დასაწყისი
პირველად იყო ტიბეტი, როგორც შორეულზე შორეული ოცნება – ჯერ მხოლოდ შემთხვევით ამოკითხული ბავშვობის წიგნებში, მერე კი მონდომებით შესწავლილი იმავე წიგნებიდან.
რადგან ბავშვობის ყველა სასწაული წიგნებიდან იწყებოდა კიდეც, მერე ინტერესთან ერთად დაიბადა სურვილიც – საკუთარი თვალით მენახა სასწაული, რომელსაც ტიბეტი ჰქვია.
მერე ეს სურვილი უზარმაზარ მოთხოვნილებაში გადაიზარდა, როგორც მოსალოდნელი იყო და სერიოზულად დავიწყეთ იმაზე ფიქრი, როგორ გვექცია ოცნება ახდენილ ოცნებად. ოცნების ახდენას კი, სჭირდებოდა ფინანსური მინიმუმი მაინც და ამიტომაც გაჩნდა ფილმის გადაღების იდეა, რომელსაც ყველაზე მეტად ბატონმა რეზო ჩხეიძემ დაუჭირა მხარი და უპირველესი მადლობაც სწორედ მას ეკუთვნის.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები გამგზავრებამდე, ბოლო დღემდეც მრავლად გვქონდა, პირველი ქართული კინოექსპედიცია ტიბეტში მაინც შედგა და ჩვენმა ჯგუფმა (რეჟისორი – გიო მგელაძე, ოპერატორი – გიორგი ბერიძე, სცენარისტი – რეზო თაბუკაშვილი) უნიკალური მასალების მოძიება და გადაღებაც კი შეძლო. თუმცა გზა წარმატებამდე იყო გრძელი და რთული, ექსპედიციას კი ჩაშლის საფრთხე მოსკოვში ჩასვლისთანავე დაემუქრა.
მოსკოვიდან უნდა გავფრენილიყავით კატმანდუში და მოსკოვშივე უნდა შეგვეძინა კინოფირები კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი თანხებით, მაგრამ ფირის ფასი ზუსტად სამი დღის გაძვირებული დაგვხვდა ყველა მაღაზიაში, სადაც კი მოვიკითხეთ და უკან დასაბრუნებელი გზაც უბრალოდ აღარ გვქონდა. რამდენჯერაც ვიანგარიშეთ ჩვენი ფულადი შესაძლებლობები, იმდენჯერ დავრწმუნდით, რომ ფინანსურად საკმაოდ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ კინოფირების გარეშე ტიბეტში გამგზავრებას რა აზრი ჰქონდა და გაძვირებული, მაგრამ მაინც შეძენილი ფირით დამძიმებული ჩვენი ბარგი საგულდაგულოდ შევკარით. კინოკამერაც საგულდაგულოდ დავშალეთ და ზურგჩანთაში გადავმალეთ, რადგან მოსკოვურ საბაჟოსთან ურთიერთობის საკმაოდ მწარე გამოცდილება უკვე გვქონდა სამწუხარო შედეგებით და როგორც წესი, თუ ცუდი მებაჟე შეგხვდა, მათ ცივ გულებს, ვერანაირი ხვეწნა და თვალზე მომდგარი ცრემლი ვეღარ გაალღობს. და საერთოდ – მოსკოვში ცრემლების არ სჯერათ...