ნაწილი პირველი
- 1 ჯერ წვრილი თოვლი წამოაყარა, მერე მსხვილ-მსხვილი ფანტელები წამოუშინა. ქარი აღმუვლდა: ატყდა ქარბუქი. ქუფრი ცა მეყსეულად თოვლის ზღვას შეერია. ყოველივე გაქრა.
- ეჰე, ბატონო, - შესძახა მეეტლემ, - ვერ არის კარგი ამბავი: ქარბუქია.
„კაპიტნის ქალიშვილი“.
და განისაჯნეს მკუდარნი წერილთა მათგან წიგნთა მათ შინა საქმეთაებრ მათთა...
დიადი და შემზარავი იყო წელი 1918 ქრისტეს შობიდან, ხოლო რევოლუციის დაწყებიდან წელი მეორე. ზაფხულს არ აკლდა სიუხვე მზისა, ზამთარს - თოვლისა, ცაზე კი უჩვეულოდ მაღლა იდგა ორი ვარსკვლავი: მწყემსთა მნათობი - ვენერა და მეწამული, მთრთოლარე მარსი.
მაგრამ დღეები მშვიდობიანსა და სისხლიან წლებშიც ისრებივით მიისწრაფიან და ახალგაზრდა ტურბინებმა ვერც შეამჩნიეს, თოშითა და სუსხით როგორ შემოდგა თეთრქურქიანი დეკემბერი. ო, ჩვენო თოვლის პაპავ, ფიფქებითა და ბედნიერებით გაბრწყინებულო! დედაჩემო, სხივნათელო დედოფალო, ნეტავ სადა ხარ?
როცა ერთი წელი მიიწურა, რაც ელენე ტურბინა კაპიტან სერგეი ივანოვიჩ ტალბერგზე დაქორწინდა, მას შემდეგ კი, რაც უფროსი ვაჟი ალექსეი ვასილიევიჩ ტურბინი ლაშქრობებსა და სამსახურში გადატანილი ჭირ-ვარამის შემდეგ უკრაინაში, თავის ქალაქს, მშობლიურ ბუდეს დაუბრუნდა, ჯერ ერთი კვირაც არ იყო გასული, თეთრ კუბოში ჩასვენებული დედა ალექსეევის ციცაბო დაღმართზე ჩაატარეს და პოდოლის ნიკოლოზ კეთილის პატარა ეკლესიაში დაასვენეს, ვზვოზზე რომაა.
როცა დედას წესს უგებდნენ, მაისი იდგა, ისრისებრი სარკმლები ერთიანად ალუბლებსა და აკაციებს დაებურა. დამწუხრებული და შეცბუნებული მამა ალექსანდრე ბორძიკობდა, მისი სამოსელი ოქროსფერ შუქზე ბრწყინავდა და ლივლივებდა, ჭრაჭუნა ჩექმის წვინტებამდე მოოქრულ-მოოჭვილი, თავ-კისერგალურჯებული დიაკონი კი შვილებს განშორებული დედის თავთან კუშტად, ბუბუნით წარმოთქვამდა სულთათანას.
ძველი, ყავისფერი წმინდა ნიკოლოზის ფეხებთან იდგნენ ალექსეი, ელენა, ტალბერგი, ტურბინების ოჯახში გაზრდილი ანიუტა და დედის სიკვდილით გაოგნებული, მარჯვენა წარბზე ქოჩორჩამოშლილი ნიკოლკა. მისი გრძელი, ნისკარტივით ცხვირის აქეთ-იქით ჩამსხდარი ცისფერი თვალებიდან დაბნეულობა და გულმოკლულობა გამოსჭვიოდა. ხანდახან თვალების ხამხამით კანკელსა და ბინდბუნდში ჩაძირული საკურთხევლის თაღს მიაჩერდებოდა, საიდანაც მწუხარე, იდუმალებით მოცული მოხუცი ღმერთი იცქირებოდა. ასე რატომ უნდა დაიჩაგრონ? რა უსამართლობაა? რატომ წაართვეს დედა, როცა ყველამ თავი მოიყარა, როცა ცოტა შვება იგრძნეს?
შავი, დაბზარული ცისკენ გაფრენილი ღმერთი პასუხს არ იძლეოდა, თავად ნიკოლკამ კი ჯერ არ იცოდა, რომ რაც ხდება, ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭირო და უმჯობესია.
წესის აგება დასრულდა, კარიბჭის მოგუგუნე ფილაქანი გაიარეს, დედა მთელ უზარმაზარ ქალაქზე გაატარეს და სასაფლაოზე მიაცილეს, სადაც შავი მარმარილოს ჯვრის ქვეშ, რა ხანია, მამა განისვენებდა. დედაც დამარხეს.
ეჰ... ეჰ...
* * *
დედის სიკვდილამდე მრავალ წელს ალექსეევის დაღმართზე №13 სახლში შორენკეცებიანი ღუმელი ათბობდა პატარა ელენკას, უფროს ალექსეისა და ციცქნა ნიკოლკას. გავარვარებულ შორენკეცებიან ღუმელთან ხშირად კითხულობდნენ „საარდამელ დურგალს“, საათი გავოტს უკრავდა, ხოლო დეკემბრის მიწურულს მუდამ წიწვის სუნი იდგა და მწვანე შტოებზე ნაირფერი პარაფინის სანთლები ენთო. როცა დედის ამჟამად კი ელენას საწოლ ოთახში ბრინჯაოს საათი გავოტს უკრავდა, სასადილო ოთახიდან კედლის შავი საათი კოშკისებური რეკვით ბანს აძლევდა. ეს საათები მამამ დიდი ხნის წინ იყიდა, როცა ქალები სასაცილო, მხრებთან აბუშტულ სახელოებს ატარებდნენ. ასეთი სახელოები გაქრა, დრომ ნაპერწკალივით გაიელვა. პროფესორი მამა გარდაიცვალა, ყველანი დაიზარდნენ, საათი კი ისეთივე დარჩა და ისევ კოშკისებურად რეკავდა. საათს ისე მიეჩვივნენ, რაღაც სასწაულით კედლიდან რომ გამქრალიყო, ყველა დაღონდებოდა, თითქოს მშობლიური ხმა გაქრა და ცარიელ ადგილს ვერაფერი შეავსებსო. მაგრამ, საბედნიეროდ, საათი უკვდავია, უკვდავია საარდამელო დურგალიცა და ჰოლანდიური შორენკეციც, ბრძენ კლდესავით გაჭირვების ჟამს მაცოცხლებელი და მხურვალე.
აი, ეს შორენკეცი, წითელ ხავერდგადაკრული ძველი ავეჯი, მოელვარე ბუნიკებიანი საწოლები, ჭრელი და ჟოლოსფერი გაცრეცილი ხალიჩები, ერთზე ალექსეი მიხაილოვიჩი რომ იყო გამოსახული ხელზე დასმული შავარდნით, მეორეზე სამოთხის ბაღში ხავერდოვანი ტბის პირას მონებივრე ლუი XIV, თურქული ნოხები აღმოსავლურ ფონზე საოცარი ხვეულებით, პატარა ნიკოლკას რომ ეზმანებოდა, როცა ქუნთრუშაშეყრილი აბოდებდა, აბაჟურიანი ბრინჯაოს ლამპა, ამქვეყნად საუკეთესო წიგნებიანი კარადები, ძველებური შოკოლადის იდუმალი სურნელი რომ ასდიოდა, წიგნები ნატაშა როსტოვზე და კაპიტნის ქალიშვილზე, მოოქრული ფინჯნები, ვერცხლეული, სურათები, ფარდები - ახალგაზრდა ტურბინების გამომზრდელი, მტვრიანი და ავეჯით გამოტენილი შვიდი ოთახი. - ყოველივე ეს ყველაზე ძნელ ჟამს დედამ შვილებს დაუტოვა. უკვე სულშეხუთულმა და ძალამილეულმა, ატირებულ ელენას მკლავს ჩაჭიდებულმა, ძლივსღა ამოთქვა:
- მეგობრულად... იცხოვრეთ.
* * *
ალექსეი ტურბინს - ახალგაზრდა ექიმს - ოცდარვა წელი შეუსრულდა, ელენა ოცდაოთხისაა, მისი ქმარი კაპიტანი ტალბერი ოცდათერთმეტის, ხოლო ნიკოლკა - ჩვიდმეტ-ნახევრისა. ცხოვრებამ სწორედ გარიჟრაჟზე უმუხთლათ. რა ხანია, ჩრდილოეთიდან ქარიშხალმა დაჰქროლა, ქრის, ქრის, აღარ ჩერდება და,