თვითმფრინავის ძრავას გუგუნი და ნიკაპზე ჩამოწუწული რაღაც ბლანტისა და თბილის შეგრძნება მაღვიძებს. სახეს ხელით ვისინჯავ. წინა ოთხი კბილი მაკლია, ყბა გაგლეჯილი მაქვს, ცხვირი – გატეხილი. თვალები ისე დამსივებია, გახელა მიჭირს. მაინც ვახელ და ირგვლივ მიმოხედვას ვცდილობ და ვხედავ, რომ თვითმფრინავის სალონის უკანა ნაწილში ვზივარ და ახლომახლო არავინაა. ტანსაცმელს ვითვალიერებ – დორბლის, ცინგლების, შარდის, ნარწყევისა და სისხლის ფერად-ფერადი ნაზავითაა დასვრილი. ხელით ბორტგამცილებლის გამოსაძახებელ ღილაკს ვპოულობ და ვაჭერ და ვიცდი და ოცდაათ წამში გამცილებელიც მაკითხავს.
გისმენთ, რა გნებავთ, სერ?
სად მივდივარ?
არ იცით?
არა.
ჩიკაგოში მიემგზავრებით.
აქ როგორ მოვხვდი?
ექიმმა და ორმა მამაკაცმა ამოგიყვანათ.
რაო, რა თქვეს?
კაპიტანს დაელაპარაკნენ. გვიბრძანა, არ გააღვიძოთო.
რამდენი დარჩა დაშვებამდე?
დაახლოებით ოცი წუთი.
გმადლობთ.
ზემოთ არ ვიყურები, მაგრამ ვიცი, რომ ეღიმება და ვებრალები. ისე, კაცმა რომ თქვას, სულ ტყუილად ვებრალები.
მალე მიწასთან შეხებას ვგრძნობ. აქეთ-იქით ვიხედები – ბარგი თუ მაქვს-მეთქი, მაგრამ ეტყობა არა მაქვს. Aარც ბილეთი ჩანს სადმე, არც ჩანთები, არც ტანსაცმელი და არც საფულე. ვზივარ და ვიცდი და ვცდილობ გავიხსენო, რა მოხდა. აზრზე საერთოდ ვერ მოვდივარ.
როცა ყველა მგზავრი ჩადის, ვდგები და გასასვლელისაკენ მივდივარ. დაახლოებით ხუთ ნაბიჯს ვადგამ და ისევ ვჯდები. სიარულზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩემს მეგობარ გამცილებელს ვხედავ და ხელს ვუწევ.
ცუდად ხომ არა ხართ?
ჰო.
რა დაგემართათ?
ვერ დავდივარ.
გასასვლელამდე თუ მოახერხებთ მისვლას, იქ სკამს შემოგაშველებთ.
შორსაა ეგ თქვენი გასასვლელი?
არა, შორს არაა.
ფეხზე ვდგები. მაქანავებს. ისევ ვჯდები. იატაკს ვაშტერდები და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო.
ნუ გეშინიათ, არაფერი მოგივათ.
მზერა მასზე გადამაქვს. იღიმება.
აი, ჩამეჭიდეთ.
ხელს მიწვდის და მეც ვებღაუჭები. მერე ვდგები და მთელი სხეულით ვეყრდნობი და გასასვლელში გავყავარ. კარამდე მაცილებს.
დამიცადეთ, ახლავე დავბრუნდები.
ხელს ვუშვებ და ფოლადის იმ გადასასვლელ ხიდზე ვჯდები, თვითმფრინავში მისასვლელ გვირაბს აეროპორტის ჭიშკართან რომ აერთებს.
აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი.
ეცინება და ვხედავ, როგორ მიდის და თვალებს ვხუჭავ. თავი მტკივა, პირი-სახე მტკივა, თვალები მტკივა, ხელები მტკივა.
სულ რომ არ ვიცი რა ჰქვია, ისეთი რაღაც-რაღაცეებიც მტკივა.
მუცელს ვიზელ. ვგრძნობ, რომ საშინელი ძალით მაღებინებს, ვულკანივით იფრქვევა რაღაც მდუღარება. Aამ ლავის შეჩერება შეუძლებელია, უბრალოდ თვალები უნდა დახუჭო და ნებაზე მიუშვა. მოჩქეფს და მეც გულზე მეშვება, ტკივილი მიმსუბუქდება. სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
ღმერთო ჩემო!
თვალებს ვახელ.
უკეთ ვარ.
ეგებ, ექიმი მოგიყვანოთ?
გადამივლის. აი, ნახავთ. უბრალოდ აქედან გამიყვანეთ.
ფეხზე წამოდგომა შეგიძლიათ?
ჰო, ახლავე.
ვდგები და ტანსაცმელს ვიფერთხავ და დასვრილ ხელებს იატაკს ვახოცავ და ინვალიდის სკამში ვჯდები, გამცილებელმა რომ მომიგორა. გოგონა წრეს მარტყამს, სკამის საზურგესთან მიდის და გვირაბში მიმაგორებს.
ვინმე დაგხვდებათ?
ალბათ.
არ იცით?
არა.
და, რომ არ დაგხვდნენ?
ასეც მომხდარა ხოლმე. არაუშავს, როგორმე მარტო გავაგნებ.
გვირაბი მთავრდება და ჭიშკარში გავდივართ. ვიდრე სიტუაციის გააზრებას ვცდილობ, ცხვირწინ დედ-მამა ამეტუზება.
ღმერთო, შენ მიშველე!
არ გინდა რა, დედა.
ღმერთო ჩემო! რა გჭირს, ჯიმი?
ამაზე ლაპარაკი არ მინდა, დედი.
ვაი, ჩემს თავს! ეს რა ჯოჯოხეთი გამოგივლია?
იხრება და ცდილობს ჩამეხუტოს. ხელით ვიშორებ.
უბრალოდ, აქედან გამიყვანეთ, კარგი?
მამაჩემი სკამის საზურგისაკენ მიეშურება. თვალებით გამცილებელ გოგონას ვეძებ, მაგრამ უკვე აორთქლებულა ის დალოცვილი.
ცუდად ხომ არა ხარ, ჯეიმზ?
წინ ვიყურები, გაშტერებული.
ჰო, მამი, ცუდადა ვარ.
მამა სასწრაფოდ უბიძგებს სკამს და მიმაგორებს.
ჩანთები არა გაქვს?
დედაჩემი თავზე დამტირის.
არა.
ყველა ჩვენ გვიყურებს.
რამე ხომ არ გინდა?
აქედან გასვლა მინდა, მამაჩემო. Aაქედან გამიყვანე, ამის დედაც...
მანქანისაკენ მიმაგორებენ. უკან ვჯდები და პერანგს ვიხდი და ვწვები. მამა მანქანას ძრავს, დედა ისევ ტირის, მე ვიძინებ.
დაახლოებით ოთხ საათში მეღვიძება. თავი ნათელი მაქვს, მაგრამ მთელი სხეული მიფეთქავს. ვჯდები და ფანჯრიდან ვიხედები. ბენზინგასამართ სადგურში ვართ, სადღაც ვისკონსინის მიდამოებში. თოვლი არ დევს, მაგრამ სუსხი იგრძნობა. მამა კარს აღებს, მანქანიდან გადადის, მერე უკანვე ჯდება და კარს ხურავს. საშინლად მაძაგძაგებს.
გაიღვიძე?
ჰო.
თავს როგორ გრძნობ?
ნეხვის ტომარასავით.
დედაშენი შიგნით შევიდა, მოწესრიგდება და პროდუქტებს იყიდის. რამე ხომ არ გინდა?
ერთი ბოთლი წყალი, რამდენიმე ბოთლი ღვინო და ერთი კოლოფი სიგარეტი.
სერიოზულად ამბობ?
ჰო.
ასე არ ივარგებს, ჯეიმზ.
ძალიან მჭირდება.
ცოტას ვერ მოითმენ?
ვერა.
დედაშენი გადაირევა.
ფეხებზე მკიდია, მჭირდება-მეთქი.
კარს აღებს და სადგურის შენობაში შედის. გულაღმა ვწვები და ჭერს ვაშტერდები. გული თანდათან მიჩქარდება, ლამის საგულედან ამომივარდეს. ხელს წინისაკენ ვიშვერ და ვცდილობ, სწორად დავიჭირო. იმედია, მალე დაბრუნდებიან.
ოც წუთში ღვინის ბოთლები ბოლომდეა გამოცლილი. ვჯდები, სიგარეტს ვუკიდებ და ერთ ყლუპ წყალს ვსვამ. Dდედა ჩემკენ იხედება.
უკეთ ხარ?
ეგრე იყოს, თუკი გულს უხარია.
ფაცხაში მივდივართ.
მივხვდი.
იქ მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ.
კარგი.
შენ თვითონ რას ფიქრობ?
ახლა ფიქრის თავი არა მაქვს.
მალე მაინც მოგიწევს დაფიქრება.
ჰოდა, იმ მალემდე დავიცდი.
ჩრდილოეთით, ფაცხისაკენ ვიღებთ გეზს. გზაში ვიგებ, რომ ჩემი მშობლები, რომლებიც ტოკიოში ცხოვრობენ, ბოლო ორი კვირა შტატებში ყოფილან რაღაც საქმეზე. Dდილის ოთხ საათზე ერთ ჩემს მეგობარს დაურეკია საავადმყოფოდან. მიჩიგანში მიუგნია მათთვის. ჩემზე უთქვამს, სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა, პირდაპირ ცხვირ-პირით დაასკდა და შველა სჭირდებაო. რაზე იყო შემჯდარი არ ვიცი, მაგრამ ბლომად კი მიიღო ის საშინელებაო. მთელი ღამე უმგზავრიათ ჩიკაგომდე.
მაინც, რა იყო?
რა რა იყო?
რასაც იღებდი.
ზუსტად არ ვიცი.
როგორ შეიძლება, არ იცოდე?
არ მახსოვს.
აბა, რა გახსოვს?
ფრაგმენტები და ნაგლეჯები.
მაგალითად?
არ მახსოვს.
გზას ვაგრძელებთ და დუმილის რამდენიმე მძიმე წუთის შემდეგ დანიშნულების ადგილას ჩავდივართ. მანქანიდან გადმოვდივართ და შენობაში შევდივართ და მე შხაპის მისაღებად გავრბივარ, რადგანაც ძალიან მჭირდება. საშხაპიდან რომ გამოვდივარ, საწოლზე ერთი ხელი სუფთა ტანსაცმელი მხვდება. ვიცვამ და მშობლების ოთახისაკენ მივემართები. Aარ დაწოლილან, ყავას სვამენ და ლაპარაკობენ. მე რომ შევდივარ, ჩუმდებიან.
გაუმარჯოს.
დედას კვლავ ცრემლი ერევა და თვალს მარიდებს. მამა პირდაპირ თვალებში მიყურებს.
მომჯობინდი?
რავი აბა.
უნდა ცოტა დაიძინო.
ჰო, ვაპირებ.
ძალიან კარგი.
დედას ვუყურებ და ისევ თვალს მარიდებს. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ.
მე, უბრალოდ...…
განზე ვიხედები.
უბრალოდ, მინდოდა...…
განზე ვიხედები, მშობლებს თვალს ვერ ვუსწორებ.
უბრალოდ, მინდოდა, მადლობა მეთქვა, რომ მომაკითხეთ.
მამა იღიმება. დედას ხელს ჰკიდებს და დგებიან და მიახლოვდებიან და გულში მიკრავენ. არ მიყვარს, როცა მეხებიან. ჰოდა, განზე ვიწევი.
ძილი ნებისა.
ძილი ნებისა, ჯეიმზ. ძალიან გვიყვარხარ, შვილო.
ვტრიალდები და მათი ოთახიდან გავდივარ და კარს ვხურავ და სამზარეულოსაკენ მივემართები. განჯინებში ვიქექები და ნახევარგალონიან გაუხსნელ ვისკის ბოთლს ვპოულობ. პირველი ყლუპი გულ-მუცელს მიტრიალებს, მერე კარგად მიდის. ჩემს ოთახში ვბრუნდები და ვსვამ და ვეწევი და მასზე ფიქრს ვიწყებ. ვსვამ და ვეწევი და მასზე ვფიქრობ და რაღაც მომენტში ვითიშები და ყველაფერი მავიწყდება.
ისევ მანქანა, თავის გასკდომამდე ტკივილი და არეული სუნთქვა. ჩრდილო-დასავლეთით მივემგზავრებით, მინესოტისკენ. მამაჩემი აქეთ-იქით რეკავს და კლინიკაში მათავსებს და მე ალტერნატიული აზრი არ გამაჩნია. ჰოდა, ცოტა ხნით იქ დაწოლაზე ვყაბულდები და ამწამს ეს სულაც არ მანაღვლებს. სუსხი თანდათან მატულობს.
სახე უარესად მაქვს, მთლად შემიშუპდა. ყველაფერი მიჭირს – ლაპარაკი, ჭამა, სმა, მოწევა. მოკლედ, შიგადაშიგ სარკეს ვაკონტროლებ.
მინეაპოლისში ვჩერდებით ჩემი უფროსი ძმის სანახავად. ცოლს რომ გაეყარა, აქ გადმოსახლდა და იცის, კლინიკაში როგორ უნდა მივიდეთ. უკან ჯდება, ჩემ გვერდით, და ხელს მკიდებს და ეს ძალიან მშველის, რადგანაც შიშმა ამიტანა.
მანქანების სადგომზე ვუხვევთ და მანქანას ვაჩერებთ და მე ერთ ბოთლს ვცლი და მანქანიდან გადმოვდივართ და კლინიკის შესასვლელისაკენ მივეშურებით. მე და ჩემი ძმა, და დედაჩემი და მამაჩემი. მთელი ოჯახი კლინიკისაკენ ჰერი-ჰერი.
ვჩერდები და ისინიც ჩერდებიან. შენობებს მივჩერებივარ. Dდაბალი და გრძელი და ურთიერთდაკავშირებული შენობებია; ფუნქციური, სრულიად უსახური, ავბედითი.
მინდა გავიქცე ან მოვკვდე, ან უარესად მეტიროს დედა. მინდა ბრმა და მუნჯი ვიყო და გული არ მქონდეს. მინდა, სოროში ჩავძვრე და აღარასდროს აღარ ამოვძვრე იქიდან. მინდა, რომ ჩემი არსებობის კვალიც კი გაქრეს დედამიწაზე, ამ დედააფეთქებულ დედამიწაზე. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ.
წავიდეთ.
მოცუცქნულ მოსაცდელ ოთახში შევდივართ. სარეგისტრაციო მაგიდასთან ქალი ზის და მოდების ჟურნალს ფურცლავს. თავს აიღებს და გვიყურებს.
გისმენთ. აბა, რით შემიძლია გემსახუროთ?
მამაჩემი მაგიდას უახლოვდება და ელაპარაკება, ამასობაში დედაჩემი და ჩემი ძმა და მე სკამებს ვპოულობთ და ვსხდებით.
მთელი სხეულით ვძაგძაგებ. ხელები, ფეხები, ტუჩები და მკერდი – ყველაფერი მითრთის. ეშმაკმა უწყის, ათასი მიზეზიდან რომელი ერთის გამო ვარ ასე.
დედაჩემი და ჩემი ძმა ჩემთან გადმოსხდებიან და ხელს მკიდებენ და გრძნობენ, რაც მჭირს. ყველანი იატაკს ჩავჩერებივართ, არ ვლაპარაკობთ. ვიცდით, ასე ხელიხელჩაკიდებულები, და ღრმად ვსუნთქავთ და ვფიქრობთ.
მამა რეგისტრატორთან საუბარს ასრულებს და ჩვენკენ ტრიალდება და წინ აგვეტუზება. კმაყოფილი ჩანს და ქალი ტელეფონით რეკავს. მამა ჩემ წინ ცუცქდება.
ახლა მიმღებში გაგატარებენ.
გასაგებია.
აქ კარგად იქნები. კარგი ადგილია. საუკეთესოაო, ასე მითხრეს.
აბა, მზადა ხარ?
მგონი.
ვდგებით და იმ პატარა ოთახისაკენ მივეშურებით, სადაც კაცი ზის კომპიუტერის მაგიდასთან. Dკაცი დგება და კართან გვეგებება.
მაპატიეთ, მაგრამ აქ უნდა დაგვიტოვოთ.
მამაჩემი თავს უქნევს.
მიმღებში გავატარებთ. თუ გნებავთ, მოგვიანებით გამოგვიარეთ და ნახეთ, როგორ იქნება.
დედა საშინლად ითრგუნება.
ნუ ღელავთ, ქალბატონო, აქაურობა ზედგამოჭრილია თქვენი ვაჟისთვის.
ჩემი ძმა განზე იხედება.
ნამდვილად ასეა, დამიჯერეთ.
მათკენ ვტრიალდები და გულში მიკრავენ. რიგრიგობით და მაგრად. მეც ვეხუტები და ხელს ვუჭერ; მინდა ვაჩვენო, რა მაგარი ვარ. მერე ზურგს ვაქცევ და სიტყვისუთქმელად შევდივარ ოთახში და კაცი კარს ხურავს და ისინიც მიდიან.
კაცი სკამზე მითითებს და მაგიდასთან ჯდება. მიღიმის.
გამარჯობა შენი.
სალამი.
აბა, როგორა ხარ?
როგორც მხედავთ.
ჰოოო, მაინცა და მაინც კარგად ვერ უნდა იყო.
ჰოდა, უარესად ვარ.
ჯეიმზი გქვია. ოცდასამი წლისა ხარ. ჩრდილო კაროლინაში ცხოვრობ.
ეგრეა.
ცოტა ხანს აქ უნდა დარჩე, შევთანხმდით?
ჯერჯერობით – კი.
ამ დაწესებულების შესახებ თუ იცი რამე?
არა.
გაინტერესებს?
ისე რა.
ეღიმება და ერთხანს გულდასმით მაკვირდება. მერე იწყებს.
ჩვენი კლინიკა მსოფლიოში ყველაზე ძველი ნარკოლოგიური ცენტრია. 1949 წელს დავიწყეთ ფუნქციონირება ამ ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველ შენობაში. ამჟამად აქ უკვე ოცდათორმეტი ურთიერთდაკავშირებული კორპუსია. ოცი ათასზე მეტმა პაციენტმა გაიარა ჩვენ ხელში. წარმატების თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი რეიტინგით ვსარგებლობთ მთელ მსოფლიოში. ყოველ ჯერზე აქ ორასიდან ორას ორმოცდაათამდე პაციენტი მკურნალობს ექვს მიმდებარე ბლოკში; სამში ქალები წვანან, სამშიც – მამაკაცები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავადმყოფებმა აქ იქამდე უნდა დაყონ, ვიდრე დასჭირდებათ; სხვა სიტყვებით, “ოცდარვადღიანი პროგრამების” მსგავს სისულელეებს არა ვცნობთ. მართალია, აქ მკურნალობა იაფი სულაც არ არის, მაგრამ პაციენტთა დიდი უმრავლესობა ჩვენი ფონდიდან დანიშნული სტიპენდიებითა და სუბსიდიებით სარგებლობს. მაგ საქმეზე შვიდასი მილიონი დოლარია გამოყოფილი. სამკურნალო საქმიანობის გარდა, კვლევით სამუშაოებსაც ვეწევით. Aასე რომ, ბედს უნდა უმადლოდე, ჩემო კარგო, ჩვენთან რომ მოხვდი და დიდი ენთუზიაზმით უნდა შეუდგე შენი ცხოვრების ახალი ფურცლების წერას. იმ კაცს გაშტერებული ვუყურებ. ხმას არ ვიღებ. ისიც ჩუმად შემომცქერის – ელოდება, რას ვიტყვი. ერთგვარი უხერხულობის მომენტი დგება. კაცი იღიმება.
აბა, მზად გაქვს საწერ-კალამი?
არ მეღიმება.
რა თქმა უნდა.
კაცი დგება და მეც ვდგები და ჰოლისაკენ მივემართებით. ის ერთთავად ლაპარაკობს. მე ერთთავად ვდუმვარ.
აქ კარს არასოდეს კეტავენ; ასე რომ, თუ წასვლა მოგინდება, ნებისმიერ დროს შეგიძლია წახვიდე. სასმელის მოხმარება სასტიკად აკრძალულია და თუ ჩაგავლებენ, რომ სვამ ან ინახავ რამე მაგდაგვარს, მაშინვე შინ გიკრავენ თავს. არც ერთ ქალს, – ექიმების, მედდების და მომსახურე პერსონალის გარდა – ხმა არ უნდა გასცე, მხოლოდ სალამს უნდა დასჯერდე. Aამ წესის დარღვევისთანავე შინ გაგიშვებენ. ჩვენთან სხვა წესებიცაა, მაგრამ ჯერჯერობით ამ ორის ცოდნაც გეყოფა.
ჰოლის კარს ვუახლოვდებით და სამკურნალო განყოფილებაში გავდივართ. აქ პატარა ოთახებია, ექიმები და მედდები, და აფთიაქი. კარადებს ფოლადის უზარმაზარი ბოქლომები ადევს.
ოთახში შევყავარ. Aიქ ერთი საწოლი, ერთი საწერი მაგიდა, ერთი სკამი და პატარა კარადაა. ყველაფერს თეთრად გაუდის ქათქათი.
კაცი კარის ზღურბლზე ჩერდება და მე საწოლზე ვჯდები.
ერთ-ორ წუთში მედდაც მოვა და გაგესაუბრება.
კეთილი.
თავს როგორ გრძნობ?
ნეხვის ტომარასავით.
მალე უკეთ იქნები.
ჰო.
დამიჯერე.
კარგი.
კაცი გადის და კარს იხურავს და მარტო ვრჩები. ფეხები მიკანკალებს. სახეს ხელით ვისინჯავ, ენით ღრძილებს ვიმოწმებ. მაჟრიალებს და თანდათან მთლად ვითოშები. ვიღაცის ბღავილი მესმის.
კარი იღება და ოთახში მედდა შემოდის. თეთრებშია გამოწყობილი, თავით ფეხებამდე; ხელში საწოლზე მისამაგრებელი ავადმყოფობის ისტორიის დაფა უჭირავს. მაგიდას უჯდება.
გამარჯობა, ჯეიმზ.
გამარჯობა.
რაღაც-რაღაცეები უნდა გკითხო.
კარგი.
თანაც, სისხლის წნევა და პულსი უნდა გაგისინჯო.
კარგი.
რა ტიპის სასმელი გიყვარს?
სპირტიანი.
ყოველდღე სვამ?
დიახ.
როდიდან იწყებ?
დილიდან.
ინიშნავს.
დღეში რამდენს სვამ?
რამდენსაც ჩავიტევ.
ეგ რამდენია?
სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ ასეთ დღეში ჩავვარდე.
მიყურებს და ისევ ინიშნავს.
სხვა რამეს თუ იღებ?
კოკაინს.
რა სიხშირით?
ყოველდღე.
ინიშნავს.
დოზა?
რამდენსაც მოვიგდებ.
ინიშნავს.
რა სახით იღებ?
ბოლო დროს კრეკზე შევჯექი, ადრე – როგორც მომიხერხდებოდა.
ინიშნავს.
კიდევ?
კალიკებს, მჟავას, სოკოს, მეტაფეტამინს, პი-სი-პის და წებოს.
ინიშნავს.
რა სიხშირით?
რამდენჯერაც დავითრევ.
ანუ?
კვირაში ორჯერ-სამჯერ.
ინიშნავს.
გორგოლაჭებიანი სკამით ჩემსკენ მოსრიალებს და ჯიბიდან სტეტოსკოპს იღებს.
როგორა ხარ?
მურტლად.
რა მხრივ?
ყოველმხრივ.
პერანგზე მეპოტინება.
წინააღმდეგი ხომ არა ხარ?
არა.
პერანგს მიწევს, სტეტოსკოპს მკერდზე მადებს და მისმენს.
ღრმად ისუნთქე.
მისმენს.
კარგია. Aაბა, ერთხელაც ვსინჯოთ.
პერანგს მისწორებს და უკან მისრიალებს და ინიშნავს.
გმადლობთ.
მეღიმება.
გამცივნებს?
ჰო.
წნევის აპარატს იღებს.
გული გერევა?
ჰო.
მკლავზე თასმას მიჭერს და მტკივა.
ბოლოს როდის მიიღე?
აპარატს რთავს.
ცოტა ხნის წინ.
რა მიიღე და რამდენი?
ერთი ბოთლი არაყი.
ეგ შენს დღიურ დოზას შეესაბამება?
ახლოსაც არ გაუვლია.
მონიტორს უყურებს. ციფრები იცვლება და ინიშნავს და თასმას მხსნის.
ახლა უნდა დაგტოვო, მაგრამ მალე დავბრუნდები.
კედელს მივჩერებივარ, თვალი მიშტერდება.
თვალყური უნდა გადევნოთ, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არაფერი გამოგვეპაროს. ალბათ, დეტოქსიფიკატორების დანიშვნა მოგვიწევს.
რაღაც ჩრდილს ვხედავ და მგონია, რომ მოძრაობს; თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ.
ახლა არა გიშავს, მაგრამ მოგვიანებით გარკვეული პრობლემები შეგექმნება.
მეორე ჩრდილსაც ვხედავ. ნერვები მეშლება.
თუ დაგჭირდი, დამიძახე.
კიდევ უფრო მეშლება.
დგება და მიღიმის და სკამს ადგილზე აბრუნებს და გადის. ფეხზე ვიხდი და ვწვები და საბანში ვეხვევი და ვიძინებ.
მეღვიძება და მაჟრიალებს და ვიკუნტები და მუშტებს ვკრავ. ოფლი წურწურით ჩამომდის გულმკერდზე, მკლავებზე, ფეხებზე. სახეს მისუსხავს. საწოლზე ვჯდები და მესმის, როგორ ღმუის ვიღაც. კუთხეში რაღაც ხოჭოს ვხედავ, მაგრამ ვიცი, რომ სინამდვილეში იქ სულაც არ არის. კედლები მიახლოვდებიან და მშორდებიან და მიახლოვდებიან და მშორდებიან და მათი მიმოსვლის ხმა მესმის. ყურებს ვიცობ, მაგრამ არ მშველის.
ფეხზე ვდგები. აქეთ-იქით ვიხედები. არაფერი მესმის. სადა ვარ, რატომ, რა მოხდა, როგორ დავაღწიო აქაურობას თავი. რა მქვია, ვინა ვარ.
იატაკზე ვწვები და ვიკუნტები და ხილვები და ხმები მანადგურებენ. ისეთებს ვხედავ და ისეთები მესმის, არასდროს რომ არ მინახავს და არ მსმენია და საერთოდაც რომ არ ვიცოდი, ასეთი რამეები თუ არსებობდა. ჭერიდან ჩამოდიან, კარებიდან და ფანჯრებიდან შემოდიან, მაგიდიდან, სკამიდან, საწოლიდან, კარადიდან მესხმიან თავს. იმ დედამოხნული კარადიდან. ჩაჟამებული ჩრდილები და კაშკაშა შუქები და ლურჯი და ყვითელი და წითელი ციაგები; ჩემი საკუთარი სისხლივით მუქი წითელი. ჩემკენ მოდიან და მიკივიან და არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ ვიცი, რომ ხოჭოებს უწყობენ ხელს. ერთთავად თავზე დამჩხავიან.
ძაგძაგს მაწყებინებს. მაძაგძაგებს, მაძაგძაგებს, მაძაგძაგებს. მთელი ტანით მაძაგძაგებს და გული ლამის ამომივარდეს და ვხედავ, როგორ ეხლება, ის საცოდავი, ჩემი გულ-მკერდის კედლებს და ოფლს მასხამს და მთლად ვისუსხები. ხოჭოები ზედ დამადიან და მკბენენ, ჰოდა ვცდილობ, როგორმე გავჟუჟო. კანს ფრჩხილებით ვიხოკავ, თმები ლამის დავიგლიჯო, ხორცებს კბილებით ვიჭამ. კბილები არა მაქვს და მაინც ვიჭამ და ჩრდილები მეხვევიან და მჭახე შუქები მაბრმავებენ და ელვარებენ და დამჩხავიან და ხოჭოები ხოჭოები ხოჭოები. ვიბრიდები. ბოლომდე მეტირა დედა.
ვღრიალებ.
ვიფსამ.
შარვალში ვისვრი.
მედდა ბრუნდება და დახმარებას იძახებს და თეთრებში ჩაცმული კაცები მოდიან და საწოლზე მაწვენენ და მაკავებენ. ხოჭოების გაჟუჟვა მინდა, მაგრამ ვერ ვინძრევი და ისინიც არ კვდებიან, მაინც ცოცხლობენ. ჩემში. ჩემზე. სტეტოსკოპის და წნევის აპარატის შეხებას ვგრძნობ და ნემსსაც მარჭობენ მკლავში და ისევ მაკავებენ. წყვდიადი მაბრმავებს.
მივდივარ.
სკამზე ვზივარ და ფანჯარაში ვიყურები. Aარ ვიცი, რას ვუყურებ და არც მენაღვლება. გვიანაა და ბნელა და საერთოდ ვეღარ ვიძინებ. წამლის მოქმედება თანდათან გადის.
მედდა მაკითხავს.
რაო, ვერ იძინებ?
პულსს და წნევას მიმოწმებს.
ვერა.
ქვემოთ მისაღები ოთახია.
აბებს მიწვდის.
შეგიძლია, ჩახვიდე და ტელევიზორს უყურო.
ხალათს და ფაჩუჩებს მაჩეჩებს.
იქ მოწევაც შეიძლება.
ვტრიალდები და ისევ ფანჯარას ვუშტერებ თვალს.
მიდი, გამოიცვალე და მისაღებში ჩაგაცილებ.
კარგი.
ოთახიდან გადის და მე აბებს ვყლაპავ და ვიცვლი და როცა კარს ვაღებ, იქ მიცდის. მიღიმის და ერთ კოლოფ სიგარეტს მაძლევს.
ესენი გაწყობს?
ვუღიმი.
გმადლობთ.
მისაღებში ჩავდივართ. იქ ტელევიზორი, ორი დივანი, ერთი სავარძელი და რამდენიმე ავტომატია. ტელევიზორი ჩართულია.
მინერალური ხომ არ გინდა?
სავარძელში ვჯდები.
არა.
ხომ კარგადა ხარ?
თავს ვუქნევ.
გმადლობთ.
მიდის და ვგრძნობ, როგორ მეხსნება ნელ-ნელა აბები. ტელევიზორს ვუყურებ, მაგრამ ისე, უაზროდ. სიგარეტს ვეწევი. სწრაფად იწვის.
ვიღაც კაცი შემოდის და ჩემკენ მოემართება და ცხვირწინ მიდგება.
სალამი, ძმაო.
დაბალი და მოგუდული ხმით ლაპარაკობს.
სალამი-მეთქი, ძმაო.
მკლავები ნაიარევებითა აქვს მოფენილი.
შენ გელაპარაკები.
მაჯები – გადასერილი.
შენ გელაპარაკები, ბიჭო.
თვალებში ვუყურებ. შუშისაა.
რა იყო?
მითითებს.
ეგ ჩემი ადგილია.
ტელევიზორზე გადამაქვს მზერა.
ჩემი ადგილია.
აბები ჯერაც მეხსნება.
ჩემია-მეთქი ეგ ადგილი, არ გესმის?
აზრის თავმოყრა მიჭირს.
ეგ ჩემი სავარძელია, შე პროჭო, შენა.
მე ისევ ტელევიზორს ვუყურებ და ის მძიმედ სუნთქავს და მედდაც ბრუნდება.
რამე პრობლემაა?
ეგ პროჭი ჩემს სავარძელში ზის.
შენც აიღე და დივანზე დაჯექი.
დივანი არ მომწონს. სავარძელში მინდა.
სავარძელში ჯეიმზი ზის. Aაი, დივანი და აი, იატაკი; აირჩიე. Aარადა მიბრძანდი. შენი გადასაწყვეტია.
ჟეიმზის დედაც...… მანდედან აეთრიოს.
დახმარება გამოვიძახო?
მაიცა, რა.
მაშინ, აირჩიე.
დივანს უახლოვდება და ჯდება. მედდა უყურებს.
დიდი მადლობა, ყოჩაღ.
კაცი იცინის და მედდა გადის და მე ტელევიზორს ვუყურებ და სიგარეტს ვაბოლებ. კაცი ავად მიმზერს და ფრჩხილებს იკვნეტს და ჩემკენ აპურჭყებს, მაგრამ უკვე ბოლომდე გამეხსნა და ხოჭოებიც მომცილდნენ და ყველაფერი ფეხებზე მკიდია. საერთოდ აღარ ვრეაგირებ არაფერზე.
ტელევიზორს ვუყურებ, კადრები შენელებულია; იმდენად შენელებული, რომ აღქმაც კი მიჭირს.
გამოსახულება ბუნდოვანია, ხმები სადღაც შორიდან მესმის. Aარც მოქმედებაა, არც ხმაური; უბრალოდ შუქების ციმციმი და მიმქრალი ხმების სიმფონიაა. შუქებს ვუყურებ და სიმფონიას ვუსმენ. მინდა, ორივე მალე გაქრეს და ჩემთვის ვიყო, მაგრამ არ ქრება.
ქუთუთოები მიმძიმდება. ვცდილობ, თვალები გავახილო და არ გამომდის. ყველა კუნთი მიდუნდება და სავარძლიდან იატაკზე ჩამოცურებას ვიწყებ. ეგ ამბავი არ მომწონს და არც იატაკზე მომწონს, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ. ვცურდები და ხალათი სავარძელს ედება და სავარძელი ფეხებს მიკაწრავს და ხალათში ვიხლართები. ხელით ხალათის მოცილებას ვცდილობ, მაგრამ ხელი უსიცოცხლოა, ვერ ვიმორჩილებ. ტვინი ხელს უბრძანებს – გაინძერი და ხლართები გახსენიო, მაგრამ ხელი არ მუშაობს, რადგან არც ტვინი მუშაობს და ხალათი ისევ ისეა აბურდული.
კაცი ფრჩხილების კვნეტასა და პურჭყებას წყვეტს და დგება და ჩემკენ მოემართება და მე ამას დამძიმებული ქუთუთოების ღრიჭოებდან ვხედავ. ვიცი, რაც მოეპრიანება იმას მიზამს და ისიც ვიცი, რომ წინააღმდეგობას ვერ გავუწევ. ვხედავ, გაცოფებულია და მისი ნაიარევები და თვალებიც იმას მეუბნებიან, რომ ამ გაცოფებას რაიმე სასტიკი ფორმით გადმოანთხევს. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ფეხზე წამოვუხტებოდი და ერთ მაგარ ზახოდს დავუადებდი, მაგრამ ჩემი ნება არაა და არც განძრევა შემიძლია. მის ყოველ გადმოდგმულ ნაბიჯზე უფრო და უფრო ვიაზრებ სიტუაციის სიმძაფრეს. რასაც უნდა, იმას მიზამს და მე უსუსური ვარ, სრულიად უსუსური და უმწეო.
თავზე წამომადგება და დამცქერის. მერე იხრება და სახეში მიყურებს და ხარხარს იწყებს.
ნამდვილი წარაკუა დედისმტყვნელი ხარ, შე მახინჯო, შენა.
მინდა ვუპასუხო, მაგრამ მხოლოდ ყმუილი ამომდის პირიდან.
რომ მინდოდეს, ერთი მაგრად აგიხურებდი მაგ გამხმარ ტრაკს, Dდედის რძეს განთხევინებდი, შე ბოზო, შენა.
უკვე იატაკზე ვგდივარ, ბოლომდე.
მაგრამ არ მინდა. მაგ სკამის გარდა, არც არაფერი არ მინდა.
ტვინი საერთოდ აღარ მიმუშავებს.
ჰოდა, ავიღებ კიდეც, მაგის დედაც...
მაჯებზე მებღაუჭება და მიმათრევს. ოთახის შორეულ კუთხეში, იატაკზე პირქვე მამხობს. მერე ჩემსკენ იხრება და ჩამჩურჩულებს.
თუ მოვინდომე, ერთი მაგრად აგიხურებ მაგ გამხმარ ტრაკს-მეთქი, ხომ გამიგე? არ დაგავიწყდეს, იცოდე.
მცილდება და მესმის, როგორ ჯდება სავარძელში და როგორ რთავს არხებს აქეთ-იქით: დღის სპორტული ამბების მიმოხილვა, თმის ამომყვანი საშუალებების რეკლამა, ნაშუაღამევის ტოკ-შოუ. Aამაზე ჩერდება და ადეკვატურად რეაგირებს სასაცილო ფრაზებზე. მერე თავისთვის ბურტყუნებს სტუდიის ერთ-ერთ სტუმარზე – სიამოვნებით გავუდებდიო. მე ისევ ისე პირქვე ვაგდივარ.
ვფხიზლდები, მაგრამ განძრევის თავი არა მაქვს.
გული მაგრად მიცემს, ხმამაღლა. თითქოს აშკარად ვხედავ კიდეც.
ხალიჩის ბუსუსები სახეში მერჭობა და მათი შრიალის ხმა მესმის.
შოუს იუმორისტული ნაწილი თანდათან ხურდება და ამასაც ვგრძნობ.
ფხიზელი ვარ და განძრევის თავი არა მაქვს.
მერე სადღაც ვიძირები.
ვიძირები.
ვიძირები.
თენდება, და როცა ვიღვიძებ, უკვე მოძრაობა შემიძლია და ვდგები და იმ კაცს ვეძებ. კაცი სადღაც აორთქლებულა, მაგრამ ჩემს მეხსიერებას მაინც შემორჩა მისი სახე; ცხადლივ და კარგა ხნით. ეგ ჩემი პირადი უბედურება იყო ყოველთვის – მეტისმეტად კარგი მეხსიერება მაქვს და გულში დიდი ხნით ჩახვევაც მჩვევია.
ოთახში ვბრუნდები და კარს ვაღებ და ვხედავ, სანიტარი საჭმლით სავსე ლანგარს როგორ დგამს მაგიდაზე. ჩემკენ იხედება და მიღიმის.
დილა მშვიდობისა.
გამარჯობა.
საუზმე მოგიტანე. ვიფიქრეთ, აქამდე აუცილებლად მოშივდებოდაო.
გმადლობთ.
თუ კიდევ დაგჭირდა რამე, ზარით გამომიძახე.
გმადლობთ.
სანიტარი გადის და მე ლანგარს ვუყურებ. კვერცხები, ბეკონი, გახუხული პური და კარტოფილია; კიდევ – ჭიქა წყალი და ერთიც ფორთოხლის წვენი. Aარ მშია, მაგრამ ვიცი, რომ უნდა ვჭამო და მაგიდასთან ვჯდები და საჭმელს ვუყურებ და სახეს ხელით ვისინჯავ. ყველა ნაკვთი ჯერ კიდევ შეშუპებული მაქვს. ტუჩებზე ვისვამ ხელს და ვგრძნობ, რომ გამომშრალი და დამსკდარია. პირს რომ ვაღებ, ტუჩებიდან სისხლი მომდის. სასწრაფოდ ვმუწავ პირს, მაგრამ სისხლი მაინც მომდის. ჭამა არ მინდა, მაგრამ ვიცი, რომ უნდა ვჭამო. წყლიან ჭიქას ვიღებ და ვწრუპავ. მეტისმეტად ცივი მეჩვენება.
ახლა ფორთოხლის წვენს ვწრუპავ და ტუჩები მეწვის.
ვცდილობ, ჩანგალი მოვიხმარო, მაგრამ ტრავმას ტრავმაზე ვიჩალიჩებ.
პურის ნატეხს პირდაპირ ხახაში ვიტენი, თითებით. კვერცხს, ბეკონს და კარტოფილსაც იმავე ხერხით ვათოხლავებ. წყალს ვაყოლებ, წვენს აღარ ვეკარები, დაბოლოს, თითებსაც გულდაგულ ვილოკავ.
როცა კარგად ვძღები, აბაზანაში გავდივარ და მაღებინებს. ვცდილობ, თავი შევიკავო, მაგრამ არ გამომდის. ნახევარ საჭმელს უკანვე ვარწყევ, თან ცოტა სისხლსა და ნაღველსაც ვაყოლებ. მაინც მიხარია, რომ ნახევარი კუჭში მრჩება; საერთოდ, ეგეც არ ხდება ხოლმე.
საწოლისაკენ მივემართები და ვიღაც ექიმი შემოდის. იღიმება.
გამარჯობა.
სახელი გულის ჯიბეზე დამაგრებულ ფირფიტაზე აწერია, მაგრამ ვერ ვკითხულობ.
ექიმი ბეიკერი ვარ.
ერთმანეთს ხელს ვართმევთ.
დღეს მე ვიმუშავებ შენთან.
საწოლის კიდეზე ვჯდები.
საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს?
სახეზე მიყურებს, თვალებში – არა.
არა.
ვცდილობ, თვალებში ჩავხედო.
თავს როგორ გრძნობ?
კეთილი თვალები აქვს.
მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე ძალიან მომბეზრდა.
ეცინება.
კი, ნამდვილად ეგრე იქნება.
მეღიმება.
აჰა, გამომართვი.
აბებს მაწვდის.
ლიბრიუმი და დიაზეპამი.
ვყლაპავ.
დეტოქსიფიკატორებია, მაგრამ სხვაფრივაც გარგებს – პულსს მოგიწესრიგებს, წნევას დაგიწევს და გამოსვლაშიც მოგეხმარება. ესენი თუ არ მიიღე, შეიძლება სისხლი ჩაგექცეს ან გულის შეტევა დაგემართოს, ან სულაც ორივე ერთად.
ჩემკენ იხრება და ყბაზე მაკვირდება.
ყოველ ოთხ საათში უნდა მიიღო, ხუთი დღის განმავლობაში, დოზას თანდათან შევამცირებთ.
თვალებში ვუყურებ.
ანალიზებიც უნდა გავიკეთოთ.
ამ თვალებს ასეთი რამ ბევრჯერ უნახავთ-მეთქი, ვფიქრობ.
და მერე შენთვის ინდივიდუალურ პროგრამას შევიმუშავებთ.
კარგი.
მაგრამ პირველი, რაც ახლა თავში მომდის, ისაა, რომ პატარა შერემონტებაც არ გაწყენდა.
რაღაც ოთახში მივყავარ. იქ კაშკაშა ნათურები და დიდი საოპერაციო მაგიდა და ინსტრუმენტების ყუთებია. მე მაგიდაზე ვჯდები და ის რეზინის ხელთათმანებს იკეთებს და ყბას მისინჯავს. ფუფხებს მაცლის და პირს მაღებინებს. მერე თითს გაგლეჯილ ყბაში მიყრის. ნემსსა და ძაფს იღებს და მეუბნება – თვალები დახუჭე და ხელები მაგრად მომუჭეო. თვალებს არ ვხუჭავ და ვუყურებ, როგორ მიკემსავს ყბას, ტუჩებს, პირს; ნემსს აქეთ-იქით დაატარებს, ორმოცდაერთ ნაკერს მადებს.
როგორც იქნა, მოვრჩით და ექიმი ახლა დანტისტს ურეკავს, მე კი მაგიდაზე ვზივარ და ტკივილისაგან მაკანკალებს. პირში სიმხურვალის, ძაფებისა და სისხლის გემოს ვგრძნობ. დანტისტთან მიღების დროს აზუსტებს, ყურმილს კიდებს და ხელებს იბანს.
ერთ-ორ დღეში ქალაქში წაგიყვანთ და კბილებს მოგიწესრიგებთ.
ენით ნაკერებს ვიმოწმებ.
მაგ დანტისტს კარგად ვიცნობ, თან გადაგყვება.
ენით ახლა ჩალეწილ კბილებს ვისინჯავ.
ვარდივით იქნები.
ენას ადგილზე ვაბრუნებ.
დარდი ნუ გაქვს.
ახალ ხელთათმანებს იკეთებს და ჩემსკენ ბრუნდება.
ახლა ცხვირს მივხედოთ.
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. იხრება და ცხვირს მისინჯავს. მეხება და უკან ვიწევი, ყბა ვიღას ახსოვს.
ცუდადაა საქმე.
ვიცი.
გატეხვა და თავიდან ჩასმა მომიწევს.
ვიცი.
რაც მალე იქნება, მით უკეთესი. მაგრამ თუ გინდა, ცოტა დავიცადოთ.
რაც მალე, მით უკეთესი.
ეგრე იყოს.
ფეხებს მხრების სიგანეზე შლის, მაგრად ფიქსირდება და ორივე ხელს ცხვირზე მადებს. მე საწოლის კიდეებს ვებღაუჭები და თვალებს ვხუჭავ და ვიცდი.
აბა, მზად ხარ?
ჰო.
ხელების სწრაფი წინ და ზემოთ მოძრაობა და ტკაცანის მკვეთრი ხმა. ცივი და თეთრი შუქი ჯერ თვალებში მირტყამს, მერე ხერხემალსა და ტერფებში დენივით მივლის და ისევ უკან, თვალებში მიბრუნდება. თვალები დახუჭული მაქვს, მაგრამ ვტირი. ნესტოებიდან სისხლი მომთქრიალებს.
ახლა თავის ადგილას უნდა ჩაგისვა.
ამჯერად გვერდიდან მაწვება და ხრტილის ხრჭიალს ვგრძნობ. ხელებს ისევ ამოძრავებს და ისევ ვგრძნობ. მერე ზემოთკენ მაწვება და ცხვირი მისწორდება, ამასაც ვგრძნობ.
ესეც ასეეე, კარგია.
სახვევს იღებს და თვალებს ვახელ. ცხვირის ძგიდეს მყარად მიფიქსირებს, ხრტილი რომ არ დაიძრას.
პირსახოცით სახესა და კისერს მიწმენდს, სისხლს მაშორებს. მე კედელს ვუშტერებ თვალს. მთელი სახე მტკივა და მაგიდის კიდეებსა ვარ ჩაფრენილი; ისე ვარ ჩაფრენილი, რომ ლამის თითები დამატყდეს, მაგრამ ხელს ვერ ვუშვებ.
ძალიან ცუდადა ხარ?
ჰო.
ტკივილგამაყუჩებელს ვერ მოგცემ.
მივხვდი.
ლიბრიუმი და დიაზეპამი ცოტას წაგეხმარება, მაგრამ ტკივილს მაინც იგრძნობ.
ვიცი.
სუფთა ხალათს მოგიტან.
გმადლობთ.
დასვრილ პირსახოცს სანაგვე ყუთში აგდებს და გადის.
კიდეებს ხელს ვუშვებ და ხელებზე ვიყურები. ძალიან მიკანკალებს. მეც ვკანკალებ.
ექიმი ერთ მედდასთან ერთად ბრუნდება და გამოცვლაში მეხმარებიან და მეუბნებიან, ახლა ანალიზები უნდა აგიღოთო – სისხლის, შარდის და განავლის. უნდა გავიგოთ, რამდენად დიდი ზიანი მიაყენე საკუთარ შინაგან ორგანოებსო. Aამის წარმოდგენაც კი მზაფრავს.
საოპერაციოდან გავდივართ და სხვა ოთახში მივდივართ, რომელსაც საპირფარეშო ემიჯნება.
რაღაც სინჯარაში მაფსმევინებენ და პლასტიკატის კონტეინერში მასაქმებინებენ და ნემსსაც მარჭობენ მკლავში. ეს ყველაფერი ძალიან მარტივი და ადვილი და უმტკივნეულოა.
განყოფილებაში ვბრუნდებით. იქ საქმიანი ატმოსფერო გვხვდება. პაციენტები წამლების რიგში დგანან, ექიმები შემოვლაზე დადიან, მედდები ბოთლებსა და კოლბებს დაატარებენ. ხმაურია, მაგრამ სიმშვიდე სუფევს.
მე და ექიმი ჩემს ოთახში შევდივართ და მე საწოლზე ვჯდები. ექიმი სკამზე ჯდება და ისტორიის შევსებას იწყებს. წერას რომ ასრულებს, ჩემკენ იხედება.
კბილის ექიმს თუ არ ჩავთვლით, უსიამოვნო ამბები უკვე მოვითავეთ.
გასაგებია.
ორას ორმოცდაათი მილიგრამი ამოქსიცილინი დაგინიშნე, დღეში სამჯერ, და ხუთასი მილიგრამი პენიცილინ VK, დღეში ერთხელ. ყოველგვარი ინფექციებისაგან დაგვაზღვევს.
გასაგებია.
დისპანსერში უნდა გადახვიდე და იქ აიღო. თუ დაგავიწყდება, მედდა გადმოგიტანს.
კარგი.
დიდი მადლობა დღევანდელი დილის გმირულად გადატანისათვის.
რას ბრძანებთ, პირიქით.
აბა, შენ იცი, ყოჩაღად იყავი.
გმადლობთ.
დგება და მეც ვდგები და ხელის ჩამორთმევით ვემშვიდობებით ერთმანეთს. დისპანსერში მივდივარ და რიგს ვიკავებ. ჩემს წინ ერთი გოგო დგას. ჩემკენ ბრუნდება და სახეზე მიყურებს. მერე საუბარს მიბამს.
გამარჯობა.
იღიმება.
გაგიმარჯოს.
ხელს მიწვდის.
ლილი მქვია.
ხელს ვკიდებ, ნაზი და თბილია.
ჯეიმზი.
ხელის გაშვება არ მინდა, მაგრამ ვუშვებ. ერთი ნაბიჯით წინ მივიწევთ.
რა დაგემართა?
დისპანსერის კორიდორს ალივერებს.
არ მახსოვს.
ისევ ჩემსკენ იხედება.
გაითიშე?
ჰო, რა.
იჭყანება.
მაგრა ტეხავს.
მეცინება.
ნაღდად.
ნაბიჯით წინ მივიწევთ.
აქ როდის შემოხვედი?
ახლა მე ვალივერებ კორიდორს.
გუშინ.
მედდა გვითვალთვალებს.
მეც.
მედდაზე ვანიშნებ და ლილი ზურგს მაქცევს და ჩუმდება და კვლავ ერთი ნაბიჯით წინ მივიწევთ და ვიცდით. მედდა ლილის აცქერდება და აბებსა და წყლიან ჭიქას უწვდის და ლილი აბებს პირში იდებს და წყალს აყოლებს. მერე ბრუნდება და გვერდით რომ ჩამივლის, მიღიმის და უხმოდ, ტუჩების მოძრაობით მეუბნება – ნახვამდისო. ვუღიმი და წინ მივიწევ. მედდა მაკვირდება და სახელს მეკითხება.
ჟეიმზ ფრეი.
ჩანაწერს კითხულობს და კარადას უახლოვდება და აბებს იღებს და წყლიან ჭიქასთან ერთად მაწვდის.
აბებს ვყლაპავ.
წყალს ვაყოლებ.
ოთახში ვბრუნდები და ვიძინებ და მთელ დღეს ძილში, საჭმლის ინდაურივით ყლაპვასა და წამლების რიგებში ვატარებ.
ჯერაც ბნელა, როცა საკუთარი სხეული მაჯანჯღარებს და მაღვიძებს. შიგნეული მეწვის, გეგონება, ცეცხლი წაუკიდესო. მუცელში მივლის და ტკივილი მეწყება. მერე მჭრის და ტკივილი მიასკეცდება. ისევ მივლის და მჭრის და მთლად ვდამბლავდები. ვიცი, რაც მელის და ისიც ვიცი, რომ უნდა როგორმე ავდგე, მაგრამ ვერ დავდივარ. ჰოდა, ამიტომ საწოლიდან ნელ-ნელა ძირს ვგორდები. ვგდივარ იატაკზე და ვღმუი და ძალიან მცივა და ირგვლივ სიჩუმეა და სრული წყვდიადი.
ტკივილი ოდნავ მიმსუბუქდება და სააბაზანოსაკენ მივხოხავ და უნიტაზს ვეხუტები და ვიცდი. ოფლად ვიღვრები, სუნთქვა მიჭირს და გული ძალიან სწრაფად მიცემს.
მერე მთელი ტანი მეძაგრება და წინისაკენ ვიხრები და თვალებს ვხუჭავ. სისხლს, ნაღველს და რაღაც ნაფლეთებს შადრევანივით ვაფრქვევ პირიდან და ცხვირიდან. ნანთხევი ყელში მეჩხირება, ნესტოებში მეცობა, ჩალეწილი კბილების ნარჩენებში მეჭედება. კიდევ ერთი ამოფრქვევა, და კიდევ ერთი, და მერე კიდევ ერთი. ყოველ ჯერზე საშინელი ტკივილი მივლის გულ-მკერდის, მარცხენა მკლავისა და ყბის არეში. თავს უნიტაზს ვურახუნებ, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ, ისევ ვურახუნებ და ისევ ვერა ვგრძნობ. ვერაფერს ვერა ვგრძნობ, საერთოდ.
პირღებინება მიწყდება და ვდუნდები და იატაკზე ვგდივარ გაოგნებული და უნიტაზის შიგთავს ვაკვირდები. სისხლის შხეფები უნიტაზის გვერდებს მიხმობია, შიგნით კი ყავისფერი ნაფლეთები დაცურავენ. Mმინდა, სული მოვითქვა და გული დავიმშვიდო, მაგრამ არ გამომდის. Aჰოდა, ვზივარ და ვიცდი. ყოველი დილა ასე იწყება – ვარწყევ და მერე ვზივარ და ვიცდი.
რამდენიმე წუთის შემდეგ ვდგები და ოთახისაკენ მივლასლასებ. საცაა გათენდება და ფანჯარასთან ვდგები და მზის ამოსვლას ვუყურებ. ცის ლაჟვარდს ნარინჯისფერი და ვარდისფერი ზოლები ერევა, ამომავალი მზის წითელ შუქზე დიდი ფრინველების სილუეტები იკვეთება, და ღრუბლებიც თითქოს ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევენ ჩემკენ. ვგრძნობ, როგორ ჩამომდის სახეზე გახსნილი ჭრილობებიდან გამონაჟონი სისხლი, გული როგორ მიძგერს და როგორ მიმსუბუქდება თანდათან ჩემი უცნაური ცხოვრების მძიმე ტვირთი. ოღონდ ეგაა, ვერაფრით ვერ ვხვდები, მზის ჩასვლის ჟამს რატომ ჰქვია მწუხრი და ამოსვლისას კი – სხვა სახელი.
სახეს ხალათის სახელოთი ვიწმენდ და ხალათს ვიხდი. სისხლითა და ნარწყევითაა დასვრილი. ხალათს ძირს ვაგდებ და აბაზანაში შევდივარ. შხაპს ვუშვებ და ველოდები, წყალი როდის გათბება.
ტანს ვითვალიერებ. კანი გამოფიტული და ავადმყოფურად თეთრი მაქვს. წელს ზემოთ
ჭრილობებითა და სისხლჩაქცევებითა ვარ დაფარული. გაძვალტყავებული და კუნთებგანლეული ვარ. და საერთოდ, ბერიკაცს ვგავარ, ნათრევ-ნაგვემს, ნატანჯს და მოკლულს. უწინ ასეთი ნამდვილად არ ვიყავი.
ხელს წყლის ჭავლისაკენ ვიშვერ. უკვე გამთბარა, მაგრამ ცხელი ჯერ კიდევ არაა. შხაპის ქვეშ ვდგები და ცივი წყლის ონკანს ვკეტავ და მდუღარებას ველოდები.
წყალი გულმკერდზე დამდის და საპონს ვიღებ და მთელ ტანს ვიქაფებ და წყალიც თანდათან ცხელდება. უკვე ძალიან გაცხელდა და კანს მიფუფქავს. მაგრად კი მეწვის, მაგრამ მაინც მსიამოვნებს. მდუღარე წყალი, საპონი და ჭრილობები – საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ უარესსაც ვიმსახურებ.
ონკანს ვკეტავ და შხაპიდან გამოვდივარ და ტანს კარგად ვიმშრალებ. მერე საწოლში ვძვრები, საბანში ვეხვევი და ვცდილობ, გავიხსენო. რვა დღის წინ ჩრდილო კაროლინაში ვიყავი. მახსოვს, ერთი ბოთლი სასმელი და ბლომად მოსაწევი დავითრიე და მანქანას მოვახტი. ორი დღის თავზე ვოშინგტონში გამომეღვიძა, ჩემი მეგობრის დის სახლის დივანზე. ჩაფსმულ-ჩასვრილი ვეგდე და მთხოვა, ახლავე წადი აქედანო. ერთი პერანგი ვინათხოვრე და წავედი. ოცდაოთხი საათის შემდეგ ოჰაიოში გავიღვიძე. რაღაც სახლი მახსოვს, ბარი, კოკაინი და წებო. მახსოვს რომ ვღრიალებდი, და რომ ვტიროდი, ეგეც მახსოვს.