დოდოს მოლოდინში (ორმოქმედებიანი ნამდვილი ამბავი - არამხოლოდ მათთვის, ვისაც სემუელ ბეკეტის პიესა “გოდოს მოლოდინში„, უკვე წაკითხული აქვს)
მონაწილეები:
მამა
მისი უფროსი ვაჟი
მისი უმცროსი ვაჟი
დოდო - მათი დედა
ნაირა - სტაჟიანი ემიგრანტი საბერძნეთში
ლილი - ახალი ემიგრანტი საბერძნეთში
ოთარი - ყოფილი ფოტოგრაფი
კირია მარია
და
წარმომადგენელი მოხუცთა პანსიონიდან
ამ პიესის მოქმედება იწყება ჩვენი დროის საბერძნეთში. სცენის სიღრმეში ჩანს ოთახი, რომლის კარიც ღიაა და ამიტომაც იქიდან კარგად ისმის ასაკოვანი ადამიანის კვნესის ხმა. თუმცა კვნესის ხმას არანაირ ყურადღებას არ აქცევს ქალბატონი ნაირა, რომელიც სცენაზე ენერგიულად მიდი-მოდის გადაშლილი რვეულით ხელში და მაგიდასთან მჯდომ ლილის, შეკითხვებით მიმართავს:ნაირა - ოდონდოღლიფიდა?
ლილი - კბილის ჯაგრისი
ნაირა - (რვეულსაც ჩახედავს) ნამდვილად?
ლილი - შემეშალა, კბილის საჩიჩქნი, სულ ეგ მერევა ხოლმე
ნაირა - ახალჩამოსულებს ყველას ეგ ერევათ, კბილის ჯაგრისი როგორ იქნება?
ლილი - (ჭერს ახედავს და პაუზას გააკეთებს)
ოდონდოვურცა?
ნაირა - სწორია! თუ მოინდომებ ისწავლი, შეუძლებელი არაფერია. არადა შეიძლება ისეთი კირია შეგხვდეს, ერთი შეცდომაც არ გაპატიოს...
(უცებ იმ ოთახიდან, რომლის კარიც ღიაა, ასაკოვანი ადამიანის კვნესის ხმა კიდევ ერთხელ ისმის, რაც მხოლოდ ლილის შეაშფოთებს):ლილი - იქნებ რამე უნდა?
ნაირა - რა უნდა უნდოდეს, ასეა უკვე მეოთხე წელია - არაფერს არ ამბობს და მარტო კრუსუნებს.
საღამომდე მაგას არაფერი ჭირდება და ნეტა ყველას ასეთი კირია შეხვდებოდეს. შენ გააგრძელე და ყურადღებას ნუ მიაქცევ, თორემ მალე დოდოც მოვა და ვეღარაფერს მოვასწრებთ.
ლილი - კირია ასეთ დავრდომილებს ჰქვია თუ ყველას ასე ეძახიან
ნაირა - კირია ბერძნულად პატრონს ნიშნავს, ჩვენებურად ხაზეიკას რო ვეძახით ხოლმე
ლილი - გავაგრძელოთ მაშინ
ნაირა - ვთქვათ კირია გეუბნება პაპუცია მომიტანეო, რას შობი შენ?
ლილი - ფეხსაცმელი მიმაქვს
ნაირა - ზოგი იბნევა და ჩუსტი მიაქვს მაგ დროს და კირია ბრაზობს. შარშან მაგალითად, მაგის გამო დაითხოვეს თესალონიკში ერთი ქუთაისელი ქალი. ლილი - კბილის ისინი მერევა, თორე პაპუცია კი დავიზეპირე უკვე
ნაირა - კარგი მაშინ, მოგადგა ასტიმონია და გთხოვს ადიაპარამონს, რას შვები მაშინ?
ლილი - ასტიმონია ვინ არის?
ნაირა - ამათ პოლიციას ასე ჰქვია. რა ვიცი გენაცვალე, მთელ მსოფლიოში პოლიცია ჰქვია და ესენი ასტიმონიას ეძახიან, ცოტა უკუღმართი ხალხია და რას გაუგებ. კაი, ვთქვათ მოგდევს ასტიმონია, რას შობი მაშინ?
ლილი - მაშინ გავრბივარ
ნაირა - სა გარბიხარ გოგო?! შენ გაექცევი აქაურ ასტიმონიას? რასაც ესენი ხალხს დასდევენ, ძველიმარათონელების ქვეყანაა ეს!
ლილი - აბა რა ვქნა?
ნაირა - თუ მოგადგა ასტიმონია და გეუბნება მაჩვენე ადიაპარამონი, ესე იგი საბუთებს გთხოვს და ჯობია რომ იქით დააბნიო და შენ ჰკითხო რა უფრო აინტერესებს, ტავტოტიტა თუ დიავატირიო...
ლილი - (აწყვეტინებს გაკვირვებული) მე რომ არც პირადობის მოწმობა მაქვს და არც პასპორტი? ნაირა - არც არავინ მოგთხოვს, ისე გითხარი, სავარჯიშოდ, სიტყვები რომ ადვილად ისწავლო, თორემ აქ ხალხი პირდაპირ ქუჩაში წევს და ყრია, იმათ არავინ ეკარება და შენ ვინ გაგაჩერებს. აქ ევროკავშირია გენაცვალე, ტყუილ-უბრალოდ ვინ შეგაწუხებს... ლილი - რა ვიცი, ნაირა დეიდა, კი შევშინდი ცოტა ნაირა - შენ რაც გზაში გადაიტანე, იმის მერე რამე შეგაშინებს?
ლილი - აბა რეიდებს აწყობენო?(ლილი კიდევ რაღაცის თქმას დააპირებს, მაგრამ კარზე ვიღაც დააკაკუნებს და ნაირა რვეულს ლილის მისცემს და თვითონ კარისკენ წავა. ჯერ ჭუჭრუტანაში გაიხედავს და მერე გააღებს).
ნაირა - (ახალშემოსულ დოდოს) ზარი რატომ არ დარეკე?
დოდო - (ოთახისკენ თავით ანიშნებს) ვიფიქრე არ გავაღვიძო-მეთქი
ნაირა - მაგას საღამომდე რა გააღვიძებს. შუადღისას შენიც ხომ იძინებს ხოლმე?დოდო - ჩემი ზოგჯერ დღეში ორჯერაც იძინებს, უკვე ოთხმოცის ხდება
ნაირა - (ფეხზეწამომდგარ ლილიზე ანიშნებს) დოდო, აი, ეს არის ლილი, რომ გეუბნებოდი. სულ ორი კვირაა, რაც ჩამოვიდა, მაგრამ ისეთი მონდომებულია, გაგიკვირდება
დოდო - (ლილის) ჩვენსკენ რა ხდება?
ლილი - იგივე
ნაირა - გზაში ძალიან გაწვალდა
დოდო - (ლილის) ალბათ ავტობუსით წამოხვედი ლილი - დაახლოებით მაინც ხომ ვიცოდი, რაც მელოდა, მაგრამ ამას მაინც ვერ წარმოვიდგენდი დოდო - სულ ქვემოთ იწექი?
ლილი - მაგას კიდევ გავუძლებდი, მაგრამ ისეთი აუტანელი სიცხე იყო, რომ ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ ჩავბარდე-მეთქი
ნაირა - გაზი ხომ არ უხმარიათ?
ლილი - კი გვაშინებდნენ, საზღვარზე გაზის გამოყენება იციან