თავი I. პროფესორ პერსიკოვის კურიკულუმი ვიტე
1928 წლის 16 აპრილს, საღამო ხანს, მოსკოვის IV უნივერსიტეტის ზოოლოგიის პროფესორი და ზოოინსტიტუტის დირექტორი პერსიკოვი თავის კაბინეტში შევიდა, გერცენის ქუჩაზე მდებარე ზოოლოგიის ინსტიტუტში რომ იყო მოთავსებული. პროფესორმა ზედა მქრქალი სფერო აანთო და მიმოიხედა. საზარელი კატასტროფის დასაწყისად სწორედ ეს ავბედითი საღამო ჩაითვალა, ისევე როგორც ამ კატასტროფის პირველმიზეზად უთუოდ პროფესორი ვლადიმირ იპატიევიჩ პერსიკოვი უნდა მივიჩნიოთ.
იგი ზუსტად 58 წლისა გახლდათ, დიდებულ, ქვასანაყისნაირ, გამელოტებულ თავს გვერდებზე მოყვითალო თმის ბღუჯები გამოსჩროდა. წვერს მუდამ სუფთად იპარსავდა, წინ წამოზიდული ქვედა ტუჩის გამო სახეზე ნიადაგ ოდნავი ჭირვეულობის დაღი აჩნდა. წითელ ცხვირზე ვერცხლისჩარჩოიანი, პატარა, ძველმოდური სათვალე დაეკოსებინა, თვალები უბრწყინავდა, ტანმაღალი და წელში ოდნავ მოხრილი იყო. წრიპინა ხმის პატრონს სხვა უცნაურობათა შორის ამგვარი ჩვევაც ჰქონდა: როცა რამეს საფუძვლიანად და დამაჯერებლად ამბობდა, მარჯვენა სალოკ თითს მოკაკვავდა და თვალებს მოჭუტავდა. და რადგანაც მუდამ დამაჯერებლად ლაპარაკობდა, ვინაიდან თავის დარგში სავსებით ფენომენალური ერუდიცია გააჩნდა, ამის გამო პროფესორ პერსიკოვთან მოსაუბრეების ცხვირწინ მისი მოკაკული თითი ძალზე ხშირად ტრიალებდა. თავისი დარგის, ანუ ზოოლოგიის, ემბრიოლოგიის, ანატომიის, ბოტანიკისა და გეოგრაფიის გარდა პროფესორი პერსიკოვი თითქმის არაფერზე ლაპარაკობდა.
პროფესორი პერსიკოვი გაზეთებს არ კითხულობდა, არც თეატრში დადიოდა, ცოლი 1913 წელს გაექცა, ოპერის ტენორს, ზიმინს გაჰყვა და ამგვარი შინაარსის წერილი დაუტოვა:
„შენი ბაყაყები ისე მეზიზღება, მათი გახსენებაც კი აუტანელ ჟრჟოლას მგვრის. მათ გამო სულ სიცოცხლეგამწარებული ვიქნები“.
პროფესორი მერე აღარ დაოჯახებულა. შვილები არ ჰყავდა. ძალზე ფიცხი გახლდათ, ოღონდ ბრაზი მალე გაუვლიდა ხოლმე, მიწამაყვალას მურაბიანი ჩაი უყვარდა, პრეჩისტენკაზე ცხოვრობდა ხუთოთახიან ბინაში, რომლის ერთი ოთახი ხმელ-ხმელ დედაბერს, ეკონომ ქალს, მარია სტეპანოვნას ეკავა, პროფესორს გადიასავით რომ უვლიდა.
1919 წელს პროფესორს ხუთი ოთახიდან სამი ჩამოართვეს. მაშინ პერსიკოვმა მარია სპეტანოვნას განუცხადა:
- მარია სტეპანოვნა, თუ ისინი ამ უმსგავსობას არ მოიშლიან, საზღვარგარეთ წავალ.
პროფესორი ამ გეგმას თუ განახორციელებდა, ეჭვგარეშეა, მსოფლიოს რომელიც გინდა უნივერსიტეტში ზოოლოგიის კათედრაზე მოწყობას სულ იოლად შეძლებდა, რადგანაც მართლაცდა პირველხარისხოვანი მეცნიერი გახლდათ, ხოლო იმ დარგში, რომელიც წყალხმელეთა ცხოველებს ანდა შიშველ ქვეწარმავლებს შეისწავლიდა, კემბრიჯის პროფესორ უილიამ ვეკლისა და რომაელ პროფესორ ჯაკომო ბართოლომეო ბეკარის გარდა, ბადალი არ ჰყავდა. პროფესორი რუსულის გარდა ოთხ ენაზე კითხულობდა, ხოლო ფრანგულად და გერმანულად რუსულივით ლაპარაკობდა. საზღვარგარეთ წასვლის თაობაზე თავისი განზრახვა პერსიკოვს არ შეუსრულებია. ოცი წელი ცხრამეტზე კიდევ უფრო უარესი გამოდგა. ამბავი ამბავს მიჰყვა. დიდ ნიკიტსკაიას გერცენის ქუჩა დაარქვეს, შემდეგ გერცენისა და მოხოვაიას კუთხეში მდგარი სახლის კედელში ჩატანებული საათი თერთმეტ საათსა და თხუთმეტ წუთზე გაჩერდა, დაბოლოს ზოოლოგიური ინსტიტუტის ტერარიუმებში მოთავსებულმა ქვეწარმავლებმა სახელოვანი წლის ყველა არეულობას ვერ გაუძლეს და ამოწყდნენ: თავდაპირველად ვასაკების რვა დიდებული ეგზემპლარი მოკვდა, მათ თხუთმეტი ჩვეულებრივი გომბეშო მიჰყვა და ბოლოს სული ამოხდა სურინამული გომბეშოს იშვიათ ეგზემპლარსაც.
გომბეშოების ამოწყვეტის კვალდაკვალ, რამაც ბოლო მოუღო შიშველ ქვეწარმავალთა პირველ რაზმს, სამართლიანად უკუდო ქვეწარმავალთა რაზმი რომ ეწოდება, იმქვეყნად გადასახლდა ინსტიტუტის უცვლელი დარაჯი ვლასი. თუმცაღა შიშველ ქვეწარმავალთა კლასს არ გენეკუთვნებოდა, მისი სიკვდილის მიზეზი იგივე გახლდათ, რამაც საბრალო ქვეწარმავალთა ამოწყვეტა გამოიწვია და ეს მიზეზი პერსიკოვმა უმალვე განსაზღვრა:
- დამშევა!
მეცნიერი უდავოდ მართალი გახლდათ: ვლასს ფქვილით უნდა ესაზრდოვა, ხოლო გომბეშოებს ფქვილის მატლებით, მაგრამ რაკიღა პირველი გაქრა, მეორენიც მის კვალს მიჰყვნენ. პერსიკოვი შეეცადა დარჩენილი ვასაკების ოცი ეგზემპლარი ტარაკანებით კვებაზე გადაეყვანა, მაგრამ ტარაკანებიც სადღაც გაუჩინარდნენ, რითაც სამხედრო კომუნიზმის მიმართ თავიანთი ბოროტგანმზრახველობა გაამჟღავნეს, ასე რომ, უკანასკნელი ეგზემპლარებიც ინსტიტუტის ეზოში ამოთხრილ სანაგვე ორმოში ჩასაყრელი შეიქნა.
ქვეწარმავალთა, განსაკუთრებით კი სურინამული გომბეშოს დაღუპვამ პერსიკოვი ისე დაამწუხრა, ენით არ გამოითქმის. მათ სიკვდილს იგი რატომღაც მაშინდელ განათლების სახალხო კომისარს აბრალებდა.
პერსიკოვი ინსტიტუტის გათოშილ დერეფანში ქუდიანი და კალოშებიანი იდგა და თავის ასისტენტ ივანოვს, ქერა, წამახული წვერით დამშვენებულ, უაღრესად დახვეწილ ჯენტლმენს ეუბნებოდა:
- პიოტრ სტეპანოვიჩ, ამის გამო ხომ იმას სიკვდილი არ უნდა აკმარო! რას სჩადიან? ისინი ხომ ინსტიტუტს ღუპავენ! ჰა? უბადლო მამალი პიპა ამერიკანა, საუცხოო ეგზემპლარი, ცამეტი სანტიმეტრის სიგრძისაა...
მერე და მერე საქმე გაუარესდა. ვლასის სიკვდილის შემდეგ ინსტიტუტის ფანჯრები ერთიანად გაიყინა, მინები შიგნითა მხრიდან ყინულმა ააჭრელა. დაიხოცნენ ბოცვრები, მელიები, მგლები, თევზები, ამოწყდა უკლებლივ ყველა ანკარა. პერსიკოვი მთელი დღეები ხმას არ იღებდა, მერე ფილტვების ანთება დაემართა, მაგრამ არ მომკვდარა. როცა გამოკეთდა, ინსტიტუტში დაიწყო სიარული და კვირაში ორჯერ ლექციების ციკლს თემაზე „ცხელი