იაშკაც ამსტერდამზე ოცნებობდა, მაგრამ მაშინ, ოთხმოცდაათიან წლებში, ჯერ ბერლინში აღმოჩნდა – მე თვითონ უნდა ვნახო, როგორია ცა ბერლინის თავზე და ვიმ ვენდერსი რომ მიმიწვევს რომელიმე მთავარ როლზე, თავის რომელიმე ახალ ფილმში, იქვე ვიქნები, შორიდან ჩასვლა აღარ დამჭირდებაო. ვისაც საკუთარ თავზე ხუმრობა შეუძლია, ყველა ჩემი მეგობარი მგონია, მაგრამ იაშკა რაღაც ამოჩემებულივით მიყვარდა ყოველთვის, და რაც მან სულ ბოლოს, უკანასკნელად დაინახა, ამსტერდამის ცა იყო. ალბათ ასეთი იყო, ან აი ასეთი, როგორიც ახლა ჩანს ჩემი სახლის ჭერიდან სპაუს მოედანზე, შუაგულ ამსტერდამში, საიდანაც ცას ვუყურებ ხოლმე, უფრო სწორად კი, ავყურებ, რადგან ჩემს ბინას ერთი დიდი ფანჯარა, საძინებლის ჭერზეც აქვს.