პროლოგი „ვიდრე ამ წიგნს გადავშლიდე, მინდა ჩემი გული გადავშალო“. ემილ ზოლა
„თმებზე - იანვარი, გულში - მაისი...“
ჰაინრიხ ჰაინე
მაისში სიზმარი ვნახე - მფრინავ ხალიჩაზე ვიჯექი და ვტიროდი. რა მატირებდა: ზემოდან ისეთი ლამაზი იყო თბილისი, უკითხავად ჩამომიგორდა ცრემლი ჯერ ლოყაზე, მერე ხალიჩაზე და ბოლოს, ის ჩემი ცრემლი მეიდანზე დაეცა, იქვე, მეჩეთის მინარეთთან და გამიკვირდა. რამ გამაკვირვა: თბილისი იყო ძველი, საუკუნის წინანდელი და მეიდანი კი ისეთი ხალხმრავალი და მხიარული, ზემოდან კიდეც რომ მეყვირა, - ხალხო, რა გახარებთ, მალე ეს ქალაქი დაინგრევა და ჩაიძირება-მეთქი, - მაინც არ დამიჯერებდნენ. მაინც ვიყვირე და გულიანადაც გაეცინათ, მერე ერთხელაც შემოვუფრინე თბილისს და ძილი გავაგრძელე.
ივნისში, ერთს ჩვენებურ გაზეთში, ინტერვიუ წავიკითხე ერთი წყალში მყვინთავისა და მას შემდეგ აღარც დამიძინია. მყვინთავი კაცი ამბობდა: ყველაზე საშიში იმ ადგილებში ჩასვლაა, სადაც მტკვარი ძველი თბილისის უბნებს გაივლის, რადგან წყლის ქვეშ უბნები, სახლები და ქუჩები ისევე დარჩა
როგორც ჩაძირვამდე, ერთი საუკუნის წინათ იყოო. იქ რომ ჩაყვინთავ, შეიძლება, წყალმა პატარა ქუჩებით ისეთ სახლებში შეგიტყუოს, უკან ვეღარც გამოაღწიო და სამუდამოდ იქ დარჩეო. იქაო, ოთახებიც კი ისევე არის დარჩენილი, როგორც მაშინ, როცა იქ ხალხი ცხოვრობდა და გვეშინია, ძალიან გვეშინიაო.
ივლისში მეტეხთან იმ ზაფხულს გადაღებული ფოტო ვნახე, როცა წყლის დონემ არნახულად დაიკლო და იმ სახლების კედლები გამოჩნდა, მყვინთავმა რომ ჩაძირული ქალაქი უწოდა.
აგვისტოში – თუშეთში ვიყავი, გომეწარი ვნახე. სექტემბერში – ლონდონში წავედი. ოქტომბერში და ნოემბერში ლექციები მქონდა.
დეკემბერში – ბრიტანეთის მუზეუმში იმ მასალებს მივაგენი მანამდეც რომ ვეძებდი, რადგან გადმოცემით ვიცოდი, რომ 1912 წელს ატლანტიკის ოკეანეში ჩაძირული გემის მგზავრებს შორის ქართველებიც იყვნენ.
გემს „ტიტანიკი“ ერქვა.
აი, მოვიდა იანვარი და ვწერ.
ვწერ წიგნს ჩაძირულ გემსა და ჩაძირულ ქალაქზე. როგორც არის.
როგორც იყო.