* ამბობენ, რომ ბებიები შვილიშვილების თვალებით ხედავენ სამყაროს, მე კი შევეცადე, პირიქით დამენახა...
ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი...
გალაკტიონი
წყვდიადი ღამე მარტოსული ადამიანის საუკეთესო თანამგზავრია, თითქოს მასში გამეფებული სიჩუმე გეხმარება აზრების დალაგებაში და გხდის უფრო გამბედავს, ვიდრე აქამდე იყავი. მაგრამ როცა ღამე ნელ-ნელა გაიცრიცება და სამყაროს რძისფერი შეერევა, ძნელია ღამით მოკრებილი გამბედაობის შენარჩუნება, შიშის დაძლევა და ყოველდღიურობაში არჩაძირვა. ბევრი უკუნი და გრძელი ღამე გამითენებია იმაზე ფიქრში, ღირდა თუ არა დამეწერა, მომეთხრო თუ არა ჩემი არც ისე გრძელი და პრობლემებით დახუნძლული სიცოცხლის შესახებ. ამ ფიქრში წლები გამეპარა და ახლა სიცოცხლის უკანასკნელ, თითებზე ჩამოსათვლელ დღეებში ეს ფიქრი არ მასვენებს, სულს მიფორიაქებს. სიმშვიდე კი, წესით, ყველაზე მეტად ახლა მჭირდება, როცა ყველა ამოსუნთქვას დიდი ფასი აქვს და ჩემთვის ნებისმიერი შეიძლება უკანასკნელი იყოს. სწორედ ახლა, ამ მდგომარეობაში მინდა გავათავისუფლო ჩემში გამომწყვდეული თავისუფალი ქალი და მსუბუქად წავიდე ფრთებგაშლილი. უცნაურია არა, ფრენა რომ ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში შეუძლია ადამიანს?! შეუძლია, რადგან ეს ხომ სულიერი მდგომარეობაა. ფრენა სულის თავისუფლებაა, შეუზღუდავი თავისუფლება.
ჩემთვის ცხოვრების არცერთი ეტაპი არ ყოფილა მშვიდი და ბედნიერებით სავსე. განგების ძალით,დაბადებიდანვე მომიწია ბრძოლამ სიცოცხლის, არსებობის, გაზრდისა და გადარჩენისთვის და ამ დროს წარმოუდგენელი იყო თავისუფლებასა და მის ღირებულებებზე ფიქრი. გაყინული ბავშვის მთავარი საფიქრალი სითბოს ნებისმიერი გზით პოვნა და მისი შენარჩუნებაა. ციცაბო გზაზე სიარულის, გაზრდისა და განათლების მიღების შემდეგ ხვდები ადამიანი, თუ სად ხარ, რას აკეთებ და როგორ, თუ რამდენად ღირებულია შენი ცხოვრება. ფიქრობ სწორ ღირებულებებზე, ცდილობ სწორად ცხოვრებას, განვითარებას, მაგრამ ყოველდღიურ ყოფაში ჩაძირული, მუდმივი გადარჩენისთვის ბრძოლით დაღლილი ვეღარ ბედავ, ძალა არ გყოფნის, რომ ხმა ამოიღო და ყველას გააგონო შენი სათქმელი, მიაწვდინო ადამიანებს შენი ძალაგამოცლილი ხმა, რომ უბრალოდ ადამიანი ხარ - ცხოვრებით, უსამართლობით, უიმედობით დაქანცული ადამიანი, რომელიც მხოლოდ თანასწორობას ითხოვს, ადამიანად ჩათვლას ითხოვს... და როცა ამას მივაღწიე დიდი შრომის, ნებისყოფის ფასად, ვიგრძენი ადამიანთა სიყვარული...
როცა ვიპოვე ჩემი პატარა სამოთხე, სწორედ მაშინ მომიწია კვლავ ჭაობში ჩაძირვა. მთელი ჩემი ცხოვრება შავი და თეთრი ფერის ჭიდილია, სინათლისა და სიბნელის ორთაბრძოლაა და როგორ მინდა, ბოლოს მაინც სინათლემ გაიმარჯვოს, ჩემს სულში მაინც გაიმარჯვოს და მოვიპოვო ნანატრი სიმშვიდე.
ბევრი სირთულის გავლის შემდეგ, მაინც ყველაზე რთული, დაცემის შემდეგ მიწით ამოვსებული ფრჩხილებით წამოდგომაა, სწორად რომ შეძლო დანარჩენი ადამიანებისთვის თვალის გასწორება და იმის იმიტირება, რომ კარგად ხარ და ამასაც გადალახავ. სხვებისგან ნუგეშს გაურბიხარ, იმის შიშით, რომ ეს უფრო გაგტეხს. ცდილობ, არჩევანი გააკეთო მდუმარებასა და ყვირილს შორის, ბევრს ფიქრობ, ფიქრობ და ბოლოს დუმილს ამჯობინებ. ტკივილის ჩუმად ატანას ამჯობინებ. გგონია, რომ ასე უფრო იცავ საკუთარ თავს, დარდებს გულში იხვევ და ცხოვრების ბოლოს ხვდები, რომ ამით საკუთარი თავი კი არ დაიცავი, გაინადგურე, გული იმ წყლით აივსე, რომელიც ახლა გახრჩობს. ხშირად ხდება, რომ საკუთარ გულისცემას ყელში გრძნობ, მისი გახშირებული ფეთქვა თითქოს ჰაერს გიბლოკავს და თავისუფლად სუნთქვას ვეღარ ახერხებ. ამ დროს გინდა ამოისუნთქო და ამ ერთ ძლიერ ამოსუნთქვას გაატანო შენი შინაგანი ბრაზი, წყენა, უიმედობა, მაგრამ სწორედ ამ დროს ხვდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამ გულის ფეთქვაა, რომელიც ახლა გგონია, რომ მოუსვენრად დახტის და გაწვალებს. ეს გულისცემაა პირველი იმპულსი იმისა, რომ ცოცხალი ხარ და ამ დროს მთავარი სიცოცხლის არსის გააზრებაა, რათა გადარჩე, ფეხზე წამოდგე. მარტოსულობის მანტიიდან ბევრი წლის შემდეგ თეთრთმიანი გამოვდივარ და თქვენთან ერთად ვიწყებ წარსულის პაზლის აწყობას.
ყველაფერი ჩემი დაბადებით დაიწყო, 1936 წელს. ეს წელი არის ზუსტი, რაც ჩემი დაბადების შესახებ ვიცი. თვე და რიცხვი დანამდვილებით უცნობია, მე ბავშვთა სახლში დავიბადე, უცხო მიწაზე, რომელიც შემდეგ მშობლიურად მექცა. თუ ჩემს დას დავუჯერებთ, დავიბადე ზამთარში, ცივ, სუსხიან თებერვალში. ეს მისი ვარაუდია, მხოლოდ სიცივე და ზამთარი ახსოვს და მეც ზამთრის თვეებიდან თებერვალი ამოვირჩიე, სიცივისგან დაქანცული თვე, რომელიც გაზაფხულისკენ მიგვაცილებს. ჩემს დას ძალიან დიდი ტანჯვის გამოვლა მოუწია ხუთი წლის ასაკში, დედასთან ერთად, და ამიტომ მტანჯველი დღეები საბოლოოდ დაილექა