ქუჩაში მე ვზივარ მანქანაში
სისხლის მოლეკულებივით დაქრიან ქუჩაში მანქანები
და მე მინის ქილაში დამწყვდეული ბუზივით
ვეხლები ქუჩის ნაპირებს
და გზას ვეძებ,
რათა გადავაბიჯო ბარიერს და
თავისუფლად შევინავარდო.
მაგრამ მე ვზივარ მანქანაში
და მოზომილი ტემპით და რიტმით
მივუყვები ქალაქის მაჯისცემას,
რომელიც მათვინიერებს მზის სხივის -პ
ჯადოსნური ჯოხის შეხებით.
სისხლის მოლეკულასავით მიქრის ჩემი მანქანა
და სისხლისფერია შუადღე და
ცაზე ანგელოსს ბრილიანტის ბეჭედივით
უკეთია მზე და ხელს მიქნევს
მისალმების, თუ დამშვიდობების ნიშნად.
ეს ერთი და იგივეა, ისე სწრაფად მთავრდება დღე.
მე ვზივარ მანქანაში,
თვალის ერთი დახამხამებაც - და ძილის დროა.
დავიძინებ და სხვა პლანეტა დამესიზმრება,
სადაც არ ღამდება
და სადაც დრო არ გადის,
არამედ დგას უმძღოლო მანქანასავით.