წინასიტყვაობა
ეს წიგნი დაწვრილებით მოგვითხრობს უილიამ სტენლი მილიგანის შესახებ. ის პირველი ადამიანია აშშ-ში, რომელიც არაერთ მძიმე ბრალდებაში ცნეს უდანაშაულოდ, რადგან ერთსა და იმავე დროს რამდენიმე პიროვნება იყო.
ფსიქიატრიულ და პოპულარულ ლიტერატურაში აღწერილი მრავლობითი პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანებისაგან განსხვავებით, რომლებიც გამოგონილ სახელებს ამოფარებულნი ანონიმებად რჩებოდნენ, მილიგანის პიროვნება დაკავებისა და სასამართლოსთვის გადაცემის მომენტიდანვე ათასგვარი მითქმა-მოთქმის საგნად იქცა. მისი პორტრეტი გაზეთების პირველ გვერდებსა და ჟურნალების ყდებზე იბეჭდებოდა. მისი ფსიქიკური შემოწმების შედეგებს საღამოს სატელევიზიო ახალი ამბები და სტატიების სათაურები მთელ მსოფლიოში ავრცელებდნენ. გარდა ამისა, ის პირველი პაციენტია მრავლობითი პიროვნების აშლილობის მქონეთაგან, რომელსაც კლინიკის პირობებში ოცდაოთხი საათის განმავლობაში გულდასმით ამოწმებდნენ და რომლის პიროვნების მრავლობითი ხასიათიც ოთხმა ფსიქიატრმა და ერთმა ფსიქოლოგმა სასამართლოზე ფიცით დაადასტურეს. ოცდასამი წლის კაცს პირველად ათენის ფსიქიატრიული ჯანდაცვის ცენტრში, ოჰაიოს ქალაქ ათენში შევხვდი, სადაც ცოტა ხნის წინ სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოეგზავნათ. როცა თავისი ისტორიის დაწერა მთხოვა, ვკითხე, ჰქონდა თუ არა სათქმელი უფრო მეტი, ვიდრე საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ. დამარწმუნა, რომ მასში მცხოვრები ადამიანების მნიშვნელოვანი საიდუმლოებები არავისთვის გაუმხელია, არც ადვოკატებისა და ფსიქიატრებისთვის. ახლა კი სურდა, მსოფლიოსათვის თავისი ფსიქიკური აშლილობის შესახებ მოეთხრო. დავინტერესდი, თუმცა ეჭვი აღმეძრა. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობისმოყვარეობა „ნიუსვიკის“ სტატიის („ბილის ათი სახე“) უკანასკნელმა აბზაცმა გამიმძაფრა:
„ზოგიერთი კითხვა უპასუხოდ რჩება, მაგალითად, სად ისწავლა მილიგანმა ჰუდინის მსგავსი გაუჩინარების ტრიუკი, რომელიც ტომიმ (ერთ-ერთმა პიროვნებათაგანმა) გვიჩვენა? ან კიდევ: როგორ ავხსნათ მისი საუბრები გაუპატიურების მსხვერპლებთან, როცა თავს „პარტიზანსა“ და „დაქირავებულ მებრძოლს“ უწოდებდა? ექიმების ვარაუდით, მილიგანს შესაძლოა კიდევ რამდენიმე ისეთი პიროვნება გააჩნდეს, რომლებსაც თავი ჯერჯერობით არ გამოუვლენიათ და შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს ჯერ დაუდგენელი დანაშაულიც ჰქონდეს ჩადენილი“.
მიღების საათებით რომ ვისარგებლე და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გავესაუბრე, აღმოვაჩინე, რომ ბილი, როგორც მას ჩვეულებრივ ეძახდნენ, ძალზე განსხვავდებოდა იმ დინჯი ყმაწვილისაგან, პირველად რომ შევხვდი. ახლა ყოყმანით საუბრობდა, მუხლები ნერვიულად უცახცახებდა. მეხსიერება არ უვარგოდა, ამნეზიის გამო ხანგრძლივი პერიოდები საერთოდ არ ახსოვდა. მხოლოდ ის შეეძლო, წარსულის ბუნდოვანი მონაკვეთები განეზოგადებინა. მტკივნეულ მოგონებებზე საუბრისას ხმა ხშირად უკანკალებდა და ბევრი დეტალის აღდგენა არ შეეძლო. ერთხანს, წარსული გამოცდილების მისი მეხსიერებიდან ამოთრევას ვერაფრით რომ ვერ ვახერხებდი, მზად ვიყავი, ხელი ჩამექნია.
მერე, ერთ მშვენიერ დღეს, გამაოგნებელი რამ მოხდა. ბილი მილიგანის ნამსხვრევები პირველად შედუღაბდა ერთ პიროვნებად და ახალი ინდივიდი, მისი ყველა პიროვნების შენადნობი გამოჩნდა. მან მკაფიოდ, თითქმის სრულად იცოდა ყველაფერი თითოეული პიროვნების შესახებ მათი გაჩენის დღიდან. მათი თითოეული აზრი, მოქმედება, ურთიერთობა, ტრაგიკული გამოცდილება და კომიკური თავგადასავალი ახსოვდა. ამას დასაწყისშივე ვახსენებ, რათა მკითხველმა იცოდეს, როგორ შევძელი მილიგანის ცხოვრების წარსული მოვლენების, პირადი განცდებისა და კერძო საუბრების ჩაწერა. მასალა გამთლიანებულმა მილიგანმა, მისმა სხვა პიროვნებებმა და იმ სამოცდაორმა ადამიანმა მომცეს, რომლებიც მილიგანს ცხოვრების ამა თუ იმ საფეხურზე შეხვედრიან. სცენები და დიალოგები მილიგანის მოგონებების მიხედვით აღვადგინე. ცალკეული ინფორმაცია თერაპიის სეანსების ვიდეოჩანაწერებიდან არის აღებული. მე არაფერი გამომიგონია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ჩანაწერების დასაწყისში წავაწყდით, ქრონოლოგიის აღდგენა იყო, რადგან მილიგანს დრო ადრეული ბავშვობიდანვე ხშირად „ეკარგებოდა“, საათებსა თუ კალენდრებს იშვიათად აქცევდა ყურადღებას და ხშირად რცხვენოდა იმის აღიარებისა, რომ თვე, ან რიცხვი არ ახსოვდა. საბოლოოდ, ასე თუ ისე, შევძელი მოვლენათა თანმიმდევრობის გარკვევა იმ ჩეკების, რეცეპტების, სადაზღვევო ანგარიშების, სასკოლო ჩანაწერების, სამუშაო ადგილას მოპოვებული ჩანაწერებისა და იმ საბუთების მეშვეობით, რომლებიც ბილის დედამ, დამ, დამსაქმებლებმა, ადვოკატებმა თუ ექიმებმა გადმომცეს. მილიგანი წერილებს თარიღს იშვიათად აწერდა, თუმცა მის ყოფილ მეგობარ გოგოს ციხიდან გამოგზავნილი ასობით წერილი ჰქონდა შენახული და მათი დათარიღება კონვერტზე დაკრული საფოსტო მარკების მიხედვით მოვახერხე.
მუშაობისას მილიგანი და მე ორ ძირითად წესზე შევთანხმდით: პირველი – ყველა ადამიანს, ადგილსა თუ დაწესებულებას ნამდვილი სახელით მოვიხსენიებდით, გარდა ინდივიდთა სამი ჯგუფისა, რომელთა ვინაობაც საიდუმლოდ უნდა შეგვენახა. ესენი იყვნენ: ფსიქიატრიული საავადმყოფოს სხვა პაციენტები; დამნაშავეები, რომლებისთვისაც ბრალი ჯერ არ წაეყენებინათ და რომლებთანაც მილიგანს ყმაწვილობასა და ზრდასრულობაში ჰქონდა საქმე; და გაუპატიურების სამი მსხვერპლი ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელთაგან ორი ინტერვიუზე დამთანხმდა.
მეორე – თუკი მის პიროვნებათაგან რომელიმე ისეთ დანაშაულს გაამჟღავნებდა, რომლის გამოც ჯერ კიდევ შეეძლოთ მისი პასუხისგებაში მიცემა, მილიგანის საფრთხისაგან დაცვის მიზნით შევთანხმდით, რომ ასეთი სცენების აღწერისას თავს „პოეტური იმპროვიზაციის“ უფლებას მივცემდი. მეორე მხრივ, ის დანაშაულები, რომელთათვისაც მილიგანი უკვე გაასამართლეს, აქამდე გაუხმაურებელ