მიხაილ ბულგაკოვი (1891-1940)
გამოჩენილი რუსი მწერალი, დრამატურგი, თეატრის რეჟისორი და მსახიობი მიხაილ ბულგაკოვი კიევის სასულიერო აკადემიის დოცენტის, აფანასი ბულგაკოვისა და ქალთა გიმნაზიის მასწავლებლის, ვარვარა პოკროვსკაიას ოჯახში კიევში დაიბადა. გიმნაზიის დასრულების შემდეგ კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ფრონტისპირა ხაზზე ექიმად მუშაობდა. შემდეგ, სმოლენსკის გუბერნიაში ჯერ სოფლად გაგზავნეს, მერე - ქალაქ ვიაზმაში. 1918 წელს კიევში დაბრუნდა და კერძო საექიმო პრაქტიკას მიჰყო ხელი, მაგრამ სამოქალაქო ომის დროს, 1919 წლის თებერვალში უკრაინის არმიაში სამხედრო ექიმად გაიწვიეს, ხოლო შემდგომ, მისივე მოგონებების თანახმად, სამხრეთი რუსეთის ე.წ. „თეთრების“ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
მოსკოვში 1921 წელს დამკვიდრდა. მანამდე - 1917 წელს მოკლე ხნით ჩასული იყო თავის ბიძასთან, მოსკოვში განთქმულ ექიმ პოკროვსკისთან, რომელიც მისი მოთხრობის - „ძაღლის გულის“ პერსონაჟის, პროფესორ პრეობრაჟენსკის პროტოტიპად იქცა. თავდაპირველად კი, როგორც ფელეტონისტმა, თანამშრომლობა დაიწყო რუსეთის დედაქალაქის ჟურნალ-გაზეთებთან და 1922-დან 1926 წლამდე პერიოდში მხოლოდ გაზეტ „გუდოკში“ („საყვირი“) 120-ზე მეტი რეპორტაჟი, ნარკვევი და ფელეტონი გამოაქვეყნა.
1926 წელს უშიშროების სამსახურმა მწერლის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა, რომლის დროსაც „ძაღლის გულის“ ხელნაწერი და პირადი დღიური ჩამოართვეს. რამდენიმე წლის შემდეგ დაუბრუნეს და ბულგაკოვმა ის დაწვა, მაგრამ დღევანდლამდე სპეცსამსახურში შემონახული ასლის წყალობით მოაღწია.
1926 წლიდან მოსკოვის სამხატვრო თეატრში დიდი წარმატებით სარგებლობდა „ტურბინთა დღეების“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი. პიესა სტალინსაც მოეწონა და თუმცა სპექტაკლი რეპერტუარში მხოლოდ ერთი წლით იყო შეტანილი, ეს ვადა გაახანგრძლივეს. სტალინმა პიესა ასე შეაფასა: „ეს ანტისაბჭოური რამაა, ხოლო ბულგაკოვი ჩვენიანი არ არის“, - მაგრამ თავად ბრძანა, სცენიდან არ მოეხსნათ.
1930 წლიდან ბულგაკოვის თხზულებების გამოცემა აიკრძალა, პიესებიც არ იდგმებოდა. მწერალმა მთავრობას მისწერა და სთხოვა, მისი ბედი გადაეწყვიტა - ან ემიგრაციაში წასვლის უფლება მიეცა, ან თეატრში მუშაობის შესაძლებლობა. 1930 წლის აპრილში მწერალს სტალინმა დაურეკა და ურჩია, სამხატვრო თეატრის ხელმძღვანელობისთვის დასში მიღება ეთხოვა. ბულგაკოვი იქ 6 წლის განმავლობაში რეჟისორ-ასისტენტად მუშაობდა.
30-იანი წლების დამლევისთვის მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა: თირკმლების მწვავე სნეულება აწუხებდა. ბულგაკოვი მორფის იყენებდა, რომელიც მას ჯერ კიდევ 1924 წელს, ტკივილების მოსახსნელად დაუნიშნეს. იმავე პერიოდში მისი კარნახით ცოლი „ოსტატი და მარგარიტას“ ბოლო ვარიანტს იწერდა. ნარკოტიკის კვალი ხელნაწერის ფურცლებზე მწერლის გარდაცვალებიდან შვიდი ათეული წლის შემდეგაც კი იყო დარჩენილი.