაც მეექვსე წელში იქნებოდა. ვაჟი და რძალი ძველებურად მხნედ კი გამოიყურებოდნენ, თუმცა გასულ ათწლეულს მაინც დაემჩნია თავისებური დაღი მათი სახეებისთვის: როგორც ერთი ასაკის ცოლ-ქმარს თანაცხოვრების სადღაც ოცი წლის თავზე ემართება ხოლმე, რძალი მეუღლეზე კაი ათი წლით უფროსს ჰგავდა და ზედა ტუჩზე ზედმეტად დასტყობოდა ასაკის მაჩვენებელი ღინღლი.
ცოტა ხნის შემდეგ სტაფილოსფერ მანქანაში მჯდომ ელენას რიგრიგობით მიჰქონდა ცხვირთან წითელი თაიგულები და ჩაწეული ფანჯრიდან ქალაქის შემოგარენის ბინძურ ხედებს გასცქეროდა.
– ყველაფერი ისევ ისეთი ჩანს... – ამოილაპარაკა ელენამ ქალაქში შესვლისას.
– როგორი – ისევ ისეთი? – ღიმილით შემოხედა სარკიდან ვაჟმა.
– ძალიან კარგად იცი, როგორიც! – დაუბრუნა ელენამ სარკეშივე პასუხი, თუმცა იქვე მიხვდა, რომ უკმეხად გამოუვიდა და ნათქვამის გამოსწორებას შეეცადა: – მაგ ულვაშებში სულ საცოდავ მამაშენს გავხარ, ერეკლე... – და თამამადაც გაუსწორა ვაჟს სარკეში მზერა.
ერეკლემ პასუხად ამაყად აიგრიხა მარჯვენა ულვაში და ოთხჯერ დაასიგნალა.
– იკა, წესიერად ატარე! – ცალი წარბის მკაცრი აწევით მისცა შენიშვნა ერეკლეს გვერდით მჯდომმა ცოლმა.
– ჩემი აზრით, დ’არტანიანს უფრო გავს... ოღონდ ოცი წლის შემდეგ... – თქვა ტატომ ცოტა ხნის შემდეგ უხერხული დუმილის გასაფანტად და ბებიას თვალი ჩაუკრა.
მანქანაში ხითხითი ატყდა.
რძალმა დედამთილს გამოხედა და ფართოდ, მაგრამ ძალიან ყალბად გაუღიმა. ელენამაც მაშინვე შეამჩნია, რომ რძალს ღიმილთან ერთად, კბილებიც ხელოვნური ჰქონდა.
***
საქართველოსთვის მწარე 90-იანებში ერეკლე ფაღავას ცოლს – დრამატული თეატრის ყოფილ მსახიობსა და თავის დროზე თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს გოგოს, მარიკუნა გავაშელიას – მაკლერობით შემოჰქონდა ოჯახში ფული. ისიც იშვიათად, იმიტომ, რომ სამაკლერო იმ დროს ბევრი არაფერი იყო: ბინებს უფრო ხშირად, უბრალოდ, კეტავდნენ და უკანმოუხედავად გარბოდნენ. ზოგი უცხოეთს აფარებდა თავს, ზოგიც – სოფელს. ვისაც ერთის საშუალება არ ჰქონდა და მეორე არ გააჩნდა, ისინი ყველაზე საწყლები იყვნენ. ხერხემალზე ჭიპაკრულ ხელმოკლე მოსახლეობას შიოდა და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიიდან ახალგამოვარდნილივით ეცვა. არსებობდა იშვიათი გამონაკლისები, მაგრამ ისინი იმდენად იშვიათი იყო, სათვალავშიაც არ მიიღებოდა.
– გაიგე, გოგო?!– ნამტირალევი ხმით ურეკავდა მარიკუნას კორპუსის მეზობელი, ზოდიაქოთი ისტერიული ქალწული, იდა ზუევა გვერდითა სადარბაზოდან, – ლიმონაშვილი სამსართულიან დაჩას უშენებს გუმანიტარული დახმარებით თავის ბოზ ხათუთას! ჯერ პერლამუტრი მანკანაო! ჩაცმა-დახურვა ხომ არ დაუკლია, ეხლა კიდო ბასეინიანი სახლიო. მალე ალბატ ვერტალიოტსაც უკიდის!..
– შვეულმფრენი ქვია მაგას ქართულად, იდა...
– შემეშვი ერთი მაგ შენი ქართულით!.. გამომიხვედი შენც ვიღაც ულტრაპატრიოტი! რა მნიშვნელობა აქვს ისე... სად ვიყავი? სულ დამაბნიე... ჰო... ლიმონაშვილი-მეთქი!
– ლიმონაშვილმა კიდევ, იმის მაგივრად, ცოლ-შვილს მიხედოს... საცოდავი დოდოშკა... წარმომიდგენია, რას გავს მის ხელში...
– ცოლ-შვილსო?.. თითქოს მაგათ აკლებდეს რამეს!.. გულზე ხელი დაიდე,