I.R.A.
სულ არ ჰგავდა შინეიდ ო’კონორს – წითელი, ხუჭუჭი თმა და ჭორფლიანი სახე ჰქონდა, მაგრამ რამდენჯერაც მას დავინახავდი, იმდენჯერვე შინეიდ ო’კონორი გამახსენდებოდა ხოლმე და ალბათ იმიტომ, რომ ესეც ირლანდიელი იყო.
თუმცა ვხედავდი თითქმის ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) ლექციებზე, სადაც ლექტორებს შეკითხვებით არასოდეს მიმართავდა და ყოველთვის ჩუმად იჯდა. როცა ჩვენი ინგლისელი პროფესორები ისეთი მონდომებით ხუმრობდნენ, რომ დანარჩენი სტუდენტები თავშეუკავებლად ხარხარებდნენ, მაშინაც კი ჩუმად იყო და რაღაცაზე ფიქრობდა. ის არასოდეს მინახავს არც იმ პაბში, სადაც მთელი უნივერსიტეტი იკრიბებოდა ხოლმე პარასკევ საღამოს და იქ ჩვენი ძვირფასი ლექტორები სტუდენტებთან ერთად სვამდნენ შუაღამემდე, ზოგჯერ დილამდე, ვისაც სადამდეც შეეძლო.
ერთხელ კინოშიც დავპატიჟე. ლონდონში ყველაფერი ძვირია, მაგრამ იაფ კინოთეატრს მაინც მივაგენი ლესთერ-სქვერზე და იქ დავდიოდი ხოლმე. უარი მითხრა.
მეორეჯერაც დავპატიჟე, რადგან მართლა მაინტერესებდა, ასეთი სერიოზული სახით რაზე ფიქრობდა, თანაც გამუდმებით და იმის გარკვევაც მინდოდა, რატომ სწავლობდა ჩვენთან ერთად, თუ ის ირლანდიელი იყო. ირლანდიელი კი ნამდვილად იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისთვის ინგლისური (ჩვენგან განსხვავებით) პირველადი ენა უნდა ყოფილიყო და წესით, სულ სხვა პროგრამით უნდა ესწავლა.
მეორედაც რომ უარი მითხრა, ჩვენმა პროფესორმა, პარასკეობით რომ ვისკის ჭიქას მიჭახუნებდა მონდომებით, ასეთივე მონდომებით ამიხსნა, რომ არიან ირლანდიელები, რომლებიც პრინციპულად არ მიიჩნევენ ინგლისურს მშობლიურ ენად და ასეთ შემთხვევებში ისინიც თქვენი პროგრამით სწავლობენო. ასეთმა პასუხმა კიდევ უფრო დამაინტერესა და მესამედაც ვაპირებდი დაპატიჟებას, მაგრამ კვირას ჰაიდპარკში წასვლა თვითონ შემომთავაზა.
ერთმანეთს მარბლ არჩის ამოსასვლელთან შევხვდით. გამორჩეულად მზიანი დღე იყო და როგორც ასეთ დღეებში ხდება ხოლმე, პარკში უამრავი ადამიანი დაგვხვდა. ძირითადად მზეს ეფიცხებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი უსმენდა ირლანდიელ ორატორს, რომელიც ინგლისელების იმპერიულ პოლიტიკას საკმაოდ ომახიანად აკრიტიკებდა. ჩვენც ვიდექით და ვუსმენდით, თუმცა პირადად, ბალახზე წამოწოლა მერჩივნა, მაგრამ იმ ირლანდიელ ორატორს ისე გაუგრძელდა სიტყვა, რომ საშინლად დავიღალე. ამანაც შემატყო და გაეღიმა. პირველად ვნახე გაღიმებული და რადგან გაღიმებული ვნახე, ბოლომდე გავუძელი ინგლისელების ლანძღვას.
მერე ვიწექით ბალახზე, რომლის სუნიც ისევე მსიამოვნებდა, როგორც მზე ლონდონის ცაზე და ამ ირლანდიელი გოგოს სიახლოვე, რომელიც სულ არ იყო ლამაზი, მაგრამ ყველაზე ახლოს იყო ჩემთან და ვაკოცე ისე, როგორც საყვარელ ბავშვებს კოცნიან ხოლმე. მე ვაკოცე ლოყაზე, თვითონ ტუჩებში მაკოცა და მერე, როცა მეც ვკოცნიდი ტუჩებში, გამახსენდა, რომ ამის გამო ულტრალიბერალურ ლონდონშიც კი შეიძლება დაგაჯარიმონ, თუ ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ხდება. ეს რომ ვუთხარი, აშკარად გაუხარდა. მითხრა, უკეთესი იქნება თუ დაგვაპატიმრებენ, რადგან მთელი მსოფლიო გაიგებს, როგორი არადემოკრატიულია ინგლისი და ისე სწრაფად გაიხადა, რომ უხერხულობისა და მოულოდნელობისაგან, არც ვიცოდი, რა უნდა მექნა. ყველაფერს ჩემ მაგივრადაც თვითონ აკეთებდა და ვლოცულობდი, რომ პოლიცია არ მოსულიყო დღისით-მზისით შუაგულ ლონდონში, ღია ცის ქვეშ, უამრავი თვითმხილველის თვალწინ, ამ აღვირახსნილობის აღსაკვეთად. როცა დამემშვიდობა, მომეჩვენა, რომ თვალები სველი ჰქონდა.
მეორე დღეს ორშაბათი იყო, თუმცა ლექციებზე არ მოსულა. შუადღისას გოგი ძოძუაშვილს უნდა შევხვედროდი ჩარინგ ქროსზე, მაგრამ ქუჩაში არ გაგვიშვეს – ტერორისტებმა სიტიში რაღაც შენობა ააფეთქესო და ორი საათით მთელი ლონდონი დაცარიელდა. მხოლოდ საღამოს სახლში მისულმა ბიბისიზე ვნახე ჩემი ჭორფლიანი, უკვე დაპატიმრებული ირლანდიელი...