მეოცე საუკუნის დონ კიხოტი
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი პიროვნების, ერნესტო ჩე1 გევარას ჩანაწერებში აღწერილია მისი მოგზაურობა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მეგობართან, ალბერტო გრანადოსთან ერთად. "დღიურის" მკითხველის თვალწინ მთხრობელი ყალიბდება პიროვნებად, რომელშიც უკვე ჩანს მომავალი რევოლუციონერის ხასიათის არსებითი ნიშან-თვისებები.
სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს ახალგაზრდები ხშირად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მაგრამ "წანწალისადმი" ლტოლვა იმდენად ძლიერია, რომ ათასგვარ განსაცდელს უძლებენ და სამშობლოში დაბრუნებაზე არც ფიქრობენ.
ეს ორი მეგობარი ესპანური ლიტერატურიდან ცნობილ მოგზაურ წყვილს - დონ კიხოტსა და სანჩო პანსას გვაგონებს, რა თქმა უნდა, პირობითად (ყოველ შემთხვევაში, ალბერტოს ვერაფრით მივამსგავსებთ სანჩოს), თუმცა ერნესტოს ცნობიერებაში ასოციაციური პარალელები საყვარელ გმირთან (ეს ბავშვობიდანვე იყო დონ კიხოტი) ნამდვილად შეიმჩნევა.
საგულისხმოა, რომ ძველ მოტოციკლს - "დევგმირ II", რომლითაც მოგზაურობენ "რაინდები", ერნესტო გვიხატავს, როგორც ჯაგლაგს, ერთგვარ მექანიკურ როსინანტს: "ქანცგაწყვეტილი მოტოციკლი ხვნეშით მიბობღავდა გრძელ გზაზე"; "ქოშინებდა, მე კი მას დიუნების გავლაში ვეხმარებოდი"; "უსაქმოდ მოყიალე ადამიანების ყურადღებას აქამდე ვიპყრობდით უჩვეულო ჩაცმულობითა და "დევგმირით", რომლის ასთმური ხრიალი ხალხს თანაგრძნობას აღუძრავდა".
თავდაპირველად "დღიურის" მთხრობელი ოდნავ პოეტური, ცოტა რომანტიკული, ამაღლებული განწყობებით გამსჭვალული ჭაბუკია, რომელსაც თავგადასავლები, ფათერაკებიანი ცხოვრება იტაცებს: "მომავალს მოუთმენელი სიხარულით შევყურებდით. აქ უფრო თავისუფლად ვსუნთქავდით. ეს იყო უფრო მსუბუქი, თავგადასავლების სამყაროს ჰაერი. შორეული ქვეყნები, საგმირო საქმეები, ლამაზი ქალები თავბრუდამხვევი სიჩქარით ტრიალებდნენ ჩვენს მგზნებარე წარმოსახვაში"; "ჩვენი მოწოდება, ჭეშმარიტი მოწოდება, იყო დედამიწის გზებსა და ზღვებზე მუდმივი ხეტიალი, გარე სამყაროზე უშრეტი ცნობისმოყვარეობით დაკვირვება, ყოველი კუთხის დაყნოსვა, ოღონდ ზედაპირულად, რომ ფესვები არსად გაგვედგა; დავკმაყოფილებულიყავით მხოლოდ თვალის შევლებით, არსად დავრჩენილიყავით იმდენ ხანს, რომ ჩავწვდომოდით საგანთა და მოვლენათა არსს".
დონკიხოტური საწყისი, საერთოდ, ძალიან მძლავრი იყო ჩე გევარაში და თავიდან ხეტიალისადმი სწრაფვაში გამოიხატებოდა. თერთმეტი წლის ერნესტო ძმასთან ერთად სახლიდან გაიქცა. ბავშვები მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს როსარიოდან (სადაც ისინი იმ დროს ცხოვრობდნენ) რვაას კილომეტრზე. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როდესაც მეზღვაურად მუშაობდა სატვირთო გემზე (1950 წ.), მოინახულა ტრინიდადი და ბრიტანეთის გვიანა, ამას მოჰყვა მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში (1952 წლის თებერვალი-აგვისტო) ალბერტო გრანადოსთან ერთად, რაც წინამდებარე წიგნშია აღწერილი; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემ დატოვა სამშობლო და გაეშურა გვატემალაში ამ ქვეყნისთვის ყველაზე დრამატულ მომენტში, ხოლო შემდეგ მეხიკოში, სადაც მუშაობდა წიგნების გამყიდველად, ფოტოგრაფად, ექიმად. მაგრამ, როგორც ვთქვით, ახალგაზრდა ერნესტოსთვის ეს მხოლოდ ხეტიალის, დედამიწის სხვადასხვა კუთხის დათვალიერების დაუძლეველი სურვილი იყო. "ჩემი ცხოვრებისეული ხვედრი იყო ყარიბობა", - აღიარებს ჩე გევარა "დღიურში".
ერნესტო თანდათან ინტერესდება სოციალური უსამართლობის პრობლემით, განიცდის ჩუკიკამატას საბადოებში მომუშავე ადამიანთა უუფლებობას, დაბალ სოციალურ წრეებში პრევენციული მედიცინის არარსებობას და მსგავს საკითხებს. თუ კვლავ პარალელს გავავლებთ დონ კიხოტთან, შეიძლება ითქვას, რომ ჩე გევარას უმიზნო ხეტიალი თანდათან გარკვეულ მიზანს იძენს, თავის სანჩო პანსასთან ერთად ქარის წისქვილების აღმოსაჩენად და მათთან საბრძოლველად მოგზაურობს. დონ კიხოტთან მას ანათესავებს სამართლიანობის მძაფრი შეგრძნება, სიმართლის კულტი, "აზრის, სიტყვისა და საქმის ერთადერთი მისაღები მონოპოლია".
შესაძლოა, მკითხველს გაუკვირდეს, რომ ადამიანს, რომელმაც სახელი გაითქვა რევოლუციური საქმიანობით და რომელიც ებრძოდა უმეცრებას, ჩაგვრას, ექსპლუატაციას, ვადარებთ "მწუხარე სახის რაინდს", რომელიც წარმოსახულ სამყაროში ცხოვრობდა.
საქმე ისაა, რომ ჩე გევარა გაორებული იყო: ერთი მხრივ, სწამდა, რომ მისი მიზანი რეალური იყო, ხოლო ამ მიზნის განხორციელებისთვის ბრძოლა - გამართლებული. ეს მიზანი კი იყო "ჯაჭვური რევოლუცია" სამხრეთ ამერიკაში, რაც უნდა დაწყებულიყო ჯერ ბოლივიაში, შემდეგ არგენტინაში და იქამდე გაგრძელებულიყო, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები უარს არ იტყოდა თავის პრეტენზიებზე მესამე მსოფლიოს ქვეყნებში. მას სწამდა, რომ ამისათვის ძალა არ უნდა დაეშურებინა, მეორე მხრივ კი, იცოდა (და არც მალავდა), რომ ეს მიზანი ილუზორული იყო. "რევოლუციის შემდეგ, - ამბობდა ის, - ტექნოკრატები და ბიუროკრატები მუშაობენ. რევოლუციონერები კი კონტრრევოლუციონერები ხდებიან".
ნუთუ რევოლუციის მიზნები ილუზორულია?
როგორც ჩანს, ფიდელ კასტრო ვერ აღიქვამდა რევოლუციის შედეგებს ან ეს მისთვის უმნიშვნელო იყო. შესაძლოა, ის იმგვარ "კონტრრევოლუციონერად" გადაიქცა, რომელზედაც საუბრობდა ჩე გევარა. მან, სწორედ იმიტომ, რომ არ დაენახა რეალობა (თუმცა, იცოდა, როგორი იყო ან იქნებოდა ის), ამჯობინა, საკუთარი სიცოცხლე რევოლუციების ჯაჭვად ექცია, სანამ 1967 წლის 9 ოქტომბერს ბოლივიის მიყრუებულ სოფელში სიცოცხლეს არ გამოასალმეს.
თავისი "ქარის წისქვილების" შესახებ ჩე გევარა ენერგიით, გზნებით, რევოლუციური სულისკვეთებით საუბრობს: "როდესაც სამყაროს წარმმართველი დიადი ძალა გახლეჩს კაცობრიობას ორ საპირისპირო ბანაკად, მე, დოქტრინების ეკლექტური ინტერპრეტატორი