-1-
ეს წიგნი ზღაპარივით იმიტომ იწყება, რომ ეს რომანი მართლა ზღაპარივით დაიწყო და რომანი კი იმიტომ ჰქვია, რომ ეს ამბავი სინამდვილეში სიყვარულის ისტორიაა.
სიყვარული კი მართლა შეიძლება იყოს ისტერიული, თუ ეს სიყვარული ორასი წლის წინ წაგართვეს და მისი დაბრუნება ახლაც ისევე გინდა, როგორც მაშინ გინდოდა, როცა პირველად აღმოაჩინე, რომ მოგატყუეს. ორასი წლის წინ რომ პირველად მოგატყუეს, მას შემდეგ სულ გატყუებდნენ და გეუბნებოდნენ, რომ სხვა გზა არც გქონდა, რადგან საქართველოდან ღრუბლიან ამინდშიც კი, მხოლოდ მოსკოვი მოჩანსო. ჩვენს მამებსაც ჩვენს საბჭოთა ბავშვობაში ერთი უცნაური ხუმრობა ჰქონდათ, რომელიც ახლა შეიძლება დაუჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ მაშინ მართლა ეუბნებოდნენ მამები შვილებს - მოსკოვი უნდა დაგანახოთო, მოულოდნელად პატარებს ყურებში წაავლებდნენ ხელებს და მაღლა სწევდნენ ხოლმე.
გარდა უცნაურისა, ეს იყო საკმაოდ მტკივნეული ხუმრობაც, მაგრამ მთავარი აქ მაინც არ იყო გაწელილი ყურების ტკივილი, ყველაზე სამწუხარო იყო დაპყრობილი ხალხის ცნობიერება - არასოდეს უთქვამს არც ერთ ქართველ საბჭოთა მამას თავისი შვილისთვის ლონდონს ან პარიზს დაგანახებო, რადგან საბჭოთა ადამიანისათვის სამყარო იწყებოდა მოსკოვით და იქვე მთავრდებოდა. ქართველებისთვისაც მოსკოვი და საბჭოთა იმპერია იყო მთელ დედამიწაზე ერთ-ერთი უძლიერესი, კოსმოსის ამთვისებელი ზესახელმწიფო და ვინც ასე არ ფიქრობდა, ისინი უკვე კარგა ხნის დახვრეტილები იყვნენ, ან ციხეებში ისხდნენ, ან სამზარეულოებში და ქართულ ჩაის ხვრეპდნენ, რომელსაც სოციალისტური შრომის გმირი თამარ ყუფუნია წარმოუდგენელი სისწრაფით კრეფდა. იყვნენ მოხალისე სკეპტიკოსებიც, რომლებიც ყოველდღე სვამდნენ ღვინოს პროტესტის ნიშნად (და არა ჩაის) და თბილისის ბირჟებზე იდგნენ მანამ, სანამ მილიცია გამოივლიდა კატეგორიული მოთხოვნით - დაუყოვნებლივ დაშლილიყვნენ უსაქმურები.
1961 წლის 12 აპრილსაც ვერაზე, პეტრე მელიქიშვილისა და იაკობ ნიკოლაძის ქუჩების კუთხეში, ყოფილი დუქნის („ტანც-გეურქას“) წინ ამაყად იდგა რამდენიმე ახალგაზრდა მოქალაქე და მილიციელების გამოჩენამდე ცოტა ზედმეტად ხმაურიანად, მაგრამ დარდიმანდულად მუსაიფობდა. თუმცა სანამ მილიცია მოვიდოდა, მშობლიურ ბირჟას (როგორც ერთგვარ სამსახურს) ტაატით მიუახლოვდა წინაღამენათევი და ნამთვრალევი, იმავე უბნის მკვიდრი რობინზონ ჯამასპიშვილი. სწორედ იმ დილით, როგორც კაცობრიობისათვის ცნობილია (იმავე კაცობრიობის ისტორიაში პირველად), ადამიანმა (კოსმონავტმა იური გაგარინმა), განახორციელა ღია კოსმოსში გაფრენა და ეს ინფორმაცია მიაწოდეს კიდეც ბირჟაზე ახალმოსულ, ნაბახუსევ ქართველ ახალგაზრდას, რომელმაც საპასუხოდ თქვა სრულიად ისტორიული ფრაზა:
- მაგასა ჭამს, ბიჭო, რობიზონა ჯამასპიშვილი?!.
როგორი დაუჯერებელიც უნდა ყოფილიყო რობიზონ ჯამასპიშვილისთვის საბჭოთა კოსმონავტიკის წარმატება, იური გაგარინი მაინც გაფრინდა კოსმოსში, იქიდან მთელ კაცობრიობასა და განსაკუთრებით კი, ანა მანიანის, მხურვალედ მიესალმა და დედამიწაზეც მშვიდობიანად დაბრუნდა. მეტიც, საბჭოთა სისტემის უპირატესობის პროპაგანდის მიზნით, ბედნიერ იური გაგარინს მთელ დედამიწაზე ბუშტებითა და ყვავილებით დაატარებდნენ და ეს იყო პირველი საბჭოთა ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ სოციალისტური ქვეყნების მოქალაქეებს უღიმოდა, არამედ - მთელ მსოფლიოს. შეიძლება ამ ღიმილს ემსხვერპლა კიდეც მოგვიანებით, როცა დარდისაგან სმა დაიწყო და სრულიად უკონტროლოც გახდა - შესაბამისად არასასურველიც საბჭოთა ხელისუფლებისათვის და ის გაქრა ცაში, როგორც მილიონობით ადამიანი საბჭოთა მიწაზე.
აღარ იყო იური გაგარინი და შესაბამისად, აღარ იყო პრობლემაც, რომელსაც იგი საბჭოთა ხელისუფლებას უცხოეთიდან დაბრუნებული უქმნიდა ხოლმე, რადგან ის ყოველთვის გულწრფელად ჰყვებოდა ყველაფრის შესახებ, რაც დასავლეთში მოსწონდა. განსაკუთრებით გიჟდებოდა ნამდვილ ამერიკულ ჯინსებზე და ოცნებობდა ნამდვილი ჯინსების წარმოებაზე მის მშობლიურ საბჭოთა კავშირშიც; რომ საბჭოთა მშრომელებსაც ჰქონოდათ კარგი ჯინსები და მათაც, ამერიკელი მშრომელებივით, ამაყად ევლოთ საბჭოთა ქალაქების ქუჩებში.
სხვებს თუ ეეჭვებოდათ, გაგარინმა ხომ დანამდვილებით იცოდა, რომ კოსმოსის ათვისებაში საბჭოთა კავშირს ბადალი არ ჰყავდა მაშინდელ მსოფლიოში და ჯინსების შეკერვას კი რაღა უნდოდა; მაგრამ იური გაგარინმა არ იცოდა, რომ ჯინსების შეკერვას, ნემსისა და ძაფის გარდა, კიდევ რაღაც სჭირდებოდა, რაც საბჭოთა კავშირში, უბრალოდ, არ იყო. თუმცა სურვილი კაპიტალისტური უპირატესობის დამარცხებისა იმდენად დიდი იყო, რომ საბჭოთა საქართველოში, კერძოდ კი, ხაშურის საგალანტერეო ფაბრიკაში, ჯინსების შეკერვა მაინც დაიწყეს. არჩევანიც არ იყო შემთხვევითი, რადგან სურამში (იქვე, ხაშურთან), ქართველი ებრაელები ნამდვილ ჯინსებს ჰყიდდნენ ჩუმად და საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების ამ ისტორიულ პროგრამას მაშინდელი ცეკას კულუარებში მართლაც საეტაპო სახელი ერქვა: „ჯინსებისა ჯინსებითა დამთრგუნველი!“
პროგრამა კი მშვენიერი იყო და ხაშურის საგალანტერეო ფაბრიკაში შეკერილ პირველ ქართულ ჯინსებსაც მშვენიერი სახელი („ბაკურიანი“) ერქვა, მაგრამ ამ პროგრამის ხარისხიანად განხორციელება მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა (გასაგები მიზეზების გამო) და ის ქართული ჯინსისმაგვარი შარვალიც, მხოლოდ ხაშურიდან ბაკურიანამდე ძლებდა ერთჯერადი მოხმარებისათვის და შეგეძლო ბაკურიანის მისადგომებთან ისე გადაგეგდო, რომ გულიც არ დაგწყვეტოდა.