შენით მიხვდი
სისხლი მომდის,
შენ კი მრავალძარღვას მაფენ,
ექიმბაშო!
თმაში რაღაც ვერცხლისფერი სირმები მაქვს,
მაძრობ, უნდა მოიქარგო ტანსაცმელი!
მკურნალობის ეგ მეთოდი,
ხავსიანი, ხავსიანი
დაგიძველდა. აღარ შველის.
მოხარშული გვირილების აბაზანა მომიმზადე,
უნდა ჩავწვე!
ჯერ გასინჯე. ნელთბილია?
რა ხელები გიცახცახებს,
თითქოს წელში გადახსნილი მიპოვე და ამიყვანე.
აი ასე.
ჩამაწვინე!
ხომ შემპირდი!
მე ლამაზი მკვდრობა მინდა!
ექიმბაშო!
შეაჩვენე მრავალძარღვა, ანწლი, პიტნა.
სამკურნალო ბალახებით მომრთე მარტო...
რომელიმე კლდის ნაპრალში გადამმალე,
თვეში ერთხელ ცვალე წყალი, მარილწყალი,
იანვარში გვირილების აღარყოფნა
ცოტა თაფლით შემიცვალე.
ჩამიწვეთე,
კოცნით გაცოცხლებამდე რომ შემინახოს.
ჭირისუფლად მზის სხივები შემომარტყი.
სთხოვე მნათობს,
ცხრა მათგანი დამიტოვოს სიბნელეში,
რიგრიგობით გამითენოს ყველამ ღამე...
ექიმბაშო,
დანარჩენი მიხვდი შენით.
ამ ქვეყნიდან კარნახი მაქვს აკრძალული....