თავი 18
მგონი, უკვე ამსტერდამში ხარ და სამი თვე აქ იქნები, როგორც ადრე მომწერე და ეს იმას ნიშნავს, რომ მალე მნახავ. თუმცა, თუ სამი თვე აქ უნდა იყო, შეგიძლია არც იჩქარო და ჯერ შენი საქმეები მოაგვარო და ბაბუაშენის მასალები მოიძიო (თუ მართლა მაგ საქმეზე ხარ ჰოლანდიაში) და მერე ვნახოთ ერთმანეთი. ეს ხუმრობაც არ გეწყინოს და დღეს კიდევ ერთ მიზეზს გეტყვი, რის გამოც საქართველოდან წამოვედი. არ მახსოვს, მოგწერე თუ არა, რომ მამაჩემი და დედაჩემი ადრე გაშორდნენ ერთმანეთს. როცა მე გავშორდი ჩემს ქმარს და სახლში დავბრუნდი, მამინაცვალმა კედელზე გაკრული ვიღაც ამერიკელი კაცის ფოტო დამახვედრა. მართალია, ის ფოტო არა ჩემს ოთახში, არამედ მათი საძინებლის კედელზე ეკიდა, მაინც შოკი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან როგორც გავარკვიე, ეს ამერიკელი კაცი იყო მისი პირველი ცოლის ამჟამინდელი ქმარი და ყოველთვიურად რაღაც თანხას უგზავნიდა ამ უსაქმურს. საძინებელში კი ეკიდა, მაგრამ უსაქმური ძმაკაცები რომ მოაკითხავდნენ ხოლმე და ბედნიერებისგან გასულელებული დედაჩემიც დატრიალდებოდა სუფრის გასაშლელად, იმ გაკრეჭილი ამერიკელის ფოტო დიდ ოთახში გამოჰქონდა. დიდ ოთახს მე ვეძახდი, თორემ ეგენი ზალას ეძახდნენ. წინაპრების სადღეგრძელოების მერე იმ ამერიკელს დალოცავდა ხოლმე ჩემი მამინაცვალი და მის სურათსაც ყველას აჩვენებდა – აი ეს გამოყლევებული მარჩენსო. იმ ამერიკელს მართლა უცნაური, რაღაც ბეისბოლისტივით ქუდი კი ეხურა (რა გადავეკიდე ამ ქუდებს), მაგრამ წარმოგიდგენია, რა კეთილშობილი ადამიანი უნდა იყო, რომ შენი ცოლის ყოფილი ქმარი არჩინო ამერიკიდან საქართველოში?!
ესენიც, ამის ძმაკაცებიც, ფეხზე ადგომითა და სულ განსხვავებულებით სვამდნენ ხოლმე იმ ჯონათანის სადღეგრძელოს, მაგრამ მერე, მაგრად რომ დათვრებოდნენ, რომელიმე მაინც იტყოდა ხოლმე – მაგ პიდარასტებს ჩვენთვის მართლმადიდებლობის წართმევა უნდათო და იწყებდნენ ამერიკისა და ამერიკელების გინებას. სხვათა შორის, ყველაზე ძალიან მაინც დედაჩემის გამო მეშლებოდა ხოლმე ნერვები, რომ მორჩილი და ბედნიერი ქათამივით თვალებში შესციცინებდა თავის კრეტინ ქმარს და მის მიმართ ერთხელაც არ დასცდენია არანაირი საყვედური. ერთხელ კი იმასაც შევესწარი, თვალებგაბრწყინებული როგორ ცეკვავდა მაგიდაზე. ჩემს დანახვაზე დედაჩემმა ისე მოუმატა რიტმს, რომ აშკარად უნდოდა, მამაჩემისთვის მეთქვა, რა ბედნიერია ახალ ქმართან ერთად, რომელიც მას ქვემოდან ტაშისკვრით ამხნევებდა. იმ წუთში დედა ძალიან კი შემეცოდა, მაგრამ მერე ძალიან გავბრაზდი. ნერვები მომეშალა, რომ ვიღაც კაცმა ასეთი ტკბილი ცხოვრება მოიწყო დედაჩემის ხარჯზე და თანაც უკვე მერამდენე წელი, კმაყოფილი სახით იწვა ტახტზე და არაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რომ დროდადრო ლახანკას ითხოვდა. ტაშტი მაინც რომ ეთქვა, ჯანდაბას, მაგრამ ზუსტად ასე - ლახანკას ეძახდა ტაშტს. თუ მე სახლში ვიყავი, დედაჩემი თავს იკავებდა, მაგრამ ჩემი არყოფნის დროს, დარწმუნებული ვარ, სიხარულით მიურბენინებდა ხოლმე უსაქმურობისგან დაღლილი ფეხების ჩასაწყობად. უმუშევარი რომ იყო, არც აწუხებდა საერთოდ, და დედაჩემს რომ ვკითხე ერთხელ, ასე როდემდე უნდა იწვეს-მეთქი, მიპასუხა, სამსახურს ეძებს და რაღაც აუცილებლად გამოუჩნდებაო. მაგრამ სინამდვილეში ის სამსახურს კი არა, დირექტორის სამსახურს ეძებდა; მუშაობა კი არ უნდოდა, არამედ დირექტორობა. რადგან ხშირად თამადობდა, დარწმუნებული იყო, დირექტორობაც ეკუთვნოდა, ოღონდ სულერთი იყო, სად დანიშნავდნენ. ერთადერთი, რაც სიამოვნებას ანიჭებდა, თამადობა იყო და მისი ტვინიც - მხოლოდ სადღეგრძელოებით მოცული. თანაც იმდენად, რომ მაშინ, როცა რეიგანზე თქვეს, ალცეიმერის დაავადება დაემართა და არაფერი ახსოვსო, ამას გული დაწყდა: საწყალი რეიგანი ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოს ვეღარ დალევს და მაგის ცხოვრებას რაღა აზრი აქვსო. მისი დებილი ძმაკაცებიც ზუსტად ასე ფიქრობდნენ - რომ მთავარი სადღეგრძელოა და ყველაფერი დანარჩენი მეასეხარისხოვანი. ერთ-ერთის შვილმა რომ ოფიციანტად დაიწყო მუშაობა, მამამისი ხომ არ ელაპარაკებოდა იმ გოგოს და მამამისის ძმაკაცები ამბობდნენ, მარტო თავისი ოჯახი კი არა, ჩვენც შეგვარცხვინა და თავი მოგვჭრაო. ასეთ იშვიათ კრეტინებს დაუკავშირა თავისი ცხოვრება დედაჩემმა და ამიტომაც იმათზე მეტად დედაჩემზე ვბრაზობდი. არათუ პროტესტის გრძნობა არ უჩნდებოდა, ზოგჯერ ფიქრობდა, რომ ასეც უნდა იყოს: თვითონ დღედაღამ უნდა იშრომოს, ქმარმა კი იმღეროს და ისიამოვნოს. ვერ ვიტყვი, რომ მამაჩემი მამინაცვალზე ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ იმას თუ დაშორდა, მასზე უკეთესი ხომ მაინც უნდა მოეძებნა? ახალი წამოსული რომ ვიყავი და როცა დავურეკავდი ხოლმე, მეუბნებოდა, ზურას როგორ ყვარებიხარ – სულ შენ სადღეგრძელოებს სვამსო.
ზურა მაგას და ჯანდაბა.
ხომ ხედავ, უკვე წყევლაზე გადავედი.
თუ უკვე ამსტერდამში ხარ და გინდა, რომ კაცებზე კიდევ უფრო მეტი სიმართლე იცოდე, შედი რომელიმე წიგნების მაღაზიაში და იყიდე იმ სექსმუშაკის ავტობიოგრაფია, რომელმაც თითქმის