„მაინც ვფიქრობ იმ მომავალ
წამკითხველზე“
ფრიდონ ხალვაშის დღიურების გამოცემა მოულოდნელი არ უნდა იყოს მათთვის, ვისაც წაკითხული აქვს მისი შესანიშნავი წიგნი „ომრი“, რომელიც მწერლის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე გამოვიდა და საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა.
მან, როგორც მწერალმა, მოქალაქემ და საზოგადო მოღვაწემ, საინტერესო, ფაქტებითა და მოვლენებით მდიდარი ცხოვრებისეული გზა განვლო და, რაღა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა, ეს გზა თარიღიან ჩანაწერებად არ გარდასახულიყო.
რატომ წერენ დღიურებს? ალბათ იმიტომ, რომ ეს არის ხასიათი, სულიერი მდგომარეობა, შინაგანი მოთხოვნილება, რომლის მიზანია ყოველდღიურობისგან თავის დაღწევა, შეჩერებული წამის შენახვა, მარადისობასთან თამაში.
დღიური რაღაცით ჰგავს ჰერბარიუმს, რომელშიც ინახავ ყვავილებივით მოწყვეტილ დღეებს და არ იცი, შენთვის არის თუ სხვისთვის, ოღონდ დარწმუნებული ხარ, რომ საჭიროა ამ მოვლენების, ფაქტების, აზრებისა და საგნების შენახვა.
ფრიდონ ხალვაშს თავის პირველ უბის წიგნაკში 1947 წელს, პეპელა ჩაუდვია. უფრო სწორად, ჩაუდვიათ („ერთმა ქალმა – სიყვარულის ნიშნად...“ 17.VII.75). პაწაწინა, სიფრიფანა ფრთების ნაშთიღა შემორჩენილა, მაგრამ რაოდენ ცოცხალია, რაოდენ შთამბეჭდავია. დღიურის ეგზისტენციური არსიც ეს არის ალბათ – სიტყვა, საგანი და ემოცია.
სიტყვის კაცი იყო, ამ გამოთქმის ყველანაირი გაგებით, ფრიდონ ხალვაში. ენის სტიქიაში ცხოვრობდა. ქართულის ეტიმოლოგიურ ძირებზე იყო აღმოცენებული მისი აზროვნება, ფიქრი, მსოფლმხედველობა. მორალურ-ზნეობრივი მრწამსით პატრიარქალურ ტრადიციებს იყო მიჯაჭვული, უყვარდა სიცოცხლე და შეეძლო ეს გრძნობა სხვისთვისაც ეწილადებინა.
ჩანს, უბის წიგნაკი მისთვის სულის მოთქმა იყო. იქ პოულობდა თავისუფლების, სიმშვიდის, სიმყუდროვის თავშესაფარს. პასუხისმგებლობას გრძნობდა სინდისისა და ჭეშმარიტების წინაშე, ცდილობდა, ყოფილიყო უკომპრომისო, მიუკერძოებელი, თავისუფალი. ამას ხშირ შემთხვევაში ახერხებდა კიდეც, მაგრამ ყოველთვის ღრღნიდა ეჭვი, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ისე ვერ ეთქვა, როგორც საჭირო იყო.
ერთ-ერთ ჩანაწერში (22.12.1986) სწორედ ამ იჭვნეულობის შესახებ წერს:
„ხანდახან რაღაცას ჩემთვის ჩავიწერ ხოლმე რვეულში. ჩავიწერ და ვფიქრობ, ამას ალბათ ვიღაცა დიდი ხნის მერე წაიკითხავს. აი, იმ ვიღაც წამკითხველის რიდი გადამეღობება და შევიბორკები. დიახ, აქ, ჩემს პირად რვეულში მაინც მინდა სრულიად თავისუფალი ვიყო, მაგრამ არ გამოდის. აქაც ვერ ვარ ყველაფრისგან და ყველასგან თავისუფალი.
აქაც თან მდევს, არ მცილდება თვალი და ყური ადამიანისა. სრულიად თავისუფალი ვერა ვარ. ვერც იქნება ვერავინ სრულიად ყველაფრისგან თავისუფალი.
მაინც ვფიქრობ იმ მომავალ წამკითხველზე. რას იტყვის, როგორ გაიგებს ჩემსას-მეთქი.
გამოდის, რომ ჩემთვის დაწერილი რაღაცა მაინც ვიღაცისთვისაა გამიზნული. ყველა მწერალი ასე იყო ალბათ. თითქოს თავისთვის, მაგრამ მაინც ვიღაცისთვის წერდა. იცოდა, რომ მერე (თავად რომ აღარ იქნებოდა) ის სხვა ჩაიხედავდა მის ნაწერებში.
ამიტომ ჩანაწერი მაინც შეზღუდული მორალით და ქცევით შეეფარდებოდა დროის ნორმას, ოდნავ მომავალსაც გულისხმობდა.
ის მინდა ვთქვა, რომ მთქმელი, მწერალი სრულიად თავისუფალი ვერ და ვერ იქნება-მეთქი...“
უნდა ითქვას, რომ ეს არ არის კაბინეტში მჯდომი კაცის დღიურები. ფრიდონ ხალვაში ბევრს მოგზაურობდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ხვდებოდა მწერლებს, პოლიტიკოსებს, ხელოვნების მუშაკებს, რიგით ადამიანებს. მისი ჩანაწერები სავსეა პერსონალიებით. ჩვენ თვალწინ გაიელვებს ფრიდონის თანამედროვე ყველა ცნობილი ქართველი მწერლის სილუეტი. შთამბეჭდავია შეხვედრები დიდ ქართველ მოღვაწესთან, ახმედ მელაშვილთან სტამბოლში, ვიეტნამის პრეზიდენტთან, ჰო შიმინთან – ჰანოიში, ლუი არაგონთან, ელზა ტრიოლესთან და ჟორჟი ამადუსთან – მოსკოვში. ეფექტური შტრიხებით არის გამოკვეთილი ისეთ მწერალთა პორტრეტები, როგორებიც არიან ევგენი ევტუშენკო, ბულატ ოკუჯავა, ვლადიმირ სოლოუხინი, მიხეილ შოლოხოვი, ჩინგიზ აიტმატოვი, ნაზიმ ჰიქმეთი და სხვები.
სამი რამ არის გამოკვეთილი ფრიდონ ხალვაშის ჩანაწერებში მთავარ თემებად: ადამიანი, ზნეობა, სამშობლო.
შეხედულებებისა და შეფასებების გადმოცემისას პირდაპირი და პრინციპულია, არ იცის დანდობა და შეღავათები. კაცმა რომ თქვას, სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან ამ თვალსაზრისით დღიურები მარგინალური ჟანრია და მისი ხიბლიც სწორედ ამაშია. ზოგჯერ მეტისმეტად სუბიექტურია, უკიდურესობამდეც მიდის, მაგრამ ბოღმისა და სიძულვილისგან შორს არის. არ კარგავს მიტევებისა და შენდობის უნარს. რჩება ისეთად, როგორსაც ვიცნობდით, როგორიც იყო – თბილი, სულგრძელი, გულისხმიერი.
თვითონვე წერს: „მიყვარს. მძულს? არა, არ შემიძლია მძულდეს ვინმე, ნამდვილად არ შემიძლია, ძალიან არ შემიძლია“ (4.10.1987).
ფრიდონ ხალვაშის დღიურები ოთხ მოზრდილ წიგნაკს შეადგენს. ჩაწერა 1947 წლიდან დაუწყია. სამწუხაროდ, პირველი თექვსმეტი წლის დღიურები არ შემორჩენილა, თვითონვე გაუნადგურებია.
პირველი „რვეული“ 93-ე გვერდიდან იწყება. იქვე არის მინაწერი: „დანარჩენი ამოვხიე და დავწვი. ფ. ხალვაში“.
„სატიტულო ფურცელი“ თავისივე ხელით აქვს გაფორმებული: „ხემიდ ხალვაში, გუშინ, 1947“.
წიგნაკის პირველი ნაწილი მოიცავს 1963-1978 წლების ჩანაწერებს. მეორე ნაწილი კი 30.03.2007-დან 17.05.2010-მდე, ანუ იმ დღემდე, როდესაც მისი 85 წლის იუბილეს აღნიშვნისას, რუსთაველის თეატრში, გარდაიცვალა მუხრან