ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა რუსეთისკენ მიმავალ გზაზე მდებარე რკინიგზის პატარა სადგური.
ოთხი პარალელური ლიანდაგი უსასრულობაში იკარგებოდა; თითოეულს ჭუჭყიანი ჩრდილივით გასდევდა გამონაბოლქვით ჩამუქებული ხრეშის ზოლები.
დაბალი, ზეთის საღებავით შეღებილი რკინიგზის შენობის უკან ფართო, დატკეპნილი გზა ზემოთ, სადგურისკენ, ადიოდა. გზის ნაპირები გამომშრალ მიწას უერთდებოდა და მათზე მხოლოდ გზის ორივე მხარეს ჩარიგებული უსიცოცხლო, უწყლობისგან, მტვრისა და ჭვარტლისგან გამომშრალი აკაციის ხეები თუ მიგანიშნებდათ.
ამ მიმქრალი ფერებისა თუ ნაშუადღევის ძალაგამოლეული მზის გაცრეცილ, მომთენთავ შუქზე საგნებსა და ადამიანებს ისეთი უსიცოცხლო და მექანიკური იერი ჰქონდათ, თოჯინების თეატრიდან მოტანილი რეკვიზიტი გეგონებოდათ. დროის თანაბარ მონაკვეთებში სადგურის უფროსი ოთახიდან გამოდიოდა, სადღაც შორს იხედებოდა და დარაჯის ჯიხურიდან სიგნალის მოლოდინში ყოველ ჯერზე თავს ერთნაირად აბრუნებდა, თუმცა ჩქარი მატარებლის მოახლოებას არავინ ატყობინებდა. როგორც ჩანს, მატარებელი საზღვარზე შეაფერხეს და ამდენ ხანს ამიტომაც აგვიანებდა; ხელის ერთი და იმავე მოძრაობით სადგურის უფროსი ჯიბიდან საათს იღებდა, დახედავდა ხოლმე, თავს გადაიქნევდა და ისევ ოთახში ბრუნდებოდა - ძველი კოშკის საათის იმ ფიგურებივით, საათში ერთხელ რომ გამოჩნდებიან და უჩინარდებიან.
რელსებსა და შენობას შორის ფართო, დატკეპნილ ზოლზე ახალგაზრდების მხიარული ხმები ისმოდა. ასაკოვანი ცოლ-ქმარი ახალგაზრდებს შუაში მოექციათ და ხალისიანად, საუბრით მიაბიჯებდნენ. მაგრამ ნამდვილი არც მათი მხიარულება იყო; სიცილის ხმა რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ისე იკარგებოდა, თითქოს რაღაც გადაულახავ, უხილავ წინააღმდეგობას წააწყდა, თითქოს მიწამ შთანთქაო.
კარის მრჩევლის მეუღლეს, ორმოცი წლის ქალბატონს სევდიან, ტირილისგან ოდნავ დაწითლებულ თვალებს სქელი პირბადე უმალავდა. გამომშვიდობების დრო ახლოვდებოდა და ერთადერთი ვაჟიშვილის უცხო ხალხთან დატოვება ისე, რომ საყვარელ პირმშოზე თავად ვერ იზრუნებდა, ეძნელებოდა.
პატარა ქალაქი ხომ დედაქალაქიდან შორს, იმპერიის აღმოსავლეთით, დაუსახლებელ და გვალვისგან გამოფიტულ მინდვრებს შორის მდებარეობდა.
მიზეზი, რატომაც ქალბატონი ტერლესი თავისი ვაჟის ასე შორს, მიუსაფარ უცხოობაში ყოფნას შეგუებოდა, ის იყო, რომ ამ ქალაქში მდებარეობდა ცნობილი ინტერნატი, რომელიც გასულ საუკუნეში აეშენებინათ საქველმოქმედო ფონდის მიწაზე და მერე მისთვის ადგილი აღარც შეეცვალათ, სავარაუდოდ, დიდი ქალაქის მავნე გავლენისგან მოზარდების დასაცავად.
ამ ინტერნატში ქვეყნის საუკეთესო ოჯახისშვილები იღებდნენ განათლებას, რათა მისი დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინათ სწავლა, ან სამხედრო თუ სახელმწიფო სამსახურში შეექმნათ კარიერა და ყველა ამ შემთხვევაში, ისევე როგორც საზოგადოების მაღალ წრეებში მოსახვედრად, ინტერნატ ვ.-ს დამთავრება საუკეთესო რეკომენდაცია იყო.
ოთხი წლის წინ ცოლ-ქმარი ტერლესი შვილის პატივმოყვარე, დაჟინებულ მოთხოვნას სწორედ ამის გამო დანებდა და მასაც ინტერნატში მიღების ოცნება აუსრულდა.
მოგვიანებით ამ გადაწყვეტილების გამო ცრემლი არაერთხელ დაუღვრიათ. იმ წუთიდანვე, როგორც კი მის ზურგს უკან ინტერნატის ჭიშკარი მიიხურა, პატარა ტერლესი მტანჯველმა, გამომფიტავმა სევდამ მოიცვა. მის გულს არაფერი ახარებდა: არც გაკვეთილები, არც პარკის დიდ ხასხასა მინდვრებში თამაში ან რამე სხვა გასართობები, რომლებსაც ინტერნატი თავის აღსაზრდელებს უხვად სთავაზობდა. თითქმის არაფერში მონაწილეობდა. ყველაფერს თითქოს საბურველი გადაჰკვროდა და ტერლესი ქვითინს ძლივს იკავებდა, საღამოს კი ყოველთვის ტირილით იძინებდა.
წერილებს ლამის ყოველდღე აგზავნიდა შინ და მხოლოდ მათით ცხოვრობდა. სხვა ყველაფერი, რასაც აკეთებდა, დროის ფუჭ ფლანგვად მიაჩნდა და ისე უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა, ისე არაფრის მთქმელად, როგორც ციფრები საათის ციფერბლატზე. წერილის წერისას კი საკუთარ თავში რაღაც განსაკუთრებულსა და გამორჩეულს გრძნობდა; თითქოს იმ ცივი და დუნე ნაცრისფერი შთაბეჭდილებების ზღვაში, ყველა მხრიდან რომ ეკვროდა და ავიწროებდა, მის სულში მზით გასხივოსნებული ფერადოვანი კუნძული ჩნდებოდა. და როცა დღისით თამაშისას ან გაკვეთილების დროს იმაზე ფიქრობდა, რომ საღამოს წერილს დაწერდა, ასე ეგონა, უხილავ ჯაჭვზე დაკიდებულ ოქროს გასაღებს ვმალავო, რომელსაც - თუ ვერავინ დაინახავდა - ჯადოსნური ბაღის ჭიშკარს მოარგებდა.
უცნაური ის იყო, რომ მშობლებზე ეს დამქანცველი მიჯაჭვულობა, ასე უეცრად რომ იჩინა თავი, მისთვის რაღაც ახალი და უსიამოვნოდ უცხო აღმოჩნდა. მანამდე ეს ვერც კი წარმოედგინა და ინტერნატში თავისი სურვილით, სიხარულით წავიდა. გაეცინა კიდეც, დედამ გამომშვიდობებისას ცრემლი რომ ვერ შეიკავა და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მარტო დარჩა და თავს ცუდადაც არ გრძნობდა, მონატრებამ მასში სტიქიასავით იფეთქა.
თავიდან ამას სახლისა და მშობლების მონატრებას მიაწერდა, თუმცა სინამდვილეში ეს რაღაც გაურკვეველი და რთული გრძნობა გახლდათ, რადგან მშობლების სურათ-ხატი „მონატრების საგანი“ აღარ იყო. იმ მოგონებას კი არ ვგულისხმობ, რომელსაც მხოლოდ გონება ინახავს, არამედ საყვარელ ადამიანზე გარკვეულ პლასტიკურ, სხეულებრივ ხსოვნას, ყველა გრძნობას რომ ეპასუხება და ყველა გრძნობაში ინახება, ასე რომ მუდამ გრძნობ გვერდით მის მდუმარე, უხილავ არსებობას. ეს მოგონება მალე ხანმოკლე გამოძახილივით ჩაჩუმდა.