განსვენებულის ჩანაწერები -
(თეატრალური რომანი) -
წინათქმა მკითხველს ვაუწყებ, რომ ეს ჩანაწერები მე არ შემითხზავს და ხელშიც ძალზე უცნაურ, სამწუხარო ვითარებაში ჩამივარდა. გასული წლის გაზაფხულზე, კიევში, სწორედ იმ დღეს, როცა სერგეი ლეონტიევიჩ მაქსუდოვმა თავი მოიკლა, მის მიერ წინასწარ გამოგზავნილი, ძალზე სქელი ბანდეროლი და წერილი მივიღე.
ბანდეროლში ეს ჩანაწერები აღმოჩნდა, წერილი კი საოცარი შინაარსისა გახლდათ.
სერგეი ლეონტიევიჩი მწერდა, სიცოცხლესთან განშორებისას ამ ჩანაწერებს საჩუქრად შენ, ერთადერთ მეგობარს გიტოვებ, რათა გაასწორო და შენი ხელმოწერით გამოაქვეყნოო.
უცნაური სურვილია, მაგრამ სიკვდილის წინ ეს ინება!
სერგეი ლეონტიევიჩის ნათესავებსა და ახლობლებს ერთი წლის მანძილზე დავეძებდი, მაგრამ ამაოდ! სიკვდილის წინ დაწერილ წერილში ტყუილი არ უთქვამს. ამქვეყნად არავინ დარჩენია.
ამიტომ საჩუქარზე უარს არ ვამბობ.
ახლა მეორე: მკითხველს ვაუწყებ, რომ თვითმკვლელს თავის სიცოცხლეში არც დრამატურგიასთან, არც თეატრებთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია, თავისი დღენი ისე გალია, გაზეთის - „ვესტნიკ პაროხოდსტვა“(„სანაოსნოს მაცნე“ (რუს.)) წვრილფეხა თანამშრომლობას ვერ დაეღწია, ბელეტრისტობა ერთხელ სცადა და ისიც უიღბლოდ - სერგეი ლეონტიევიჩის რომანი არ დაბეჭდილა.
ამგვარად, მაქსუდოვის ჩანაწერები მისი ფანტაზიის, თანაც, ვაი, რომ ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი გახლავთ. სერგეი ლეონტიევიჩს სჭირდა სენი, ძალზე უსიამოვნო სახელი - მელანქოლია რომ ჰქვია.
მე კარგად ვიცნობ მოსკოვის თეატრალურ ცხოვრებას და შემიძლია, თავდებად დავდგე, რომ განსვენებულის ნაწარმოებში მოხსენიებული თეატრები და ხალხი არ არსებობს და არც არსებულა.
დასასრულ, მესამე და უკანასკნელი: ჩანაწერებზე ჩემი მუშაობა იმით შემოიფარგლა, რომ დავასათაურე, შემდეგ კი მოვაცილე ეპიგრაფი, რაც პრეტენციოზული, უმიზნო და უსიამოვნო მეჩვენა.
აი, ეს ეპიგრაფი:
„...თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს“.
გარდა ამისა, სასვენი ნიშანი დავუსვი, სადაც აკლდა.
სერგეი ლეონტიევიჩის სტილისთვის ხელი არ მიხლია, თუმცა, დაუდევრობის კვალი აშკარად ატყვია. ან კი რა უნდა მოსთხოვო კაცს, ვინც ჩანაწერების დასრულებიდან ორი დღის შემდეგ ჯაჭვის ხიდიდან გადაეშვა.
ამრიგად...