1 უ-ო-უ-უ-უ-ღუ-ღუ-ღუუ! შემომხედეთ ვკვდები, ქარბუქი ჭიშკრის თაღქვეშ სულთათანას შემომღრიალებს და მეც ყმუილით ბანს ვაძლევ. დავიღუპე, ოჰ, დავიღუპე. არამზადამ, თავზე ჭუჭყიანი ჩაჩი რომ ახურავს - სახალხო მეურნეობის ცენტრალური საბჭოს მომსახურეთა ნორმალური კვების სასადილოს მზარეულმა - მდუღარე წყალი შემომასხა და მარცხენა ფერდი გამიფუფქა. ის გარეწარი პროლეტარი მაინც არ იყოს. ღმერთო ჩემო, როგორ მტკივა, მდუღარემ ძვლებამდე გამატანა. ახლა ვყმუი, მაგრამ ყმუილი რას მიშველის?
ნეტავ რა დავუშავე? სანარცხე ორმოს თუ გავქექავ, ნუთუ ამით სახალხო მეურნეობის საბჭოს შევსანსლავ? ძუნწი ნაძირალა! ერთი იმისი სიფათისთვის შეგახედათ: სიგრძეზე მეტი სიგანე აქვს იმ ცხვირ-პირჩაჟანგებულ ქურდს. ოჰ, ხალხო, თქვენ რა გითხრათ! მდუღარე წყლით ჩაჩიანი შუადღისას გამიმასპინძლდა, ახლა კი უკვე ჩამობინდდა, ნაშუადღევის ორი საათი იქნება; ამას ხახვის სუნით ვგრძნობ, პრეჩისტენკის სახანძრო რაზმის სამყოფლიდან რომ გამოდის. მეხანძრეები, როგორც მოგეხსენებათ, ისეთ ფაფას ჭამენ, არაფრად არ ვარგა, სოკო გეგონება. ისე კი, პრეჩისტენკელი ნაცნობი ძაღლები ამბობენ, ნეგლინიზე რესტორან „ ბარში “ მორიგე კერძს, სოკოს, სოუს პიკანს ჭამენ, ულუფა სამი მანეთი და სამოცდათხუთმეტი კაპიკი ღირსო. თუმცა, ვის რა უყვარს; რაღა ის სოკო გიჭამია და რაღა კალოში გილოკია... უ-უ-უ-უ...
ფერდი აუტანლად მტკივა და აშკარად ვგრძნობ, ჩემს კარიერას რაც მოელის: ხვალ დამდუღრული რომ დამიწყლულდება, საკითხავია, როგორ უნდა მოვირჩინო? ზაფხული რომ იყოს, სოკოლნიკზე შევირბენდი; იქ ძალიან კარგი, სწორედ საამისო ბალახია, ამას გარდა, მუქთად ვჭამდი ძეხვის წანათალებს; მოქალაქეები ქონიან ქაღალდებს ყრიან და ლოკვით გულს ვიჯერებდი. აი, ვიღაც ჯუჯღუნა ბერიკაცი მთვარის შუქზე გაუთავებლად „ ძვირფასო აიდას “ რომ არ მღეროდეს და გულს არ აღონებდეს, იქ ყოფნას რა სჯობია. ახლა კი, აბა, სად წახვალ? თქვენთვის უკანალზე წიხლი თუ უთავაზებიათ? უთავაზებიათ. ნეკნებში აგური თუ მოგხვედრიათ? მე საკმაოდ მიგემია. ყველაფერი გამომიცდია, ბედს შეგუებული ვარ და, თუ ახლა ვტირი, მხოლოდ ფიზიკური ტკივილი და სიცივე მატირებს, იმიტომ რომ სული ჯერ არ ჩამღრძობია... სული რას არ გაუძლებს.
სხეული დალეწილ-დამსხვრეული მაქვს. ძალიან გამტანჯეს ადამიანებმა. რაც მთავარია, იმ არამზადამ მდუღარე წყალი გადმომასხა, ბალანი გამაყრევინა, ჰოდა, მარცხენა ფერდს ვერაფერი დამიფარავს. ძალზე იოლად შეიძლება, ფილტვების ანთება დამემართოს, ხოლო ფილტვების ანთება თუ დამემართა, მოქალაქენო, შიმშილით სიკვდილი მიწერია. ფილტვების ანთებიანი სადარბაზოში კიბის ქვეშ უნდა ვიწვე, მაგრამ იქ თუ ვიწვები, ჩემ ნაცვლად, უცოლოს ნაცვლად, ნაგვის ყუთში საჭმლის საძებნელად ვინღა ირბენს? ფილტვი გამემსჭვალება, მუცელზე გავხოხდები, ძალა გამომეცლება და რომელიმე სპეცი კეტის დარტყმით სულს გამაფრთხობინებს. ბალთიანი მეეზოვეები კი ფეხებში ხელს მტაცებენ და საზიდარში შემაგდებენ...
პროლეტართა შორის მეეზოვეები ყველაზე ბილწნი არიან, ნაყარნუყარნი, უმდაბლესი კატეგორია. მზარეული სხვადასხვანაირია. მაგალითად, ცხონებულმა ვლასმა, პრეჩისტენკაზე რომ იყო, სიკვდილისაგან რამდენი იხსნა. იმიტომ, რომ ავადმყოფობისას უმთავრესია, რაიმე საკბილო მოიგდო. ბებერი ძაღლები იტყვიან ხოლმე, ვლასი ძვალს რომ გადმოგვიგდებდა, ხშირად ზედ ხორციც ჰქონდა შერჩენილიო. ღმერთმა აცხონოს, კაცური კაცი ის იყო, ნორმალური კვების საბჭოში კი არ მსახურობდა, ბატონის, გრაფ ტოლსტოის მზარეული გახლდათ. ნორმალური კვების სასადილოში რასაც სჩადიან, გონება ვერ წარმოიდგენს. არამზადები აყროლებული დამარილებული ხორცით წვნიანს ამზადებენ, იმათ კი, საწყლებმა, არაფერი იციან, შერბიან, თქვლეფენ, სვლეპენ.
ზოგი მემანქანე ქალი მეცხრე თანრიგით ოთხ თუმან-ნახევარს ღებულობს, თუმცა ეს კი უნდა ითქვას, რომ საყვარელი ფილდეპერსის წინდებს აჩუქებს ხოლმე. მაგრამ იმ ფილდეპერსის გულისთვის რამდენი დამცირება უნდა აიტანოს!
ჰოდა, შეირბენს იქ მემანქანე ქალი, მაშ რას იზამს, ოთხ თუმან-ნახევრის პატრონი „ ბარში “ ხომ ვერ ივლის. კინემატოგრაფისთვისაც არა ჰყოფნის, კინემატოგრაფი კი ქალისთვის ცხოვრებაში ერთადერთი ნუგეშია. კანკალებს, იღრიჯება, მაგრამ მაინც სვლეპს... წარმოგიდგენიათ: ორ თავ საჭმელში 40 კაპიკს ახდევინებენ, როცა ორივე თავი ერთად სამი შაურიც არ ღირს, იმიტომ, რომ დანარჩენი 25 კაპიკი მნემ ჩაიჯიბა. იმას კი განა ასეთი კვება სჭირდება? მარჯვენა ფილტვის ზედა ნაწილი რიგზე ვერა აქვს, ქალური სნეულებაც სჭირს, სამსახურში ფული დაუქვითეს, სასადილოში აყროლებული ხორცი აჭამეს, აგერ ისიც... თაღქვეშ გამორბის, საყვარლის ნაყიდი წინდები აცვია, ფეხები გასთოშვია, მუცელს ქარი უყინავს, ნიფხავი კი სიფრიფანა აცვია, ცარიელი მაქმანი, საყვარლის თვალების სატყუარა. აბა, ერთი, გაბედოს და ფლანელისა ჩაიცვას, საყვარელი მაშინვე აყვირდება:
- სიკოხტავე სულ არა გაქვს! ჩემმა მატრონამ თავი მომაბეზრა, ვეღარ ვიტან ფლანელის ნიფხავს, ახლა ჩემი დრო დადგა. თავმჯდომარე ვარ და რასაც მოვიპარავ, სულ ქალებზე, კიბოს კისერსა და „ აბრაუ-დიუსორზე “ უნდა დავხარჯო. რადგან ახალგაზრდობაში საკმარისად ვიმარხულე. ჰოდა, მეყოფა მარხულობა,