ძაღლის გული -
I უ-უ-უ-უ-გაუ-უ-უ! ვინმემ მაინც შემომხედეთ, შემომხედეთ, ვიღუპები! ჭიშკართან დაბორიალებული ქარი სულთათანას მიმღერის და მეც ბანს ვაძლევ. წასულია ჩემი საქმე! იმ ჩაჩტურტლიანმა ნაძირალამ მდუღარე შემასხა და მარცხენა ფერდი დამიფუფქა. რომ ჰკითხო, სახალხო მეურნეობის ცენტრალური საბჭოს მოსამსახურეთა ნორმალური კვების სასადილოს მზარეულია. პროლეტარი კი არა, პირწავარდნილი გარეწარია, ღმერთო ჩემო, როგორ მტკივა! ისე დამწვა გვერდი, ძვლებიც კი მიჩანს. ისღა დამრჩენია ვიყმუვლო, მაგრამ ყმუილით რას გავხდები?
ის მაინც ვიცოდე, რა დავუშავე? დავიჯერო, ნაგავსაყრელში ქექვით გავაღარიბებდი სახალხო მეურნეობის საბჭოს? გაუმაძღარი ნაძირალა. ერთი იმისი მორგვივით თავი და სპილენძის ტაშტივით სიფათი განახათ!.. ეჰ, ადამიანებო, ადამიანებო... შუადღე იყო, როცა ის ჩაჩიანი მდუღარეთი გამიმასპინძლდა, ახლა კი ჩამობნელდა, ოთხი საათი მაინც იქნება, რადგან პრეჩისტენკის სახანძროდან ხახვის სუნი მოდის და ამით ვხვდები - მეხანძრეები ვახშმად ფაფას ჭამენ... ეგ ფაფაც, სოკოსი არ იყოს, საზიზღარი რამეა. თუმცა, ნაცნობი პრეჩისტენკელი ძაღლები მიყვებოდნენ, რომ ნეგლინნაიაზე, რესტორან „ბარში“, მორიგე კერძად სოკო და სოუსი „პიკანი“ ჰქონიათ - ულუფა სამ მანეთად და სამოცდათხუთმეტ კაპიკად. რას იზამ, კალოშის ლოკვისა არ იყოს, ესეც გემოვნების ამბავია... უ-უ-უ-უ-უ-უ!..
ფერდი აუტანლად მტკივა და ჩემს მწარე ხვედრსაც ნათლად შევიგრძნობ: ხვალ წყლულები დამებუბკება, და ეშმაკმა უწყის, საერთოდ როგორ შევძლებ ჭრილობების მოშუშებას! ზაფხული რომ იყოს, სოკოლნიკში გავიქცეოდი და იქაურ ბალახს მოვძებნიდი, თან უფასოდ ძეხვის ნარჩენებს შევსანსლავდი, ქუჩაში მიმოყრილ ქონიან ქაღალდებსაც ავლოკავდი და იმ ჯოჯოს გამო გულის გახეთქვას თუ არ ჩავთვლით, მთვარის შუქზე „ძვირფასო აიდას“ რომ მღერის, ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა. ახლა კი, რა წყალს მივცე თავი? თქვენთვის როდესმე წიხლი ამოურტყამთ უკანალში? ჩემთვის ამოურტყამთ. აგური თუ მოგხვედრიათ ფერდში? მე მომხვედრია და კარგა გვარიანადაც. ცხოვრებამ არაფერი დამაკლო, ყველაფერი გამოვცადე და რა ხანია ბედსაც შევეგუე, და თუკი ვყმუი, მხოლოდ და მხოლოდ გაუსაძლისი ტკივილისა და აუტანელი სიცივის გამო, რადგან სული ჯერ არ ამომხდომია... ამტანია ძაღლის სული.
რა არ დამაწია ადამიანმა, იქნებ ეს მდუღარეც არად ჩამეგდო, გვერდი ერთიანად რომ არ დამფუფქოდა და მომტიტვლებოდა. ასე კი თავისუფლად შეიძლება ფილტვების ანთება დამემართოს, და თუ დამემართა, ჩათვალეთ, შიმშილით ამომხდება სული. ფილტვების ანთებით, წესით, თბილ სადარბაზოში, კიბის ქვეშ უნდა იწვე. მაგრამ მე თუ დავწექი, ჩემ მაგივრად ვინ ჩამოირბენს ლუკმაპურის ძებნაში ნაგვის ყუთებს? ფილტვი თუ გამიკავდა, სიარული გამიჭირდება, მუცელზე მომიწევს ხოხვა, დავსუსტდები, და ნებისმიერ გამვლელს შეეძლება კეტი მითავაზოს და იქვე მიმასიკვდილოს. იმ სისხლისმსმელ მეეზოვეებს მეტიც არ უნდათ, მაშინვე ჩამავლებენ ფეხებში ხელს და ურიკაზე შემაგდებენ...
პროლეტართა შორის მეეზოვეები ყველაზე საზიზღარი მოდგმაა, ადამიანთა უმდაბლესი კატეგორია. მზარეული ყველანაირი შეიძლება შეგხვდეს. თუნდაც, აწ განსვენებული პრეჩისტენკელი ვლასის გახსენება რად ღირს. რამდენი ძაღლი გადაურჩენია სიკვდილისგან! ავადმყოფობის დროს ხომ მთავარია, ლუკმა მოგიგდოს ვინმემ. ბებერი ძაღლებისგან მსმენია, რომ ვლასი გადაგდებულ ძვალს ხორცის თხელ ფენასაც მიაყოლებდა ხოლმე. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი, კარგი კაცი იყო, ნამდვილი პიროვნება... გრაფ ტოლსტოების საკადრისი მზარეული და არა ნორმალური კვების რიგითი ვიგინდარა. ისეთებს სჩადიან იმ თავიანთ ნორმალურ კვებაში - ძაღლსაც კი გაუკვირდება! თქვენ წარმოიდგინეთ, აყროლებული ლორიდან წვნიანს ხარშავენ, ის საცოდავები კი მორბიან, სულმოუთქმელად სვლეპენ და ვერაფერს ხვდებიან.
ზოგიერთი მემანქანე გოგონა მეცხრე თანრიგში ოთხ-თუმან-ნახევარს იღებს, მართალია, იმ გოგონას საყვარელი „ფილდეპერსის“ წინდებს ჩუქნის, მაგრამ, რამდენი დამცირება უნდა აიტანოს ამ „ფილდეპერსისათვის“? თანაც, საყვარელი ჩვეულებრივს კი არა, მაინცდამაინც ფრანგულ სიყვარულს ითხოვს მისგან! ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, დიდი ნამუსგარეცხილი ხალხია ეს ფრანგები. თუმცა მდიდრულად კი ხეთქავენ და ზედ წითელ ღვინოსაც აყოლებენ. ჰოდა... მოირბენს რომელიმე ასეთი მბეჭდავი გოგონა, ოთხთუმან-ნახევარი არც „ბარზე“ რომ არ ჰყოფნის და არც კინემატოგრაფზე, არადა, კინემატოგრაფი ხომ ქალებისთვის ერთადერთი შვებაა, რას იზამს, ცახცახებს, შუბლს იჭმუხნის, მაგრამ მაინც ჭამს... წარმოიდგინეთ: პირველი და მეორე ულუფა ერთად 40 კაპიკი უჯდება, ეს ულუფები კი, სინამდვილეში, ხუთი შაურიც არ ღირს, მაგრამ დანარჩენ 25 კაპიკს მნე იპარავს. აბა, ასეთი კვება რა ხეირს დააყრის საცოდავს. ცალკე მარჯვენა ფილტვი აწუხებს, ცალკე - იმ ფრანგული სიყვარულის წყალობით, ათასგვარი ქალური დაავადება, ცალკე სამსახურშიც დააქვეითეს და სასადილოშიც აქოთებული ხორცით დააპურეს... აგე, აგე ისიც! საყვარლის ნაჩუქარ წინდებში გამოწვართულ ფეხებს ეზოსკენ მოაბაკუნებს! ტანზე ჩემი ტყავისნაირი ქურქი ჩაუცვამს, მუცელში კი ქარი უქიქინებს, იმიტომ, რომ საყვარლის მოსახიბლად განკუთვნილი, მაქმანის თხელი, ვითომ საცვალი აცვია. აბა, გაბედოს და თივთიკის საცვალი შეკადროს, ხომ აიკლო