მეწამული კუნძული მოქალაქე ჟიულ ვერნის პიესის გენერალური რეპეტიცია გენადი პანფილოვიჩის თეატრში. მუსიკით, ვულკანის ამოფრქვევით და ინგლისელი მეზღვაურებით
(ოთხი მოქმედება პროლოგითა და ეპილოგით)
I-ლი, მე-2 და მე-4 მოქმედება მიმდინარეობს უკაცრიელ კუნძულზე, მე-3 მოქმედება ევროპაში, ხოლო პროლოგი და ეპილოგი _ გენადი პანფილოვიჩის თეატრში.
მოქმედი პირები:
გენადი პანფილოვიჩი, თეატრის დირექტორი, იგივე ლორდი ედვარდ გლენარვანი.
ვასილი არტუროვიჩ დიმოგაცკი, იგივე ჟიულ ვერნი, იგივე კირი კური _ ვიგინდარა
სასახლეში
ნიკანორ მეტელკინი, რეჟისორის თანაშემწე, იგივე მოსამსახურე პასპარტუ, იგივე გენადი პანფილოვიჩისთვის სამოვრის ამდუღებელი, იგივე მოლაპარაკე თუთიყუში.
ჟაკ პაგანელი, გეორგაფიული საზოგადოების წევრი.
ლიდია ივანოვნა, იგივე ლედი გლენარვანი.
გატერასი, კაპიტანი.
ბეტსი, ლედი გლენარვანის მოახლე.
სიზი-ბუზი მე-2, თეთრი ზანგი, კუნძულის მბრძანებელი.
ლიკი-ტიკი, მხედართმთავარი, თეთრი ზანგი.
მოკარნახე.
ლიკუი ისაიჩი, დირიჟორი.
ტოხონგა, გვარდიელი თეთრი ზანგი.
კაი-კუმი, პირველი დადებითი მკვიდრი კუნძულელი.
ფარა-ტეტე, მეორე დადებითი მკვიდრი კუნძულელი.
ვალტორნიანი მუსიკოსი.
სავა ლუკიჩი.
ზანგთა გვარდია (უარყოფითი, მაგრამ პიესის ბოლოს მომნანიებელი), წითელი მკვიდრი კუნძულელნი (დადებითნი და აურაცხელნი), სიზი-ბუზის ჰარემი, ინგლისელი მეზღვაურები, მუსიკოსები, თეატრის კადრისტები, პარიკმახერები და თერძები.
პროლოგი
ფარდის ნაწილი გაიხსნება და გენადი პანფილოვიჩის კაბინეტი და საგრიმიორო-საპირ-ფარეშო გამოჩნდება. საწერი მაგიდა, აფიშები, სარკე. მწითური, წვერგაპარსული, ძა-ლიან გამოცდილი გენადი პანფილოვიჩი მაგიდას უზის. აფორიაქებულია. სადღაც სასიამოვნო, რიტმული მუსიკა და ყრუ, არაბუნებრივი ხმები გაისმის (მეჯლისის რეპეტიცია მიმდინარეობს). მეტელკინი აბლანდული აბლანდული თოკებით მაღლაა გამოკიდული და მღერის: „ მე მიყვარდა და ვიტანჯებოდი... იმ გარეწარმა კი გამაუბედურა... “
დღეა
გენადი. მეტელკინო!
მეტელკინი. (ზემოდან კაბინეტში ჩამოეშვება). აქ გახლავართ, გენადი პანფილოვიჩ.
გენადი. მოვიდა?
მეტელკინი. არა, გენადი პანფილოვიჩ.
გენადი. ბინაში მიაკითხეს?
მეტელკინი. შიკრიკმა დღეს სამჯერ მიირბინა. ოთახი დაკეტილია. დიასახლისს შეეკითხა: შინ როდის არის ხოლმეო? იმან კი უთხრა: „ ბატონო ჩემო, რა ვიცი! იმას ძაღლითაც ვერ მიაკვლევო! “
გენადი. მწერალი! ჰა? ეშმაკსაც წაუღია.
მეტელკინი. ეშმაკსაც წაუღია, გენადი პანფილოვიჩ.
გენადი. თუთიყუშივით ნუ ჟრიკჟრიკებ, მომახსენე, რა ხდება
მეტელკინი. მოგახსენებთ. გენადი პანფილოვიჩ, „ მარიამ სტიუარტის “ უკანა დეკორაცია გაიფხრიწა.
გენადი. დეკორაციას მე ხომ არ შევაკეთებ. წვრილმანებით თავს ნუ მომაბეზრებ. ჩაკერეთ!
მეტელკინი. გენადი პანფილოვიჩ, მთლად დაცხავებულია. ამას წინათ ჩამოუშვეს და იმის იქით ცხაურზე მყოფი მუშები ჩანდნენ...
მაგიდაზე ტელეფონი აწკრიალდება
გენადი. საკერებელი ჩაუყენეთ. (ტელეფონში.) გისმენთ. თეატრია. კონტრამარკებს არ ვიძლევით. კარგად ბრძანდებოდეთ. (ყურმილს დადებს.) საოცარია. ტრამვაიში როცა ჯდება, კონდუქტორს კონტრამარკას ხომ არ სთხოვს. თეატრში კი, რატომღაც, მუქთად სიარული სწადიათ. ეს ხომ თავხედობაა? არა? თავხედობა!
მეტელკინი. თავხედობა.
გენადი. შემდეგ.
მეტელკინი. გენადი პანფილოვიჩ, საკერებლისთვის ფული მომეცით.
გენადი. ახლავე მოგართმევ. ორმოც თუმანს, როგორც იმ ავაზაკს მივართვი. ადექი და ამოჭერი...
ტელეფონი
დიახ, კონტრამარკებს არ ვიძლევით. დიახ. (ყურმილს დადებს.) რა ხალხია! ადექი და...
ტელეფონი
უჰ, ჭირმა წაგიღოს... რა? არავის არ... უკაცრავად... ევგენი რომუალდოვიჩი ხართ? ხმაზე ვერ გიცანით. რა თქმა უნდა... მეუღლესთან ერთად? უსათუოდ. რვას თხუთმეტი რომ დააკლდება, პირდაპირ სალაროსთან მიდით... კარგად ბრძანდებოდეთ. (ყურმილს დადებს.) მეტალკინო, გეთაყვა, მოლარეს უთხარი, რომ ორი სავარძლის ბილეთი მეორე რიგში ამ წყლის ეშმაკისსთვის ჩაკეცოს.
მეტელკინი. გენადი პანფილიჩ, ვისთვის?
გენადი. წყალსადენის მმართველისთვის.
მეტელკინი. გასაგებია.
გენადი. მაშასადამე, აიღებ... (ჩაფიქრდება.) „ ივანე მრისხანე “ აღარ გავა... მაშასადამე, ასე. შესაფერ ნაჭერს აიღებ და გამოჭრი. გასაგებია?
მეტელკინი. გასაგებია. (ყვირის.) ვალოდია. „ ივანე მრისხანეს “ უკანა დეკორაციიდან ნაჭერს აიღებ და „ მარიამ სტიუარტისთვის “ საკერებელს გამოჭრი. „ ივანე მრისხანე “ აღარ გავა... აკრძალეს! მაშასადამე, რაღაც არის, რის გამოც აკრძალეს... რა შენი საქმეა?...
გენადი. კიდევ რა არის?
მეტელკინი. გენადი პანფილიჩ, კადრისტებს აუკრძალეთ, ეს რა უმსგავსობაა! ჟაბოთი სახეს იწმენდენ!
გენადი. ვერაფერი გამიგია.
მეტელკინი. „ ვაი ჭკუისაგან “ როცა მზადდებოდა, ჟაბოები ჩამოვურიგე, ისინი კიდევ ძონძების ნაცვლად გრიმს ჟაბოთი იწმენდნენ.
გენადი. ოჰ, ეს ავაზაკები! კარგი, დავტუქსავ.
ტელეფონი აწკრიალდება.
(ყურმილს აიღებს.) კონტრამარკებს არავის ვაძლევთ!!
ტელეფონი ჩაჩუმდება.
წადი.
მეტელკინი. ახლავე. (მიდის.)
გენადი. პირველი საათია. ძვირფასო მოქალაქენო, თუ გსურთ, რომ შეიტყოთ თეატ-რის გარემოში, ჩვენთან, მთავარი ვიგინდარა და ავაზაკი ვინ არის, მოგახსენებთ: ვასკა დიმოგაცკია, ვინც სხვადასხვა ჟურნალში ჟიულ ვერნის ფსევდონიმით წერს. მაგრამ ამხანაგებო, მითხარით, მე რით მომხიბლა? როგორ ვენდე?
მეტელკინი (სწრაფად შემოდის). გენადი პანფილიჩ, მოვიდა!
გენადი (ფიცხად). ჰა! აქ მომიყვანე, აქ მომიყვანე!
მეტელკინი. შემობრძანდით. (გადის.)
დიმოგაცკი (ხელში რვეულების დასტა