"ჰიოლდერლინის პოეზიის არსებითი შტრიხები ფრიდრიჰ ჰიოლდერლინი, მიუხედავად მისი შემოქმედების უძლიერესი გამოსხივებისა, ერთგვარ კუნძულად დარჩა გერმანული ლიტერატურის თვალუწვდენ ზღვაში, მაშინაც, პოეტის ლამის ასწლიანი დავიწყებულობა საყოველთაო აღიარებამ რომ შეცვალა და მას უბრალოდ მსოფლიო მნიშვნელობა კი არ მიანიჭა, არამედ პოეზიის არსის უწმინდეს გამოხატულებად, მის სიმბოლოდ შერაცხა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად პოეზიის არსის ჰიოლდერნილისეულ გაგებასა და პოეტის პიროვნების იმ უბადლო სულიერ აგებულებაში უნდა ვეძიოთ, საიდანაც წარმოდინდებოდა როგორც პოეზიის არსისა და პოეტის მისიის შეგრძნება-გააზრება, ასევე ახალ დროებასთან, ანუ „მწირ დროსთან"" მისი ფეთქებადი შეუთავსებლობა. თუმცა, ეს საკვირველი განსხვავებულობა, ჰიოლდერლინის სიცოცხლეშივე, თუ მალევე მისი სიკვდილიდან, იგრძნო ერთი-ორმა გამორჩეულმა ადამიანმა, - მისი ახსნა და გამოთქმა შეუძლებელი აღმოჩნდა თუნდაც პოეტის მთლიანი შემოქმედების შეუსწავლელობისა და აკადემიური გამოცემის არარსებობის გამო. უკვე 1846 წელს, ჰიოლდერლინის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ ახალგაზრდა პრივატდოცენტმა, ზიგმუნდ ტოიფელმა თიუბინგენის უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება: „გერმანული პოეზია მოკიდებული გოეთე-შილერიდან""( რომელიც მხოლოდ 1952 წელს გამოვიდა წიგნად), სადაც განაცხადა: „ფრიდრიHჰ ჰიოლდერლინი რომანტიკოსებთან ერთად უნდა განვიხილოთ. არა მათ შორის, რადგანაც ის მათგან არსებითად განსხვავდება. ჰიოლდერლინი, საერთოდ, ცალკე დგას გერმანული ლიტერატურის მთელ ისტორიაში. მართალია, მას შილერთან აერთიანებს ტონალობა, სულის მაღალი ფრენა, რაც ალბათ შილერისგანვე აქვს ნამემკვიდრევი, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, იგი არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ვინმეს გვერდით დავაყენოთ. უფრო მეტიც, მასში არის რაღაც სრულიად ახალი, ის, რაც არც აქამდე ყოფილა შესაძლებელი და ალბათ არც აღარასდროს იქნება"". და მართლაც, ჰიოლდერლინის გვიანდელი ლირიკის პირისპირ დარჩენილ, სიჩუმეში გარინდებულ მკითხველს მაშინვე შემოასუნთქავს ეს უსახელო - მანამდეც და მერეც „შეუძლებელი~. "