I დიდი ხანია, ცნობილია ჭკვიანი ხალხის ნათქვამი, რომ ბედნიერება ჯანმრთელობასავითაა: როცა გაქვს, ვერ ამჩნევ, მაგრამ როცა წლები გაივლის, როგორ იხსენებ ბედნიერებას, ო, როგორ იხსენებ!
ჩემს თავზე თუ მოგახსენებთ, როგორც ახლა გამოირკვა, ბედნიერი თურმე 1917 წლის ზამთარში ვყოფილვარ. ო, რა დაუვიწყარი, ქარბუქიანი, დაუდეგარი წელი იყო!
ამოვარდნილმა ქარბუქმა დახეული გაზეთივით ამიტაცა და მიყრუებული უბნიდან სამაზრო ქალაქში გადამაგდო. იფიქრებთ, დიდი რამეც სამაზრო ქალაქიაო! მაგრამ თუ ვინმე წელიწად-ნახევრის მანძილზე ჩემსავით მჯდარა ზამთრობით თოვლში, ზაფხულობით პირქუშსა და უღიმღამო ტყეებში, ისე, რომ იქაურობას ერთი დღითაც არ მოსცილებია, თუ ვინმეს ერთი კვირის წინანდელი გაზეთის ბანდეროლი ისეთი გულისძგერით გაუხევია, როგორც ბედნიერი შეყვარებული ცისფერ კონვერტს გახევს, თუ ვინმეს დაწალიკებით ცხენშებმული მარხილით მშობიარესთან 18 ვერსზე უვლია, ის, ალბათ, მიმიხვდება.
ნავთის ლამპა მყუდროების მომნიჭებელია, მაგრამ მაინც ელექტრონათურები მირჩევნია!
ჰოდა, მომხიბლავი ელექტრონათურები ისევ ვიხილე! აი, გლეხის მარხილებით კარგად გატკეპნილი მთავარი ქუჩა პატარა ქალაქისა, ქუჩა, სადაც თვალს ახარებდა ჩექმიანი აბრა, ოქროსფერი კრენდელი, წითელი დროშები, ფირნიში, რაზედაც გამოსახული გახლდათ ღორისთვალება, თავხედურად მომზირალი ახალგაზრდა კაცი, არაბუნებრივი თმის ვარცხნილობა რომ ჰქონდა. ეს ფირნიში გაუწყებდათ, რომ მინის კარს იქით ბრძანდებოდა იქაური ბაზილი, ვინც 30 კაპიკად გაგპარსავდათ, როცა მოისურვებდით, სადღესასწაულო დღეების გარდა, რაც ჩემს მამულში ასე უხვადაა.
აქამდე ძრწოლით ვიგონებ ბაზილის ხელსახოცებს. ამ ხელსახოცების დანახვისას უსათუოდ თვალწინ წარმომიდგებოდა კანის დაავადებათა გერმანული სახელმძღვანელოს ის გვერდი, სადაც დამაჯერებლად და თვალსაჩინოდ იყო გამოსახული მაგარი შანკრი ვიღაც კაცის ნიკაპზე.
მაგრამ ჩემს მოგონებებს ჩრდილი ამ ხელსახოცების გახსენებამაც ვერ მიაყენა!
გზაჯვარედინზე ცოცხალი მილიციელი იდგა, დამტვერილ ვიტრინებში ბუნდოვნად მოჩანდა რკინის ფირფიტებზე მჭიდროდ ჩამაგრებული წითურკრემიანი ღვეზლები, მოედანს თივა ეფინებოდა, ხალხი მიმოდიოდა ფეხით, ცხენებით, მარხილებით, ისმოდა ქუჩაში მყოფთა ლაპარაკი, ჯიხურში გასაოცარი ცნობების მაუწყებელი, გუშინდელი მოსკოვური გაზეთები იყიდებოდა, შორიახლოს მოსკოვის მატარებლების სტვენა გაისმოდა. მოკლედ, ეს გახლდათ ცივილიზაცია, ბაბილონი, ნევის პროსპექტი.
საავადმყოფოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. იქ იყო ქირურგიული, თერაპევტიული, გადამდებ სნეულებათა და სამეანო განყოფილებები. საავადმყოფოში იყო საოპერაციო, სადაც ელავდა ავტოკლავი, ვერცხლისფრად ბრწყინავდა ონკანები, მაგიდებს მოუჩანდა ეშმაკურად მოწყობილი თათები, კბილები, ხრახნები. საავადმყოფოს ჰყავდა მთავარი ექიმი, სამი ორდინატორი (ჩემ გარდა), ფერშლები, მეანები, მომვლელები, იყო აფთიაქი და ლაბორატორია. წარმოგიდგენიათ, ლაბორატორია! ლაბორატორიაში ცეისის მიკროსკოპები და მიკროსკოპებისთვის საჭირო საღებავების მშვენიერი მარაგი.
მე ვკრთებოდი და ჟრუანტელი მივლიდა, შთაბეჭდილებები მთრგუნავდა. მრავალმა დღემ გაიარა, სანამ მივეჩვეოდი, საავადმყოფოს ერთსართულიანი კორპუსები, დეკემბრის ბინდბუნდში, თითქოს ბრძანებას დამორჩილებულნი, ელექტროშუქით ერთბაშად რომ გაჩახჩახდებოდა ხოლმე.
ელექტროშუქი მაბრმავებდა. აბაზანებში წყალი ბობოქრობდა და თქრიალებდა, შიგ ამოთხუპნული ხის თერმომეტრები ყვინთავდა და დაცურავდა. გადამდები სნეულებების ბავშვთა განყოფილებაში მთელ დღეს კვნესა, შესაბრალისი ტირილი, ხიხინ-ბუყბუყი გაისმოდა.
მომვლელი ქალები გარბი-გამორბოდნენ, მიმოქროდნენ...
გულიდან მძიმე ტვირთი მომცილდა. ამქვეყნად რაც უნდა მომხდარიყო, საბედისწერო პასუხისმგებლობა მე აღარ მეკისრებოდა.
ჩემი საზრუნავი არ იყო ჩაჭედილი თიაქარი, არ ვკრთებოდი, როცა ირიბად მდებარე ნაყოფის მქონე მშობიარეს მარხილით მოიყვანდნენ, მე არ მეხებოდა ჩირქოვანი პლევრიტები, რასაც ოპერაცია სჭირდებოდა... პირველად ვგრძნობდი თავს ისეთ კაცად, ვისი პასუხისმგებლობაც რაღაც ჩარჩოთია შემოფარგლული. მშობიარე? აგერ, გეთაყვა, დაბალი კორპუსი, აგერ, განაპირა ფანჯარა, თეთრი მარლა რომ აქვს ჩამოფარებული. იქ გახლავთ სიმპათიური, მსუქანი, ჟღალულვაშა, მელოტი მეანი ექიმი. ეს მისი საქმეა. მარხილი მარლაჩამოფარებული ფანჯრისკენ მიატრიალეთ! გართულებული მოტეხილობა მთავარი ექიმის – ქირურგის მოვალეობაა. ფილტვების ანთება? თერაპიულ განყოფილებაში პაველ ვლადიმიროვიჩს მიაკითხეთ.
ოჰ, დიდი საავადმყოფოს ზუსტად გამართულ-გაპოხილო დიდებულო მანქანავ! აპარატს მეც წინასწარ ზომააღებული ახალი ხრახნივით მოვერგე და საბავშვო განყოფილება ჩავიბარე. მთელი ჩემი დღეები დიფთერიტმა და ქუნთრუშამ ჩანთქა. მაგრამ მხოლოდ დღეები. ღამით ვიძინებდი, იმიტომ, რომ ჩემი ფანჯრების ქვემოთ ავისმომასწავებელი ღამეული ბრაგაბრუგი აღარ გაისმოდა, რასაც შეიძლებოდა წამოვეგდე და წყვდიადისკენ, ხიფათისა და გარდაუვალობისკენ წარვეგზავნე. საღამოობით ვკითხულობდი (პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიფთერიაზე და ქუნთრუშაზე, შემდეგ კი რატომღაც უცნაური ინტერესით ფენიმორ კუპერს) და ერთობ ფასი მიეცა მაგიდაზე მდგარ ლამპას, სამოვრის სადგარის მოთეთრო კიდეებს, შეგრილებულ ჩაის და წელიწად-ნახევრის მანძილზე უძილობის შემდეგ მოსვენებით ძილს...
ასე ბედნიერი ვიყავი 17 წლის ზამთარში, როცა მიყრუებული ქარბუქიანი უბნიდან სამაზრო ქალაქში გადამიყვანეს.