"ვაგზლის კაფეში ელენე ვაგზლის კაფეში იჯდა. ჩაის სვამდა, სიგარეტს ეწეოდა და თავი კინოში ეგონა. გვერდითა მაგიდასთან აზერბაიჯანელები ისხდნენ – ქალი და კაცი. ქალი ლეპტოპის ეკრანს იყო მიჩერებული, კაცი ჭამდა. ელენემ სიგარეტი დააფერფლა და ჩაი მოსვა. ელენეს არ უყვარდა მოსაწყენი ფილმები, დუნე, უსაშველოდ გაწელილი კადრებით, ახლა სწორედ ასეთი ფილმის პერსონაჟი ეგონა თავი. `საერთოდ რატომ დავიბადე?~ – გაიფიქრა ელენემ და საათს დახედა. პირველის ნახევარი იყო, მატარებელი განრიგის მიხედვით თხუთმეტ წუთში უნდა მოსულიყო. `საერთოდ რატომ დავიბადე?~, – კვლავ გაიფიქრა ელენემ და სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო. შეკითხვაზე პასუხი არ ქონდა. `რა უაზრობაა ყველაფერი~. ელენე თავჩაღუნული იჯდა. – შეიძლება? – ელენემ თავი აწია, მის წინ უცნობი კაცი იდგა. უცნობ კაცს მარჯვენა ხელში ჩაის ერთჯერადი ჭიქა ეჭირა, მარცხენაში – ერთჯერადი თეფში, რომელზეც ოთხად დაჭრილი პიცა იდო. ელენეს არ უყვარდა პიცა. ელენემ აქეთ-იქით მიმოიხედა. რამდენიმე თავისუფალი მაგიდა იყო და რატომ მოადგა ეს კაცი მაინცდამაინც მის მაგიდას?.. `მოვეწონე?~ გაიფიქრა ელენემ და უცნობი კაცი უკვე ყურადღებით შეათვალიერა."