შესავალი ამ წიგნს ლონდონში, ჩარინგ-კროსის ბუკინისტურ მაღაზიაში წავაწყდი. მთელ ქუჩაზე ჩამწკრივებულია გასული საუკუნის ოციანი წლების, წიგნის ეპოქის დაისის გადმონაშთები, სადაც თავის დროზე ორუელიც კი მუშაობდა, ხოლო შესვლისას ჯოისს ან ჩესტერტონს შეიძლება გადაყროდით. ვიწრო ოთახში საღებავისა და ძველი მანუსკრიპტების ჩახუთული სუნი დგას. ხის ჭრაჭუნა, დახვეული კიბით სარდაფში ჩავედი. აქ მყიდველი ცოტაა და რამდენიც გინდა, იმდენ ხანს შეიძლება წიგნების ფურცვლა და თვალიერება. თაროებზე ანბანისა და თემატიკის მიხედვით ჩალაგებულან ისინი - მუდმივ მზადყოფნაში გაჭიმული გადამდგარი სამხედროებივით, რომლებიც ელიან, ხვალ-ზეგ ისევ გაგვიხსენებენ და საომრად გვიხმობენო. ეს წიგნი ძველბერძნული იყო და ამით მიმიზიდა. ინგლისში წასვლის წინ ცოლმა მთხოვა, რაიმე ჩამომეტანა გვიანი ანტიკური ხანის, კერძოდ, ალექსანდრიული პერიოდის შესახებ, სასურველია, ძველბერძნულ ენაზეო. მე არც ძველი ბერძნულის და მით უმეტეს, არც ახლის არაფერი გამეგება, ამიტომ საჩქაროდ ინგლისურ წინასიტყვაობას გადავავლე თვალი. მისი ავტორი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ვინმე აარონ ბარტლეტი იყო. პირველივე გვერდიდან მივხვდი, რომ არც გვიან ანტიკურ ხანასთან და არც ალექსანდრიასთან ამ თხზულებას კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ მასში ძველი ათენის სახელგანთქმული მოღვაწეები იყვნენ მოხსენიებულნი და პლუტარქეზეც ეწერა რამდენიმე სიტყვა. გადავწყვიტე, მეყიდა. მით უმეტეს, წიგნი 1928 წელს იყო გამოცემული ათენსა და ლონდონში ერთდროულად, სულ ორიათასიანი ტირაჟით. გადავიხადე ცხრა ფუნტი და გავხდი ამ ფასდაუდებელი მანუსკრიპტის მფლობელი. თუმცა, ბერძნულის უცოდინარობის გამო, თბილისში დაბრუნებამდე ჩემოდანში მივუჩინე ადგილი. ჩემმა მეუღლემ ნახევარ წელზე მეტი მოანდომა მის თარგმნას. აღმოჩნდა, რომ ეს სხვადასხვა ფრაგმენტისაგან შემდგარი თხზულება სოკრატეს სასამართლოს ეხებოდა, რომელიც ათენში ქრისტეს შობამდე 399 წელს შედგა. ალაგ-ალაგ რაღაც ნაწილები აკლდა, რაც ზოგიერთი ეპიზოდის გაგებას აძნელებდა. ტექსტში გვიანდელი ჩანართიც იყო, რაც ყველაზე საოცარია, გერმანულ ენაზე. გარკვეული ფრაგმენტულობა არცაა გასაკვირი წიგნისაგან, რომელიც ოცდაოთხი საუკუნის წინანდელ ისტორიას გადმოგვცემს, თანაც სხვადასხვა ადამიანის მიერ მოთხრობილს. იგი იმდენად საინტერესო მეჩვენა, რომ გადავწყვიტე, გამომექვეყნებინა ინგლისურ წინასიტყვაობასთან ერთად, რომელიც თავად ვთარგმნე.