მისის კაცობრიობა მინდა, რომ შავ თმებს შენ მვარცხნიდე.
ისიც მინდა, რომ სათვალის მინებს შენი მაისურით მიწმენდდე.
კიდევ მინდა, რომ დილაობით, თოხლო კვერცხს შენი ხელით მიფცქვნიდე.
მინდა, ისევ მბანდე ფეხებს, როგორც მაშინ, მუცელი რომ მიშლიდა და მე ვერ ვიბანდი, შენ კი დამცინოდი, მერე კი ტყავის გაძრობამდე გულიანად მიხეხავდი ტანს, თითქოს ასი წლის დასაბანი ვიყავი...
მინდა, ძილის წინ ჩემს ლოგინთან ანთებულ წითელ ნათურას აქრობდე, საბანს მაფარებდე და პატარა ბავშვივით მეუბნებოდე დაიძინე ახლავე, ჩქარა თვალები დახუჭე და დაიძინე...
მე კი სარკის წინ ვდგავარ...
ერთი ძუძუ მეორეზე დიდი მაქვს (რძე დაგიშრება და ისიც დაგიპატარავდებაო).
მუცელი ხბოს პირში ნაღეჭი ქაღალდივითა მაქვს დაჭმუჭნული (დრო გავა და გაგისწორდებაო), ფეხები 22 წლის წინანდელი მდუღარე წყლის ნაკვალევითა მაქვს დახაზული (22 წლის წინაც არწმუნებდნენ დედაჩემს, გაიზრდება და გაუვლისო), შენ კი მაინც მეუბნები, მისის კაცობრიობა ხარო...
გინდა და ვარ...