"მარი სამუშაო დღეებში გარეთ ყოველთვის ქუსლებზე დგას; სახლში მოსვლისთანავე ფეხსაცმელებს იხდის და ამ პროცესს მიწაზე დაბრუნებას უწოდებს. არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი. მიწაზე დაბრუნებული მარი ჩემკენ მოდის. მე ტახტზე ვზივარ, ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ მარი ჩემკენ და ტახტისკენ მოდის, უფრო სწორედ, მოვიდა. მარი ტახტზე ჩემს გვერდით ჯდება, თავს მხარზე მადებს, შიშველ ფეხებს ოდნავ მაღლა წევს და ატყუპებს. მე და მარი, მარის შიშველ და ოდნავ მაღლა აწეულ, მიტყუპებულ ფეხებს ვუცქერთ. მარი ფეხის თითებს ჯერ ერთად ამოძრავებს (ასე მეც შემიძლია) შემდეგ რიგრიგობით (ასე მე არ შემიძლია); ფეხის თითების რიგრიგობით მოძრაობა მარის თანდაყოლილი ნიჭია, თუმცა არათანდაყოლილი ნიჭი არ არსებობს; გამოცდილების შეძენით ნიჭიერი ვერ გახდები, გამოცდილების შეძენით შეიძლება გახდე ბრძენი, ესე იგი მიხვდე იმას რომ, გამოცდილების შედეგად ნიჭიერი ვერ გახდები და რომ ყველა ნიჭი თანდაყოლილია."