"ამ წიგნის გამოქვეყნებას აღარც ვაპირებდი, რადგან გულუბრყვილოდ მეგონა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს საბჭოთა წარსული მხოლოდ მწარე მოგონება იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით. ჩვენ კი დავშორდით მხოლოდ დროს და არა იმ ქვეყნის ცნობიერებას, რომელსაც ბოროტების იმპერიას უწოდებდნენ, სადაც სიკეთე ისეთი იშვიათობა იყო, რომ კოსმოსის პირველამთვისებელ ზესახელმწიფოში, ჯინსები ვერ შეკერეს. ჯინსების შეკერვაზე კეთილი საქმე, აბა, რა უნდა ყოფილიყო, თუმცა საბჭოთა კავშირში ჯინსები მართლა ვერ შეკერეს და ამიტომაც ყველაზე ბოროტი გამოსავალი მოძებნეს – ჯინსები უბრალოდ აკრძალეს. აკრძალული ჯინსები კი უფრო ტკბილი აღმოჩნდა, ვიდრე აკრძალული ხილი და თავისუფლებასავით ნანატრი ჯინსების მოპოვება საბჭოთა ადამიანებმა კონტრაბანდული გზებით სცადეს. უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა გზით შემოღწეულ ჯინსებს შორის ზოგჯერ ნამდვილი ჯინსების აღმოჩენაც შეიძლებოდა, მაგრამ მაშინდელ საქართველოში ნამდვილი ჯინსები (და საერთოდ ყველაფერი ნამდვილი) ძირითადად ამერიკული ეგონათ, რადგან მთავარი საბჭოთა პროპაგანდა ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებს ებრძოდა. მოსკოვის იდეოლოგია (განსაკუთრებული მონდომებით) ამერიკულ ფასეულობებს უპირისპირდებოდა (მათ შორის ჯინსებსაც) და საბჭოთა ადამიანებსაც შეცდომით ეგონათ, რომ სადაც იყო ჯინსები, ბედნიერებაც იქ იყო."