"ჯერ მხოლოდ ივლისის დასაწყისი იყო, მაგრამ თბილისში უკვე ისე ცხელოდა, რომ იმ დღეს, ამერიკის საელჩოს მისადგომებთან, ალბერ კამიუ მესამედ გამახსენდა. თუმცა კამიუს აუტანელი სიცხე, როგორც წესი, ივლისის ბოლოს მაწუხებდა ხოლმე და საელჩო კი ამერიკელებს (მაშინ), ალექსანდრეს ბაღის წინ ჰქონდათ. იმ ბაღს რუსეთის იმპერატორის სახელი მეცხრამეტე საუკუნეში დაარქვეს მეტიჩარა ქართველებმა და მე კი ამერიკელებმა ორი ათას ერთი წლის ზაფხულში მიმიწვიეს ეგრეთ წოდებულ გასაუბრებაზე. შიგნით, შენობაში, რასაკვირველია, გრილოდა, რის გამოც მაშინვე დავწყნარდი და მასპინძლებსაც მშვიდად, აუღელვებლად ვუპასუხე შეკითხვებზე და როგორც აღმოჩნდა, ამერიკელებს ყველაზე მეტად (გადაწყვეტილების მიღებამდე) ჩემი დამოკიდებულება აინტერესებდათ მათი ქვეყნის მიმართ. მანამდეც, ჯერ კიდევ ჩვენი პირველი სატელეფონო საუბრიდან ვიცოდი, რომ ამერიკის საელჩო რომელიმე ქართველი მწერლის გაგზავნას აპირებდა შტატებში და მათი არჩევანი, რა თქმა უნდა, ჩემს პასუხებზეც იქნებოდა დამოკიდებული."