ტომი I
ცხოვრობდა, წერდა, უყვარდა
თუკი ბოლო დროს ერთხელ მაინც გიმგზავრიათ ბათუმის აღმოსავლეთით, მთისკენ მიმავალ გზაზე, თქვენს ყურადღებას უთუოდ მიიპყრობდა საკმაოდ გრძელი, შვიდ- თუ რვაკილომეტრიანი ქუჩა, რომელიც ფრიდონ ხალვაშის სახელს ატარებს. ხელვაჩაურის უბანში, კახაბრის ველზე გაჭიმული ეს ქუჩა არის მრავალმხრივ ნიშნეული გზა, ეს გახლავთ, ასე ვთქვათ, via vivendi, ცხოვრების გზა, რომელიც საქვეყნოდ ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის სახელით, პირველ რიგში, აერთიანებს აჭარის ბარსა და მთიანეთს, და შემდეგ, სივრცულ თვალსაწიერში წარმოსახავს იმ ღვაწლის მნიშვნელობასა და მთლიანობას, რაც ამ ღირსეულ მამულიშვილს მიუძღვის ქართველი ერის წინაშე. მისი სახელი იმსახურებს ამ დიდ დაფასებას იმდენად, რამდენადაც კულტურული საზოგადოების ვალია შეინახოს და გაუფრთხილდეს ჭეშმარიტ მამულიშვილთა ნაამაგარს.
მისი ცხოვრება იყო გზა. მორბედი კაცის ხასიათი ჰქონდა, მოგზაურობდა ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტზე, გემით ჰქონდა გადასერილი ზღვები და ოკეანეები, მაგრამ მთავარ საქმედ მამაპაპურ გზაზე სიარული, კულტურის სამსახური და ქართველთა ეროვნული ცნობიერების გამთლიანება მიაჩნდა. ასეთად დარჩა ბოლომდე.
ფრიდონ ხალვაში დაიბადა 1925 წლის 17 მაისს ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში. დაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. პირველ-მეორე კლასებში სწავლისას მედრესეში მისვლასაც ავალებდნენ. აქ ხოჯა არაბულ ლოცვებს აზეპირებინებდა. 1936 წელს მედრესე გააუქმეს. შვიდწლედი სოფელ ცხმორისში დაამთავრა. 1939 წელს ბათუმის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში შევიდა, თუმცა ხელმოკლეობის გამო მეორე კურსიდან სწავლა მიატოვა და სოფელში დაბრუნდა. 1941 წლის აპრილში სოხუმი-სოჭის რკინიგზის მშენებლობაზე გაგზავნეს, მაგრამ მძიმე, აუტანელ პირობებს ვერ გაუძლო და გამოიპარა. 1941 წლის 20 ივნისს რაიონის ხელმძღვანელებმა დაიბარეს და დაჭერით დაემუქრნენ. გადარჩა. ორი დღის შემდეგ ომი დაიწყო, ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.
ერთ-ერთ ავტობიოგრაფიულ ჩანაწერში ფრიდონ ხალვაში აღნიშნავს: „ჩემი ყველაზე საიმედო მასწავლებელი და მეგობარი მიწა და წიგნი იყო. მიწამ შრომა მასწავლა, წიგნმა – სიყვარული. წიგნი – უბეში, ნაცარკვერასთან, ღადარში გამომცხვარ მჭადთან ერთად, მხარზე კი თოხი. ასე, იალუნზე ამდგარი გავწევდი ყანისკენ, მზის ჩასვლამდე რომ მეთოხნა – მეთხარა. შესვენებებზე, სადმე ხის ძირას, გრილოში, წიგნს ვკითხულობდი. აი, მაშინდელი წაკითხულებით ვიარე, რაც ვიარე“.
პირველი ლექსი 1943 წლის ზაფხულში გამოაქვეყნა ქედის რაიონულ გაზეთში. 1944 წლის მარტში გაზეთ „საბჭოთა აჭარაში“ გამოქვეყნდა მისი ლექსი „სიმღერა გმირ ისრაფილ ჯინჭარაძეზე“, რომელსაც დღემდე მღერიან.
1948 წელს ბათუმში გამოსცა პირველი პოეტური კრებული.
1952 წლამდე ხემიდი ერქვა, ფრიდონი გიორგი ლეონიძემ დაარქვა, – როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ფრიდონი, შენც ზღვისპირა კუთხიდან ხარ და ეს სახელი მოგიხდებაო.
1955-1957 წლებში მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს კურსებზე სწავლობდა. 1957-1990 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
1960-1969 წლებში ქართულმა თეატრებმა მისი სამი პიესა დადგეს: „ხიხანის ძახილი“, „ვაზის ტირილი“ და „გადარჩენილი უკვდავება“.
1979 წელს ლექსების წიგნისათვის „ასი მზე დედის გულისა“ რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
გარდაიცვალა 2010 წლის 8 ივლისს. დაკრძალულია ბათუმის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში.
ფრიდონ ხალვაშის ცხოვრება გზა იყო-მეთქი, ზემოთ აღვნიშნე და აქ, ცხადია, პირველ რიგში, ვგულისხმობ მის მთავარ მარშრუტს: გეგელიძეები – ბათუმი – თბილისი, რომელსაც განშტოებებად უერთდებოდა დანარჩენი მიმართულებები – თურქეთის ქართველობა, მეზობელი ქვეყნები, შორეული ნაოსნობა და კონტინენტები.
მას ჰქონდა ქართველთა ეროვნული ერთიანობისა და მთლიანობის მყარი შეგრძნება და თავიდანვე შეძლო ამ შეგრძნების სახეობრივ იდეად გარდასახვა. ჯერ კიდევ 1957 წელს დაწერა ლექსი „მე არ ვიქნები შენი სტუმარი“, რომელიც აღნიშნულ იდეას შეგვახსენებს საკმაოდ კატეგორიული, დამაჯერებელი ტონით და არის ამ სტრიქონებში მართალი, სწორი, საგულისხმო მორალიც:
თბილისო, მე რომ შენთან მოვედი,
სიყვარულივით ვიდექ მდუმარი...
მეც უნდა ვიყო შენი პოეტი,
მე არ ვიქნები შენი სტუმარი!
ნუ დამიძახებ სტუმარს იმიტომ,
რომ უშენობა მჭირდა ასწლობით,
შვილი მშობელთან ვეღარ მივიდა,
ვეღარ იცნობდა ნაცნობს ნაცნობი.
მე მარადიდში დამრჩა მარჯვენა,
ხიხანის ციხედ ვიყავ ქცეული
და შენი სიტყვის გადასარჩენად
ილეწებოდა ჩემი სხეული.
ფრიდონ ხალვაშის შემოქმედების შესახებ ბევრი მიფიქრია, ბევრიც დამიწერია, ამიტომ ძალაუნებურად მიწევს სხვადასხვა დროს გამოთქმული მოსაზრებების გამეორება, თუმცა შესაძლოა ეს ბუნებრივიც იყოს იმ დროს, როდესაც გსურს, რაც შეიძლება სრულად წარმოადგინო მწერლის შემოქმედებითი პორტრეტი.
ფრიდონ ხალვაშმა ხანგრძლივი ცხოვრებისა და შემოქმედების განმავლობაში შექმნა თავისი სახე, თავისი სტილი და, შეიძლება ითქვას, თავისი მითი, რომელიც თანამედროვე ქართული კულტურის ისტორიაში დარჩა, როგორც სახასიათო ფორმა და შინაარსი, როგორც ადვილსაცნობი ისტორია, როგორც ტრადიცია, როგორც წინაპართა კვალის გაგრძელება, როგორც შემოქმედი, რომელმაც შექმნა თავისი დრო და რომელიც ამ დროში