ნაწილი პირველი -
თავი პირველი -
I ვეღარ მოვითმინე და ჩავუჯექი ცხოვრების სარბიელზე ჩემი პირველი ნაბიჯის ამ ისტორიის აღწერას, თუმცა უამისობაც შემეძლო. ერთი რამ ვიცი დანამდვილებით; ას წლამდე რომ ვიცოცხლო, ხელმეორედ აღარასოდეს დავუბრუნდები ჩემი ავტობიოგრაფიის წერას. ზედმეტად უნდა გიყვარდეს შენი თავი, რომ საკუთარ თავზე წერდე და არ შეგრცხვეს. იმითღა ვიმართლებ თავს, რომ არ ვწერ იმისთვის, რისთვისაც წერენ ყველანი, ესე იგი, არ ვწერ იმისთვის, რომ მკითხველმა შემაქოს. თუ უცებ აზრად მომივიდა, სიტყვასიტყვით ჩამეწერა ყველაფერი, რაც თავს გადამხდა შარშანს აქეთ, ეს იმიტომ, რომ ასეთი იყო ჩემი შინაგანი მოთხოვნილება, ისე შემძრა ყოველივე განცდილ-გადატანილმა. მე ვწერ მხოლოდ ამბებს და ყველანაირად თავს ვარიდებ რაიმე გარეშეს, მეტადრე ლიტერატურულ კაზმულობას: ლიტერატორი წერს მთელი ოცდაათი წელიწადი და ბოლოს სულაც არ იცის, რისთვის წერდა ამდენ წელიწადს... მე ლიტერატორი არ გახლავართ, არც მინდა ვიყო. და ჩემი სულიერი ამბებისა და განცდათა ლამაზი აღწერის ლიტერატურულ ბაზარზე გატანასაც უზრდელობად და სულმდაბლობად მივიჩნევდი. გულისტკენით კი ვგრძნობ, მგონი, ამას მთლად ვერ მოვახერხებ და ალბათ მაინც აღვწერ განცდებსა და ფიქრებს (იქნებ უხამსსაც): ისე გამხრწნელად მოქმედებს ადამიანზე ყოველგვარი ლიტერატურული საქმიანობა, თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის წამოწყებული, ფიქრები კი იქნებ მეტისმეტად უხამსიც იყოს, რადგან ადვილი შესაძლებელია, იმას, რასაც შენ თვითონ აფასებ, სხვის თვალში არავითარი ღირებულება არ ჰქონდეს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. თუმცა, აი, ესეც წინასიტყვაობა, სხვა ამგვარი აღარაფერი იქნება. ახლა საქმეს მივხედოთ; თუმცა, არაფერია იმაზე უფრო თავსამტვრევი, ვიდრე რაიმე საქმის ან იქნებ, ყოველი საქმის წამოწყება.