პირველი თავი - შავი კატის შესახვევში
აღტაცებაში მოვყავდი საკრავს და
მეც თავდავიწყებით ვმეცადინეობდი...
პაგანინი
გენუის განახლებული კვარტალის მახლობლად, თვალუწვდენელ ცათამბჯენთა გვერდით, ჯერ ისევ შემორჩენილა მთის ფერდობზე შეფენილი, მიჯრით მიწყობილი ძველი ნაგებობანი, რომელთა შუაშიც ვიწრო ქუჩები მიიკლაკნება. ამ ლაბირინთში თუ გავივლით, და ისიც საღამო ხანს, ძალზე ლამაზი, უჩვეულო სანახაობა გადაგვეშლება თვალწინ. სახლებს შორის გაბმულ თოკებზე გასაშრობად გაფენილი თეთრეული ფრიალებს. შენობები ახლო-ახლო, ერთმანეთის მიჯრით დგანან და გგონია, აქ ფანჯრიდან ფანჯარაში ხელის ჩამორთმევითაც შეიძლება მისალმება. ბნელი, ციცაბო კიბით ვეშვებით სრიალა ქვაფენილზე, სადაც უხმაუროდ დასუნსულებენ შავი, რუხი თუ ჭრელ-ჭრელი კატები და მწვანე თვალებიდან ცეცხლს აკვესებენ.
ერთ ასეთ პატარა ქუჩას მივყავართ შუკისაკენ, რომელსაც შავი კატის შესახვევს უწოდებენ. მივუახლოვდეთ 38 ნომერ ძველ სახლს, ჩაბნელებულ შესასვლელთან მოჩანს ოთხი ფანჯარა, რომელთაგან ორი ზედა, მცენარეული ორნამენტებით არის დამშვენებული, ხოლო მათ შორის, კედლის ვარდისფერ კვადრატში დატანებულია პატარა საკურთხეველი ღვთისმშობლის ქანდაკებით. მის ქვემოთ კი, რკინის გისოსებიან ფანჯრებს შორის გაკრულ მარმარილოს დაფაზე ვკითხულობთ:
„ამ უბრალო სახლს ბედნიერება ხვდა წილად - აქ 1782 წლის 27 ოქტომბერს სამყაროს გასახარად დაიბადა გენუის სიამაყე ნიკოლო პაგანინი - ღვთიურ ჰანგთა ხელოვნების უბადლო ოსტატი“.
შავი კატის შესახვევის ახლოს მდებარე წმინდა ჯვრისა და უწმინდესი სალვატორეს ეკლესიაში შემონახულია 1766-1795 წლების ნათლობის ჩანაწერები. 213-ე გვერდზე 225 ნომრით აღნიშნული ძველი საბუთი ადასტურებს:
„1782 წელსა, დღესა ოქტომბერსა, დაიბადა და ჩემ მიერ მოინათლა ნიკოლაუს პაგანინი, ვაჟი მეუღლეებისა ანტონიოსი, ძისა იოანე ბაპტისტისა და ტერეზასი, ასულისა იოანე ბოჩარდოსი. მოწმეები - ნიკოლაო კარუტა და კოლუმბა მარია ფერამოლა“.
რას იფიქრებდა მღვდელი, ბებრული ხელით ეს სტრიქონები რომ გამოჰყავდა, ესოდენ მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღს თუ აღნუსხავდა და პირველად წერდა იმ იშვიათ სახელს, რომელსაც ჟამთა სიავე ვერაფერს აკლებს და რომლის დიდებაც დავიწყებას არასოდეს მიეცემა.
ნიკოლაუს პაგანინი - იგივე ნიკოლო - ასე დაარქვეს ნავსადგურის ყოფილი მუშისა და უბრალო ქალაქელი ქალის მეორე ვაჟიშვილს. ნავსადგურში ანტონიოს პატარა დუქანი ჰქონდა გახსნილი, მაგრამ ამასთან ერთად ცდილობდა წინასწარმეტყველიცა და მუსიკოსიც გამხდარიყო. ეტყობა, იგი ლატარიაში მართლაც უწინასწარმეტყველებდა თავის კლიენტებს მომგებიან ნომრებს, „თუმცა მას თვითონ ბედი არასოდეს სწყალობდა“, - წერს პაგანინის ბიოგრაფი ელიზა პოლკო. მოკლედ, დღენიადაგ ხელმოკლედ ცხოვრობდა. ხოლო რაც შეეხება მუსიკას, ძალიან უყვარდა და სიამოვნებით აჟღარუნებდა მანდოლინასა და ვიოლინოს. არც მსმენელი ჰყავდა მომთხოვნი და ყოველთვის მხურვალე ტაშით აჯილდოებდა საგანგებოდ მისთვის შესრულებული მსუბუქი და იოლად დასამახსოვრებელი ხალხური მელოდიებისთვის. ეს იყო უბრალო, მხიარული და უდარდელი სიმღერები, ყოველ შემთხვევაში, უფრო ხალისიანი, ვიდრე მისი შემსრულებლის ერთთავად მოღუშული პირისახე.
ანტონიო პაგანინი ეკუთვნოდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც თვლიან, რომ მათი კარიერა არ შედგა! ის ვაჭრობაზე კი არა, მუსიკოსობაზე, სახელის მოხვეჭასა და თავისი ხელოვნების ჯილდოდ აპლოდისმენტზე ოცნებობდა, დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობა და აუხდენელი ნატვრა ტანჯავდა. ამიტომაც უგუნებობა დასჩემდა - გულფიცხი და ჭირვეული გახდა, ძნელი იყო მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.
საბედნიეროდ, მისი მეუღლე ტერეზა ბოჩარდო ნაზი, თვინიერი და მორჩილი ქალი გახლდათ. ბედით უკმაყოფილო და ბუზღუნა ქმრის მორჯულება რომ ვეღარ შეძლო, პირში წყალი ჩაიგუბა, ნუგეშად მხოლოდ რელიგია და ბავშვები დაიგულა. ხუთი შვილი ჰყავდა - კარლო, ნიკოლო, ანჟელა, ჯულია-ნიკოლეტა და პაოლა-დომინიკა. ხუთივე ქორწინების პირველი ათი წლის განმავლობაში შეეძინათ. ტერეზა გათხოვდა 1777 წელს, როგორც კი ჩვიდმეტისა შესრულდა.
ო, რა შორეულად ეჩვენებოდა ახლა ის დღე, ფარჩის კაბაში გამოწყობილი და ბედნიერებით ფრთაშესხმული საკურთხევლისკენ რომ მიაბიჯებდა. მაშინ მისი ანტონიო 24 წლისა იყო. მას ტერეზა უყვარდა და იმედებითა თუ დაპირებებით აღსავსე მომავალსაც თითქოს ორივეს გული სიამით უნდა აევსო. მერე ამას მოჰყვა არცთუ ბედნიერი და იოლი წლები. ხუთი პატარა ბავშვის გაზრდა და დაპურება ათას საფიქრალს უჩენდათ, არც გულის ხეთქა დაჰკლებიათ მრავალგზის. ტერეზას ყველაზე გამორჩეულად ნიკოლო უყვარდა. იგი ჩვილი ბავშვის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე შეეძინა და ირწმუნა, რომ ღმერთმა დაკარგული შვილი ნიკოლოს სახით ისევ მოუვლინა ამქვეყნად, როგორც იტალიელები იტყვიან, ესეც ერთი ოცნება, ერთი სიზმარი, მაგრამ ტერეზას ეჭვი წუთითაც არ შეჰპარვია ამაში...
ერთხელ უცნაური რამ ესიზმრა და მერე სიზმარში ნანახს ყოველთვის გულისფანცქალით უამბობდა მეზობლებსა და ახლობლებს. ძილში ვითომ ანგელოზი გამოეცხადა და ჰკითხა: რა წყალობას ისურვებ უზენაესისაგან, რას ინატრებო, და ტერეზამაც შესთხოვა მოციქულს, ჩემი ბიჭუნა ნიკოლო ღმერთმა სახელგანთქმული მუსიკოსი გამიხადოსო.
ტერეზასაც ძალიან უყვარდა მუსიკა და ამჩნევდა, მისი საფიცარი შვილი როგორ მოჯადოებული უსმენდა ხოლმე ზარების რეკვასა