***(ბოლოს და ბოლოს მეც ვისწავლი კარგად ყოფნას)
ბოლოს და ბოლოს მეც ვისწავლი კარგად ყოფნას
და იმის გარდა, რასაც მხედავ, არაფერი ვიქნები მეტი,
ანდა ისიც ძლივს ვიქნები, რასაც მხედავ.
მეც ვისწავლი სხვებზე წერას
და საკუთარ თავზე ლაპარაკს;
საკუთარ თავზეც, როგორც სხვებზე, ისე ლაპარაკს.
ასე მივუზღავ პოეზიას.
ის არ იყო ცუდი ღმერთი.
ღალატის გარდა, სხვას არაფერს ითხოვდა ჩემგან
და არაფერი დაუშლია, გარდა წერისა.
მე ვერ ვივარგე. ლექსებშიც კი არასოდეს გამომდიოდა
სისულელით შემენიღბა ჩემი სილაჩრე.
არც ახლა მყოფნის სითამამე ბოლო ლექსისთვის
და ისღა მრჩება, მეც ვისწავლო კარგად ყოფნა –
ბოლოსწინა ლექსებს დავჯერდე
და რამდენჯერაც გონივრული ცხოვრებისკენ მომიწოდებენ
ან პირიქით, ახალ ლექსებს მომკითხავენ, მოვიხსნი სახეს
და ყველას ვუჩვენებ ჩემს ნამდვილ ნიღაბს.