ახალბედა ექიმის ჩანაწერები
მამლიანი პირსახოცი
თუ კაცს მიყრუებულ შარაგზებზე ცხენშებმული ეტლით არ უმგზავრია, ეს რა სატანჯველია, მისთვის გინდ მომიყოლია, გინდ არა, მაინც ვერაფერს გაიგებს, ხოლო იმას, ვისაც უმგზავრია, არც მინდა, რომ გავახსენო.
მოკლედ გეტყვით: სამაზრო ქალაქ გრაჩოვკიდან მურიევოს საავადმყოფომდე ორმოცი ვერსის გავლას მე და ჩემმა მეეტლემ ერთი დღე და ღამე მოვანდომეთ. თანაც კურიოზული სიზუსტით: 1917 წლის 16 სექტემბერს, დღის ორ საათზე ქალაქ გრაჩოვკის განაპირას მდგარ უკანასკნელ ფქვილის დუქანს გავცდით, ხოლო იმავე დაუვიწყარ 1917 წლის 17 სექტემბერს, სამის ხუთ წუთზე მურიევოს საავადმყოფოს ეზოში ვიდექი სექტემბრის წვიმებისგან ჩამჭკნარ და ჩამკვდარ, გათელილ ბალახზე. ვიდექი ამგვარად: ფეხები გაშეშებული მქონდა, თანაც ისე, რომ იქვე, ეზოში მდგარს, თვალწინ ბუნდოვნად წარმომიდგა სახელმძღვანელოები, გულში ვფურცლავდი ამ სახელმძღვანელოებს და ჩლუნგად ვცდილობდი, გამეხსენებინა, მართლა არსებობდა, თუ გუშინ სოფელ გრაბილოვკაში სიზმრად მომელანდა ავადმყოფობა, რომლის დროსაც ადამიანს კუნთები უშეშდება? ლათინურად რა ჰქვია ამ წყეულ ავადმყოფობას? ყოველი კუნთი ისე აუტანლად მტკიოდა, კბილის ტკივილი მონაგონია. ფეხის თითებზე ხომ ლაპარაკიც აღარ ღირდა – სრულებით ვეღარ ვამოძრავებდი, თითქოს მოეკვეთათ და ჩექმებში ნაფოტებივით ჩამრჩენოდა. უნდა ვაღიარო, რომ მედიცინას სულმოკლედ ვწყევლიდი და საკუთარ თავს ვლანძღავდი იმის გამო, რომ ხუთი წლის წინ უნივერსიტეტის რექტორის სახელზე განცხადება შევიტანე. წვიმა გაუთავებლად ცრიდა, პალტო ღრუბელივით გაჯირჯვებულიყო. მარჯვენა ხელი ჩემოდნისკენ გავიწოდე და შევეცადე, სახელურისთვის თითები მომეკიდა, ბევრს ვეწვალე, მაგრამ ამაოდ, ბოლოს სველ ბალახზე გადავაფურთხე. თითები ოდნავადაც არ მემორჩილებოდა და უნივერსიტეტის წიგნებში ნაკირკიტებსა და ათასგვარი ცოდნით თავგამოტენილს კიდევ ერთი ავადმყოფობა – დამბლა გამახსენდა.
„დამბლა“, – ეშმაკმა უწყის რატომ, გამწარებით გავივლე გულში, ხმამაღლა კი ვთქვი:
– თქვენს გზებზე სიარულს კაცი უნდა მიეჩვიოს, – გახევებულ, გალურჯებულ ტუჩებს ძლივსღა ვამოძრავებდი, თან მეეტლეს რატომღაც ბრაზიანად ვუყურებდი, თუმცა, იმას ბრალი სულაც არ მიუძღოდა, გზა ასეთი რომ იყო.
– ეჰ, ამხანაგო ექიმო, – მიპასუხა ქერაულვაშა მეეტლემ, თავადაც ტუჩებს ვაი-ვაგლახით ამოძრავებდა, – თხუთმეტი წელია, ამ გზებზე დავდივარ და მაინც ვერ მივეჩვიე.
გამაჟრჟოლა, ორსართულიანი, გაქერცლილი თეთრი კორპუსი, ფერშალთა ძელური სახლის შეუთეთრებელი კედლები, ჩემი მომავალი რეზიდენციის – ორსართულიანი, ძალზე პეწიანი სახლის დაგმანული, იდუმალებით მოცული ფანჯრები სევდიანად შევათვალიერე და გაბმით ამოვიოხრე. იმავე წამს ლათინური სიტყვების ნაცვლად თავში ბუნდოვნად გამიელვა ტკბილმა ფრაზამ, ჯაყჯაყისა და სიცივისგან შერყეულ ტვინში ცისფერბარძაყებიანი, ჩასუქებული ტენორი რომ მიმღეროდა:
...სალამს გიძღვნი... სალამს, კურთხეულო...
გემშვიდობები, დიდი ხნით გემშვიდობები, ოქროსფერ-მეწამულო დიდო თეატრო. მოსკოვო, ვიტრინებო... ოჰ, გემშვიდობები.
„სხვა დროს ქურქს ჩავიცვამ... – ვფიქრობდი ბრაზმორეული, სასოწარკვეთილი და ჩემოდნის თასმებს გაშეშებული ხელებით ვეჯაჯგურებოდი, – თუმცა ეს სხვა დრო ოქტომბერში იქნება... მაშინ კი თუნდაც ორი ქურქი ჩაიცვი. ერთ თვეზე ადრე ხომ გრაჩოვკაში წასვლა არ მომიხდება... თავად დაფიქრდით... გზაზე ღამის გათევამ მოგვიწია! ოცი ვერსი გავიარეთ და სამარისებურ წყვდიადში აღმოვჩნდით... დაგვიღამდა... ღამე გრაბილოვკაში გავათიეთ... მასწავლებელმა გვიმასპინძლა... ამ დილას შვიდ საათზე დავიძარით... ისე მოვჩანჩალებთ... ღმერთო ჩემო... ქვეითი გაგვასწრებს. ერთი თვალი ორმოში რომ ჩაქანდება, მეორე ჰაერშია გაკიდებული, ჩემოდანი ფეხებში დაგეჯახება – ბუხ... მერე ფერდში, შემდეგ მეორე ფერდში, ახლა ცხვირს გატაკებს, მერე უკუღმა გამოქანდება. ხოლო მაღლიდან ცრის და ცრის, ძვლები მეყინება. განა დავიჯერებდი, რომ ნაცრისფერი სექტემბრის შუა რიცხვებში კაცი მინდორში ისე გაითოშებოდა, თითქოს სუსხიანი ზამთარი ყოფილიყო. თურმე გაითოშება. სანამ ნელი სიკვდილი სულს ამოგხდიდეს, ერთსა და იმავეს ხედავ. მარჯვნივ მოშიშვლებული, მობუზული ველია, მარცხნივ ფოთლებჩამომჭკნარი წარაფი, ხოლო გვერდით ხუთი-ექვსიოდე დაბრეცილი ქოხი. იფიქრებ, რომ იმ ქოხებში სულიერი არ ჭაჭანებს. ირგვლივ მდუმარებაა, მდუმარება...
მეეტლემ ჩემოდანს მუცელი წაჰკრა და ჩემკენ გამოასრიალა. მინდოდა, თასმაზე ჩავჭიდებოდი, მაგრამ ხელი არ დამემორჩილა, წიგნებითა და ყოველნაირი ხარახურით გატენილი, მუცელგამობერილი ჩემოდანი ფეხებში დამეჯახა და ბალახზე დაეხეთქა.
– ოჰ, ღმერთო ჩე... – წამოიწყო შეშინებულმა მეეტლემ, მაგრამ ფეხები ისედაც აღარ მივარგოდა და ჩემოდნის დაჯახება არაფრად ჩამიგდია.
– ჰეი, მანდ ვინ ხართ? ჰეი! – დაიყვირა მეეტლემ და ხელები თეძოებზე ისე დაიტყაპუნა, როგორც მამალი ფრთებს იტყაპუნებს, – ჰეი, ექიმი მოვიყვანე!
ფერშალთა სახლის ჩამუქებულ ფანჯრებში სახეები გამოკრთა, კარი გაჯახუნდა და დავინახე, რომ დახეულპალტოიანი და ჩექმებიანი კაცი ჩემკენ კოჭლობით წამოვიდა. ქუდი მოწიწებით, სწრაფად მოიხადა, ახლოს მოირბინა, რატომღაც მორცხვად გაიღიმა და ჩახლეჩილი ხმით მომესალმა:
– გამარჯობა, ამხანაგო ექიმო.
– თქვენ ვინ ხართ?
– ეგორიჩი ვარ, – გამეცნო კაცი, – საავადმყოფოს დარაჯი. როგორ გელოდით...
მან ჩემოდანს